საქართველომ თურქეთთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო სისტემა აამოქმედა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, თურქეთის რესპუბლიკასთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა წარმატებით აამოქმედა. ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათივე თქმით, ახალი მექანიზმის ამოქმედების შედეგად, საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ გადამზიდველებს შესაძლებლობა ექნებათ, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ციფრულ ფორმატში ისარგებლონ.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, შეამცირებს ქაღალდზე დოკუმენტების დამუშავების საჭიროებას, დააჩქარებს სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და კონტროლის პროცესს და გაზრდის საერთაშორისო გადაზიდვების ეფექტიანობას.

„ციფრული სანებართვო სისტემა ორმხრივ პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა ერთიან ელექტრონულ პლატფორმას იყენებს სანებართვო დოკუმენტების გაცვლისა და აღრიცხვისთვის. ეს უზრუნველყოფს მონაცემთა სწრაფ და უსაფრთხო მიმოცვლას, ამცირებს ტექნიკურ-ადმინისტრაციულ შეფერხებებს და ქმნის უფრო გამჭვირვალე და თანამედროვე მექანიზმს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირებისთვის. ამ ეტაპზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი და სააგენტოს სამომავლო გეგმის მიხედვით, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მოქმედი სანებართვო სისტემების გადასვლა ციფრულ ფორმატზე ეტაპობრივად განხორციელდება”, - განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.

სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ECMT-ის (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვა) ელექტრონული სისტემისა და თურქეთთან ციფრული სანებართვო მექანიზმის წარმატებით ამოქმედება საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.

აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარებას, საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებას და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის, როლის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ