პროკურორი - მოწმეებისგან გავიგეთ, რომ გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია უშუალოდ ჩართულები იყვნენ მცდელობაში, გაერღვიათ პოლიციელთა კორდონი და შეეღწიათ პარლამენტში - მოწმემ ახსენა გიორგი გახარიაც, თუმცა ამ საქმეზე ის არ არის ბრალდებული

მოწმეთა ინფორმაციით, მათ შორის, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია უშუალოდ ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ მოწოდებებში, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებისკენ იყო მიმართული, არამედ მოქმედებებშიც, როგორიც იყო მცდელობა, გაერღვიათ პოლიციელთა კორდონი და შეეღწიათ პარლამენტის შენობაში - მოწმემ ახსენა, რომ გიორგი გახარია იმყოფებოდა აქციაზე და ისაუბრა მისი მოქმედებების შესახებაც , - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროცესის დასრულების შემდგომ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დღეს, ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა, ოთხივე მათგანი სამართალდამცველია, რომლებიც პროკურორის განმარტებით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით დროის შუალედში იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.

"ისინი დღეს გვესაუბრნენ საქმეზე ბრალდებული პირების მოქმედებების შესახებ, მაშინ, როდესაც აქცია იძენდა ძალადობრივ ხასიათს. მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეს, გავიგეთ ის, რომ საქმეზე ბრალდებული რამდენიმე პირი, მათ შორის, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია უშუალოდ ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ მოწოდებებში, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებისკენ იყო მიმართული, არამედ იმ მოქმედებებშიც, როგორიც იყო უშუალოდ მცდელობა გაერღვიათ პოლიციელთა კორდონი, ჯაჭვი და შეეღწიათ პარლამენტის შენობაში. გარდა აღნიშნულისა, მოწმეებმა გვითხრეს, რომ მოწოდებები პირდაპირ შეეხებოდა იმას, რომ შეღწევა მომხდარიყო პარლამენტის შენობაში, ასევე, შეურაცხმყოფელი იყო სამართალდამცავების მიმართ და მიმართული იყო იქითკენ, რომ სამართალდამცავთა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების დაპირისპირება მომხდარიყო", - განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

ასევე, პროკურორის ინფორმაციით, პროცესზე მოწმემ ახსენა ყოფილ პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია. ანი ხუბეჯაშვილის თქმით, მოწმემ ახსენა, ის, რომ გიორგი გახარია იმყოფებოდა აქციაზე და ისაუბრა მისი მოქმედებების შესახებაც.

"არ მაქვს მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი, თუმცა ამ საქმეზე გიორგი გახარია არ არის ბრალდებული,მე ვერ ვისაუბრებ მის ქმედებებზე ან მის ბრალეულობაზე. კონკრეტულად, როდესაც კონკრეტული პირის ბრალეულობაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ერთი განმარტება, არამედ მტკიცებულებათა ერთობლიობა ისეთი, როგორიც ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე თითოეულ ბრალდებულთან

მიმართებით არის წარმოდგენილი",- განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში