დიქტატურამ ჩაიდინა მორიგი დანაშაული. საშუალება მისცა FSB-ს დაეყენებინა სახის ამომცნობი კამერები თბილისის ცენტრში, რომლებიც პირდაპირ აწვდიან ლუბიანკაზე ჩვენს პერსონალურ მონაცემებს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომლის შინაარსსაც მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მისი თქმით, თავად უარს ამბობს მსხვერპლად ყოფნაზე და დანარჩენებსაც მოუწოდებს, „შეწყვიტონ მსხვერპლად ყოფნა“.
„დიქტატურამ ჩაიდინა მორიგი დანაშაული. საშუალება მისცა FSB-ს დაეყენებინა სახის ამომცნობი კამერები თბილისის ცენტრში, რომლებიც პირდაპირ აწვდიან ლუბიანკაზე ჩვენს პერსონალური მონაცემებს.
ამავე დროს ივანიშვილმა მოსპო არმია, დაგვაკარგვინა ყველა მეგობარი, ეკონომიკა მთლიანად ჩამოკიდა რუსეთს და გაგვამზადა რუსეთისთვის ჩასაბარებლად. როგორც კი რუსები შემოვლენ, ისინი დაიჭერენ ყველა პროტესტანტს, რომელთა დაჭერასაც ივანიშვილმა ვერ მოასწრო. ჩამოივლიან კარდაკარ, წინასწარ მოპოვებული პერსონალური მონაცემების მიხედვით, დააყენებენ სისხლის გუბეებს. ეს მოხდება ძალიან მალე, თუ სასწრაფოდ ესენი არ მოვიშორეთ.
ბევრი მეკითხება, როგორ უნდა მოვიშოროთ? მაშინ როცა გვაჯარიმებენ, სამსახურებს გვაკარგვინებენ, ქუჩაში გვცემენ, ე.წ. პარლამენტში გვცემენ, პოლიციაში გვაწამებენ, ციხეში ჯანმრთელობას გვინგრევენ და შემდეგ კლინიკაში დიდხანს არ გადავყავართ, რომ გადავყავართ იქაც დაგვცინიან, ციხეში გვსვამენ.
უნდა მივხვდეთ თუ რისთვის ხდება ეს ყველაფერი. ეს არის ერთი მთლიანი საინფორმაციო ნაკადი, რომელიც შექმნილია შიშის დასანერგად და რომელიც კვებავს და აძლიერებს სასტიკ დიქტატორს.
მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც შეწყვიტოთ მსხვერპლად ყოფნა. ნუ ვახარებთ მათ სადისტურ ნატურას, ნუ ვაჩაგვრინებთ თავს. პირიქით! ყოველდღე უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, აბა დღეს რა გავაკეთე საქართველოს გადასარჩენად. აბა დღეს მე რა ვატკინე ამ ქვეყნის დამაქცევარ დიქტატურას.
ეს ტკივილი შეიძლება ყველამ სხვადასხვანაირად მივაყენოთ შესაძლებლობების მიხედვით. მე მიუხედავად მათი მცდელობებისა, მთელი ეს წლები უარს ვამბობდი, რომ გავტყდე. ვაქტიურობ, მაქვს მიმოწერა მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოსებთან, ვაქვეყნებ სტატიებს დასავლეთის პრესაში, სადაც ვამხელ დიქტატურას.
ვიღაც მრავალრიცხოვან ან მცირე პროტესტში მიიღებს მონაწილეობას, ვიღაც კორუფციას გამოიტანს სააშკარაოზე, ვიღაც ოპოზიციას და აქტივისტს დააფინანსებს, ვიღაც კრიტიკულ „პოსტს“ დაწერს და ვიღაც სხვას არ შეეშინდება ამ „პოსტის“ გაზიარება ან „დალაიქება“, ვიღაც მეზობლებს დაელაპარაკება, ვიღაც უკანონო ბრძანების შესრულებაზე იტყვის უარს.
ყველაფერი ეს არის დიქტატურის ბინძური სხეულისთვის დიდი ან მცირე ჩხვლეტის მიყენება, ათასი ჩხვლეტით ჩვენ მათ წავაქცევთ“, - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-იდან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესს, მიხეილ სააკაშვილის გარდა, არცერთი სხვა ბრალდებული არ ესწრებოდა.