ადვოკატი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - ამ საქმეს „ჟესტების საქმე“ დავარქვით - მოწმეები ცრუ ინფორმაციას აჟღერებენ - ისინი ბრალდებული პირების გარდა გიორგი ქადაგიძეს, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი გახარიას ასახელებენ

მოწმეები არც ბრალდებულების მიმართ არ იძლევიან განსაკუთრებულ ჩვენებებს - ჩვენ ამ საქმეს „ჟესტების საქმე“ დავარქვით, ბრალდებულების მიმართ ისინი იძახიან, რომ მათი საუბარი არ გაუგიათ, მაგრამ აქციაზე მყოფ ადამიანებს ჟესტებით მოუწოდებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერისა და ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკა გვარამიას ადვოკატმა, ქეთი ჩომახაშვილმა, სასამართლო პროცესის წინ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული მოწმეები, ბრალდებულების გარდა ახსენებენ, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას.

ადვოკატის თქმით, გიორგი გახარია მოვლენების ეპიცენტრში, პარლამენტის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა, ამიტომ როგორც ის აცხადებს, ,,მოწმეები სასამართლოში ცრუ ინფორმაციას აჟღერებენ”.

„6-დან 1 მოწმე ამ საქმეში ბრალდებული პირების გარდა გიორგი ქადაგიძეს, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი გახარიას ასახელებს.

გახარიას კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ ვიცით, რომ გახარია მოვლენების ეპიცენტრში, პარლამენტის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა და ჩვენ, დაცვის მხარე ამაზე განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ, რომ დავადასტუროთ, რომ მოწმეები, რომლებიც სასამართლოში მოდიან, ცრუობენ და რეალურ ინფორმაციას არ გადმოსცემენ.

მოწმეები არც ბრალდებულების მიმართ არ იძლევიან განსაკუთრებულ ჩვენებებს. ჩვენ ამ საქმეს „ჟესტების საქმე“ დავარქვით. ბრალდებულების მიმართ ისინი იძახიან, რომ მათი საუბარი არ გაუგიათ, მაგრამ აქციაზე მყოფ ადამიანებს ჟესტებით მოუწოდებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ.

გიორგი ქადაგიძეს, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი გახარიას, როგორც პოლიტიკოსების გვერდით მდგომ პირებს, ისე ასახელებენ. ეს მოწმეები, რომლებიც ამ პირებს ასახელებენ სასამართლოში, დასახელებული ჰყავთ გამოძიების ეტაპზეც. პროკურორი მითითებას ცდილობს, რომ ეს პირები ამ საქმეში ბრალდებულები არ არიან“,- განაცხადა ქეთი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა