შალვა პაპუაშვილი - რაც უფრო ხშირად მაქვს კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი, ისე კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება, სად იმყოფება დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე

შთაბეჭდილება იქმნება, რომ 2022 წელს - ომის დაწყებიდან მესამე დღეს უხვად გაცემული პირობები, რომ ევროკავშირმა გეოპოლიტიკური როლი გადაიაზრა და გაფართოების სტრატეგიაზე გადაერთო, ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან დანახულია ნაჩქარევ განცხადებად - ახლა არის ან ამ პირობიდან გასვლის ან გაფართოების გზაზე ახალი პირობების წამოყენების მცდელობები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან სერბეთში განაცხადა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

პაპუაშვილის თქმით, მსგავსი გამოწვევები თითქმის ყველა კანდიდატ ქვეყანას აქვს.

პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარონ, ერთმანეთს შეეხიდონ და გვერდით დაუდგნენ.

„ეს არის თავად კანდიდატი ქვეყნების ფორმატი. ჩვენ გვსურს, რომ სხვადასხვა შეხვედრებში ბრიუსელის წარმომადგენლები მოვიწვიოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსაზრებები გავაცნოთ. ეს ფორმატი კარჩაკეტილობას და მხოლოდ ერთმანეთში საუბარს არ გულისხმობს. ფორმატი გულისხმობს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისკენ სწრაფვას და შემდეგ ამ ერთიანი პოზიციით ბრიუსელის და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურის წინაშე წარდგომას.

რაც უფრო ხშირად მაქვს კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება, სად იმყოფება დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე. შთაბეჭდილება იქმნება, რომ 2022 წელს, ომის დაწყებიდან მესამე დღეს უხვად გაცემული პირობები, რომ ევროკავშირმა საკუთარი გეოპოლიტიკური როლი გადაიაზრა და გაფართოების სტრატეგიაზე გადაერთო, ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან დანახულია როგორც ნაჩქარევი განცხადებები. ახლა არის ან ამ პირობიდან გასვლის ან გაფართოების გზაზე ახალი პირობების წამოყენების მცდელობები - ისეთი პირობების, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი რომელიმე ქვეყნისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს.

ასე რომ, არაფერია ახალი წინაღობებსა და სირთულეებში, რასაც საქართველოში ვგრძნობთ. ამ ორმა დღემ მათ შორის ეს დაადასტურა. მსგავსი გამოწვევები თითქმის ყველა კანდიდატ ქვეყანას აქვს - ხან ეს არის ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა, რომელსაც ცალკეულ ქვეყანასთან დაკავშირებით პირადი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. ხანდახან არის ბრიუსელი, რომელსაც საკუთარი დამოკიდებულებები აქვს, რომელიც არ გამომდინარეობს არც გაწევრიანების პროცედურებიდან, არც კოპენჰაგენის პრინციპებიდან, არამედ არის ახალმოგონილი დამატებითი კრიტერიუმები თუ წინაპირობები, რომელიც მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება.

ასე რომ, მნიშვნელოვანია ამ მხრივ ჩვენ ერთიანი ვიყოთ, ვინაიდან ამ ურთიერთობაში ცალ-ცალკე ჩვენ თანასწორი არა ვართ, რადგან საქმე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გვაქვს, რომლებსაც თითოეულს ვეტოს უფლება აქვს და შეუძლია ნებისმიერი წინსვლა დაბლოკოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და ინფორმაციის გაცვლა.

მაგალითად, სერბეთი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების მესამე კლასტერის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ელოდება. არსებობს ევროკომისიის რიგით მეექვსე დადებითი დასკვნა. როგორც მედიაში იწერება და ინფორმაცია გამოდის, ნიდერლანდები გახსნას ეწინააღმდეგება, იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიამ დაადასტურა, რომ სერბეთი მისი რეფორმებიდან გამომდინარე მოლაპარაკების ამ ნაწილის გახსნას იმსახურებს. ასევე ბალტიის ზოგიერთი ქვეყანა იმის გამო, რომ სერბეთს რუსეთისთვის სანქციები დაწესებული არა აქვს, მოლაპარაკების ამ ნაწილის გახსნას ბლოკავს.

გაწევრიანების პროცესი ასეთი შემთხვევებით სავსეა. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარონ, ერთმანეთს შევეხიდოთ და გვერდით გავუდგეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა