საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი პირადად მონაწილეობდა პრესტურში, რომელიც ორგანიზებული იყო „ყაზმუნაიგაზისა“ და „ყაზტრანსოილის“ მიერ. ტურში ასევე მონაწილეობდა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ანუარ რახიმჟანი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ღონისძიების მნიშვნელობას ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის.
მედიატურის დაწყებისას, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო პორტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, კერძოდ კი ქალაქ ბათუმის, ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. დღეს აქ 1 200-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და საწარმო გამოირჩევა თავისი სტაბილურობით: „ბევრი ადგილობრივი მცხოვრები აქ ოჯახებით მუშაობს და პროფესიულ დინასტიებს აგრძელებს“.

მედიის წარმომადგენლებს ბათუმის ნავთობტერმინალის გენერალურმა დირექტორმა მარლენ ტულეგენოვმა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა ულან ტლეუგალმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის თაობაზე, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგური უზრუნველყოფს კავშირს კასპიის რეგიონს, ცენტრალური აზიის ქვეყნებს, შავი ზღვის აუზსა და ევროპულ ბაზრებს შორის. ეს კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის („შუა დერეფანი“) განვითარებაში.
ბათუმის ნავთობტერმინალის გენერალურმა დირექტორმა მარლენ ტულეგენოვმა აღნიშნა, რომ 2026 წლის იანვარ-მაისში ტერმინალის გავლით 619 ათასი ტონა თხევადი ტვირთი გადაიზიდა, საწარმო კი აგრძელებს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას აზიასა და ევროპას შორის გადაზიდვების ეფექტიანობის გასაზრდელად.

„თანამედროვე უნივერსალური ინფრასტრუქტურის წყალობით, ნავსადგური განკარგავს 11 ნავმისადგომსა და უნავმისადგომო ჩამომსხმელ ტერმინალს, რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად მოემსახუროს სხვადასხვა კატეგორიის ტვირთს – ნავთობპროდუქტებიდან და კონტეინერებიდან დაწყებული, გენერალური და მშრალი ტვირთებით დასრულებული“, - აღნიშნა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა ულან ტლეუგალმა.
როგორც მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღინიშნა, ტვირთბრუნვის ზრდა გეგმაზე მაღალია - 2026 წლის პირველი ხუთი თვის შედეგებით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გავლით 3.4 მლნ ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც დაგეგმილი მოცულობის 111%-ს შეადგენს. ნავსადგურის საწარმოო სიმძლავრეები მოიცავს 11 პორტალურ ამწესა და №7 ნავმისადგომზე კარბამიდის გადასატვირთად სპეციალიზებულ ამწეს.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ენერგომენეჯმენტის თანამედროვე სისტემების დანერგვის წყალობით, ნავსადგურმა დაადასტურა შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტთან „Eco Port“ („მწვანე პორტი“).
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ დღეს მნიშვნელოვანია ნავსადგურის მაქსიმალური დატვირთვის უზრუნველყოფა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რაც საწარმოში სრულად არის გარანტირებული. მათივე თქმით, საქართველოს მაცხოვრებლებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სამუშაო ადგილია, სადაც არსებობს პროფესიული ზრდისა და სტაბილური მომავლის შესაძლებლობა.

„სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ბათუმის საზღვაო ნავსადგურს როგორც ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყაზახეთის მხარის როლი ამ ყველაფერში, რადგან სწორედ ყაზახეთმა შეიტანა უდიდესი წვლილი ამ ობიექტის განვითარებაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ნავსადგურის მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირება. რაც შეეხება ადგილზე არსებულ სამუშაო პირობებს, როგორც საწარმოს თანამშრომელმა, შემიძლია აღვნიშნო, რომ აქ სრულად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები და შექმნილია სტაბილური, ღირსეული გარემო“, - აღნიშნა ცვლის ტექნიკოსმა რეზო კიღურაძემ.
ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მუზეუმი მოენახულებინათ, სადაც წარმოდგენილია უნიკალური ფოტოექსპოზიცია, რომელიც ქალაქის განვითარების ეტაპებსა და ნავსადგურის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს.

რაც შეეხება უშუალოდ ბათუმის ნავთობტერმინალს, ჟურნალისტებთან საუბრისას აღინიშნა, რომ ეს ერთადერთი სპეციალიზებული ტერმინალია კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე თხევადი ნახშირწყალბადოვანი გაზის გადასატვირთად და რეგიონული ენერგეტიკული ლოჯისტიკის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს.
როგორც ბათუმის ნავთობტერმინალის შრომის უსაფრთხოების, სამრეწველო უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი, გარემოსდაცვითი მმართველი კახა კუჭმანიძე აღნიშნავს, ბათუმის ნავთობტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში 11 მლნ ტონა ნავთობს, ნავთობპროდუქტებსა და თხევად ნახშირწყალბადოვან გაზს შეადგენს. 81 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსებულია 132 რეზერვუარი, რომელთა საერთო ტევადობა თითქმის 586 ათასი კუბური მეტრია.

„სარეზერვუარო პარკის სასარგებლო ტონაჟი 422 ათას ტონას აღემატება. ტერმინალს შეუძლია 100 ათას ტონამდე ტვირთამწეობის ტანკერების მიღება, რაც უზრუნველყოფს კასპიის რეგიონის ტვირთნაკადების პირდაპირ ინტეგრაციას საერთაშორისო ბაზრებთან შავი ზღვის გავლით. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნახევარ მილიონზე მეტი ტონის სხვადასხვა ტიპის ნავთობპროდუქტი - როგორც ნათელი, ისე მუქი. ჩვენ ასევე გაგვაჩნია გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების მიღების სადგური, სადაც ხდება შესაბამისი ტვირთების მიღება. ტერმინალის ძირითადი საქმიანობა არის გემების მიღება, ტვირთის დასაწყობება და მიწოდება ბათუმის პორტის ნავმისადგომებისა და უნავმისადგომო ჩამომსხმელი ტერმინალის საშუალებებით“, - აღნიშნა კახა კუჭმანიძემ.
მისივე თქმით, ბათუმის ნავთობტერმინალს გააჩნია 2 აკრედიტებული ლაბორატორია, რომლებიც თანამედროვე ხელსაწყოებითაა აღჭურვილი და ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლს უმაღლესი სტანდარტით უზრუნველყოფს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება შრომისა და საწარმოო უსაფრთხოებაზე.

„გაგვაჩნია 2 აკრედიტებული ლაბორატორია - ერთი ნავთობისა და გაზის, მეორე კი ეკოლოგიური მონიტორინგის ლაბორატორია. გულდასმით მოწმდება ყველა ნავთობპროდუქტის ხარისხი. ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე ხელსაწყოებით, მათ შორის უახლესი, ამერიკული წარმოების აპარატურით, რაც უზრუნველყოფს მიღებული შედეგის სიზუსტეს. ამასთან, სახიფათო ნარჩენების უტილიზაცია ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სპეციალიზებული ოპერატორების მეშვეობით. ნარჩენების ნაწილის დახარისხება და დროებითი შენახვა ხდება სპეციალურად აღჭურვილ საცავში. გვყავს საკუთარი სახანძრო სამსახურიც, რომელიც წარმოდგენილია 57 მეხანძრე-მაშველით. დიდი ყურადღება მახვილდება შრომისა და საწარმოო უსაფრთხოებაზე, მის მონიტორინგზე“, - აღნიშნა კახა კუჭმანიძემ.

მედიატურის დასასრულს აღინიშნა, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ბათუმის ნავთობტერმინალი განაგრძობენ განვითარებას, ახდენენ ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და ნერგავენ ახალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რაც ზრდის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
ეს კომპანიები საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებლები და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელები არიან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ეს არის თანამედროვე, ეკონომიკურად მდგრადი საწარმოები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონის განვითარებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის საზღვაო პორტის საქმიანობა ხელს უწყობს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას და წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სატრანსპორტო-ლოჯისტიკური და საქმიანი კავშირების განვითარებაში.
(R)