რას ნიშნავს ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანში და საქართველოსთვის გვერდის ავლა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამმართველოს მუშაობის ერთი თვე და შეფასებები
საწვავის კრიზისი რუსეთში: კრემლი ბენზინის იმპორტზე გადადის
* * *
რას ნიშნავს ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანში და საქართველოსთვის გვერდის ავლა
“ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისარ მარტა კოსთან ერთად, სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვია, ერევანსა და ბაქოში ოთხ ძირითად საკითხზე გამახვილდება ყურადღება, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, თუმცა რეგიონული ვიზიტის პროგრამაში საქართველო არ არის. ევროკომისიის პრესსპიკერის პაულა პინიოს ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიზიტების ფარგლებში ოთხ პრიორიტეტულ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას. “სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა; რეგიონის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადობის გაუმჯობესება; სამხრეთ კავკასიასთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება; რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის წინაშე სომხეთის მხარდაჭერა”, - აღნიშნა პინიომ. ევროკომისიის პრეზიდენტი 1-ელ ივლისს ბაქოში ილჰამ ალიევს ხვდება, ხოლო 2 ივლისს ერევანში ნიკოლ ფაშინიანს. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, “ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება”, ხოლო კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ესაა მესიჯი ევრობლოკიდან, რომ თანამშრომლობისგან თავს იკავებენ - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რას ნიშნავს ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანში და საქართველოსთვის გვერდის ავლა.
“ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. როგორც მათმა ელჩმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, ეს მათ შორის ევროკავშირ-საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების გაუქმებას მოიცავდა. შესაბამისად, ის, რომ ფონ დერ ლაიენი სომხეთ-აზერბაიჯანში ჩადის და აქ არ ჩამოდის, ამ პოლიტიკის განხორციელებაა. ის, ფონი, რაც ზოგადად ევროსტრუქტურებში და ევროპულ დედაქალაქებშია შექმნილი - ევროპარლამენტის მიერ მიღებული ცნობილი რეზოლუციების, განცხადებების და იმ ნაბიჯების შედეგად რაც საქართველოსთან მიმართ იდგმება, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის სტრუქტურებს შორის ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას ხელს ნამდვილად არ უწყობს. ჩვენი პარლამენტარები იქ ჩასულები იყვნენ, კოლეგებს შეხვდნენ, იყო იმის მცდელობები, რომ ურთიერთობებში რაღაცნაირად პოზიტიური ძვრები დაწყებულიყო, მაგრამ ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ამ შეხვედრებმა კონკრეტული შედეგი გამოიღოს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“შეხვედრების შინაარსი არ ვიცი, თუკი დაარწმუნეს იმაში, რომ ასეთ კალაპოტში ორმხრივი ურთიერთობის გაგრძელება არც ერთ მხარეს ხელს არ აძლევს, პირიქით, ხელს უწყობს მაგალითად რუსეთს, რომლის ინტერესებშიცაა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა რაც შეიძლება გაცივდეს. ჯერჯერობით ასეთი მოცემულობა გვაქვს და ამის გამოხატულებაა ის, რომ ფონდ დერ ლაიენი და მისი დელეგაცია თბილისში არ ჩამოდიან, რაც შეეხება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივას, ახლა ვერც ისეთ პერსპექტივას დავხატავდი, რომ ყველაფერი დასრულდა და ყველაფერი ცუდადაა, მაგრამ არც რაღაც ზედმეტად ოპტიმისტურ შეფასებებს გავაკეთებ. თუმცა, ის, რომ ევროპის დედაქალაქებში ჩვენს საპარლამენტო დელეგაციებს იღებენ, უსმენენ, სავარაუდოდ რაღაც კონტაქტები არის, როგორც საჯარო, ისე არასაჯარო, იმის გარკვეულ იმედს მიტოვებს, რომ შესაძლოა ამან რაღაც გარკვეული დროის მერე პოზიტიური შედეგი გამოიღოს. დღეს გეოპოლიტიკური მოცემულობაც ისეთია, რომ საქართველოსთან ასეთ კონტაქტში ურთიერთობების გაგრძელება ისევ ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებს თუ ურტყამს მხოლოდ”, - დაასკვნის ანჯაფარიძე.
“ესაა მესიჯი ევრობლოკიდან, რომ საქართველო მატყუარა, ფარისეველი სახელმწიფოა და თავის გაცხადებულ პოზიციებს არ შეესაბამება. აზერბაიჯანი შეესაბამება, ის ევროკავშირსა და ნატოში არ მიისწრაფვის, არ აქვს პრეტენზიები, რომ მსოფლიოში საუკეთესო დემოკრატიული სახელმწიფოა და ამ მიმართულებით რაღაც წარმატებები აქვს, ის ამბობს, რომ მას აქვს თავისი ხედვები, ჩამოყალიბებული პოზიციები, არავის თავის საქმეში არ რევს და არავის საქმეში არ ერევა. ვინაიდან აზერბაიჯანი თავს ასეთად აცხადებს, მსოფლიო ისეთს იღებს, როგორიც არის. სომხეთიც ასეა, ამბობს, რომ რუსეთთან პრობლემები მაქვს, ვალდებული ვარ მქონდეს ურთიერთობა ირანთან, რადგან ჩაკეტილი ვარ. თუმცა, ნელ-ნელა ვაპირებ ევროკავშირისკენ ვიმოძრაო იმდენად, რამდენადაც მიმიღებს. სომხეთს ოქროს ფორმულირება აქვს - მზად ვართ ევროკავშირთან ვითანამშრომლოთ იმდენად, რამდენადაც ევროკავშირი იქნება მზად. სულ სხვა სიტუაციაა საქართველოში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ჩვენმა ქვეყანამ თქვა, რომ ვაღიარებ ევროკავშირის ღირებულებებს და მინდა გავხდე მისი წევრი, განცხადებაც შეიტანეს, რის საფუძველზეც მოგვცეს პირობები, რაც ვერ, ან არ შევასრულეთ. როცა უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მისცეს, საქართველოს მოქალაქეები აღშფოთდნენ, ქუჩაში გამოვიდნენ, ევროკავშირმა დაინახა, რომ ქართველი ხალხი ღირსია, თუმცა მთავრობა არა და ერთი წლის თავზე ჩვენც მოგვცეს სტატუსი. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკა სინქრონიზირებული იქნება ევროკავშირის პოლიტიკასთან. მაგალითად, გვქონდეს ურთიერთობა ჩინეთთან და ევროკავშირსაც აქვს, მაგრამ შენი პოლიტიკა ჩინეთთან სინქრონიზირებული უნდა იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან ჩინეთთან მიმართებაში”, - განაგრძობს კონფლიქტოლოგი.
“ასეთი პოზიციაა, რომ თქვენ იტყუებით და ფარისევლობთ, ამიტომ ვერ ვხედავთ ვერანაირ საფუძველს ვითანამშრომლოთ სახელმწიფოსთან, რომელიც პირველ რიგში თავის ხალხთან ტყუის და ჩვენ გვატყუებს... პერსპექტივაა ის, რომ ევროკავშირი ჩახსნის ყველა ურთიერთობებს საქართველოსთან და იტყვის, რომ თქვენ იტყუებით, ფარისევლობთ. ქრისტე დედამიწაზე ვიღაცასთან ბრძოლისთვის არ მოსულა, ერთადერთ რაღაცას ებრძოდა ის და ესენი იყვნენ ფარისევლები, ვინც ხალხს ატყუებს და ვინც ამბობს, რომ მორწმუნეები ვართ და ამ დროს არ არიან. ფარისევლებთან ბრძოლა წამყვანი ღირებულებაა ქრისტიანულ სამყაროში და ევროკავშირი ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. მატყუარაზე დიდი ბოროტება არ არსებობს, როცა გეუბნება ერთს და აკეთებს მეორეს, საქართველო ამ კატეგორიის ფარისეველია და ამას ისინი ხედავენ”, - დასძენს ზაქარეიშვილი.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამმართველოს მუშაობის ერთი თვე და შეფასებები
“სამმართველომ მუშაობა 1-ელ ივნისს დაიწყო. საჯარო სივრცეში გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები, მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შსს-ს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს” - ამბობს ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე. შსს-ს ინფორმაციით “2026 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე. სასამართლოების მიერ 150 საქმიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში, სახდელის სახით, გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო 2 შემთხვევაში - სიტყვიერი შენიშვნა”. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები შემცირდა და სამმართველოს შექმნამ იმოქმედა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ სამმართველოს შექმნის შემდეგ, სიძულვილის ენის გამოყენება არ შემცირებულა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამმართველოს მუშაობის ერთი თვე და შეფასებები.
“მამუკა მდინარიძის თქმით, “აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები მთავარ არგუმენტად იყენებენ იმას, რომ შეურაცხყოფის ობიექტებს არ აქვთ პრეტენზია, თავად კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მათთვის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება... საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების მანძილზე, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფას და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიასაშუალებებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა. ამ ხალხს, გარე დავალების შესაბამისად, მიზნად ჰქონდა დასახული გინების ნორმად დაწესება”, - ამბობს მდინარაძე, რომლის თქმით, “შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ შს სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ზომები მათთვის მიუღებელია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გარდა ამისა, მდინარაძის თქმით, ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, ხოლო მასზე რეაგირება შს სამინისტროს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად. “სიძულვილის ენით საუბარზე და საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე რეაგირება არ არის დამოკიდებული კონკრეტული პირის საჩივარზე ან პოზიციაზე - ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანის საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, ხოლო მასზე რეაგირება შს სამინისტროს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად. ეს მიდგომა ემსახურება საჯარო ინტერესს, რომელიც ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული პირის სუბიექტური აღქმა... სწორედ ამიტომ, შს სამინისტროს შესაბამისი სამმართველო კიდევ უფრო აქტიურად მიიღებს პრევენციულ ზომებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას საჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფის, გინების და ბულინგის ფაქტები”, - განმარტავს მდინარაძე და თვლის, რომ “ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და ამ ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს”, - დასძენს გამოცემა.
“პირადი გამოცდილებიდან ვხედავ სოციალურ ქსელებში, რომ იმოქმედა, რადგან ადამიანები, რომლებიც წამდაუწუმ იგინებოდნენ, იფურთხებოდნენ და ადამიანებს შეურაცხყოფებს აყენებდნენ, გაჩუმდნენ. “შიში შეიქმს სიყვარულსაო” - ამბობდა დიდი რუსთაველი. ამართლებს ეს და ასეც უნდა გაგრძელდეს, რადგან ის, რაც ჩვენს სოციალურ ქსელებში ხდებოდა, ეს ყოვლად წარმოუდგენელი იყო. ეს იყო ადამიანების აბუჩად აგდება, სიძულვილი და ადამიანების ცოცხლად დამარხვა”, - დაასკვნის ედიშერ გვენეტაძე. “განსაკუთრებით უფრო იზღუდება იმ ადამიანების აზრი, ვინც ხელისუფლებისადმი ოპოზიციურადაა განწყობილი. ფორმალურად მოხვდა რამდენიმე იმ ადამიანის დანაშაულის დაფიქსირება, ვინც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე დაწერა რაღაც კომენტარი. იმის ჩვენება უნდათ, რომ ვიკვლევთ ობიუექტურად. მოქალაქეებზე ზეწოლა გაძლიერდება, შეიძლება ყველაფერი ჩათვალონ სიძულვილის ენად. რასაც ვუყურებ მსგავსი ფაქტები არ შემცირებულა, ისევ იგივე მოცულობის სიძულვილის ენაა გამოყენებული”, - ამტკიცებს ნიკა ჩიტაძე.
საწვავის კრიზისი რუსეთში: კრემლი ბენზინის იმპორტზე გადადის
“რუსეთის თერთმეტივე სასაათო სარტყელში საწვავის რეკორდული ფასები და გრძელი რიგებია - უკრაინულმა დრონებმა კრემლის ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიას სერიოზული დარტყმა მიაყენეს. დეფიციტის დასაფარად მოსკოვმა საგანგებო გეგმა აამუშავა. რუსეთმა ინდოეთიდან ბენზინის საზღვაო იმპორტი დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას სექტორის ორ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა “როიტერსი” ავრცელებს. დეფიციტს თან ახლავს ლიმიტების დაწესება, გრძელი რიგები ავტოგასამართ სადგურებზე და ბენზინის ფასის რეკორდული ზრდა. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროსა და ინდოეთის ნავთობის სამინისტროში კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ. ერთი წყაროს ცნობით ინდოეთიდან რუსეთის მიმართულებით სულ მცირე 60,000 ტონა ბენზინი უკვე გაიგზავნა. მეორე წყარო კი აზუსტებს, რომ ორი ტანკერი, რომელთაგან თითოეული 30,000-დან 40,000 ტონამდე საწვავით არის დატვირთული, გზაშია. მესამე წყაროს ინფორმაციით, რუსეთი სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველთვიურად, ჯამში, 400,000 ტონა ბენზინის იმპორტს გეგმავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საწვავის კრიზისი რუსეთში: კრემლი ბენზინის იმპორტზე გადადის.
“მათ შორისაა მეზობელი ბელარუსიც, რომელმაც რუსეთისთვის საწვავის მიწოდება უკვე დაიწყო. ზაფხულის სეზონზე, როდესაც საწვავზე მოთხოვნა პიკს აღწევს, რუსეთში ბენზინის მოხმარება დღეში სულ მცირე 110,000 ტონას შეადგენს. ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, თუ რომელი ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მიაწვდის რუსეთს ბენზინს. კვირას, მთავრობის წევრებთან და ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმებმა გარკვეულ რეგიონებში საწვავის დეფიციტი გამოიწვია, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ პრობლემას უმკლავდება. “როიტერსის” გამოთვლებითა და წყაროებზე დაყრდნობით, ბელარუსმა ივნისის პირველ ნახევარში, მაისის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთისთვის ბენზინის სარკინიგზო მიწოდება თითქმის გაასამმაგა და 70,000 ტონაზე მეტს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას რუსეთის პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რაც მიზნად უკრაინული დრონების თავდასხმებით გამოწვეული საწვავის დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამავდროულად, კანონმდებლობა ითვალისწინებს სუბსიდიებს საწვავის იმპორტზე, რომელიც ინდოეთიდან ტრანსპორტირების ხარჯებსა და ფასებზე იქნება მიბმული. ივნისში ინდოეთის მიერ რუსული ნედლი ნავთობის იმპორტმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, რადგან ადგილობრივმა გადამამუშავებლებმა მასობრივად დაიწყეს რუსული ნავთობის შესყიდვა, რათა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო სხვა წყაროებიდან მიწოდების შეფერხების ეფექტი შეემსუბუქებინათ. ივნისში რუსულ ნავთობზე ინდოეთის მთლიანი იმპორტის ნახევარზე მეტი მოდიოდა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა მაისის მაჩვენებელთან (36.5%) შედარებით. წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ინდოეთმა, რომელიც ნავთობის მესამე უმსხვილესი იმპორტიორია მსოფლიოში, ივნისში რუსეთიდან დღეში დაახლოებით 2.70 მილიონი ბარელი ნავთობი მიიღო”, - დასძენს გამოცემა.