კახა კალაძე ეუთო-ს რეზოლუციაზე - პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აბსოლუტურად სიცრუესა და ცილისწამებაზე დაფუძნებულ რეზოლუციებს იღებენ - გულდასაწყვეტია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს ამ ტიპის სამარცხვინო რეზოლუციებს

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, გულდასაწყვეტია, როდესაც „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს სამარცხვინო რეზოლუციებს“.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ „ჰააგის დეკლარაციას“, რომელიც საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციასაც მოიცავს.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხდება ამ ტიპის რეზოლუციების მიღება, რომელიც აბსოლუტურად ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე არის დაფუძნებული. გულდასაწყვეტია, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს ამ ტიპის სამარცხვინო რეზოლუციებს. აღნიშნული ინსტიტუციას ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოში იწვევენ იმისთვის, რომ დააკვირდეს არჩევნებს. როდესაც იღებ ისეთ რეზოლუციას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებითაა გაჯერებული, რა არჩევნების დაკვირვებაზეა საუბარი?! როგორ უნდა მოიწვიო ასეთი ორგანიზაცია, რომ შეგიფასოს არჩევნები?! აბსოლუტურად წარმოუდგენელი და გაუგებარია.

რაც შეეხება უშუალოდ რეზოლუციის შინაარს, რა თქმა უნდა, აგენტურული ქსელის წარმომადგენლებს, არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. სხვა ქვეყნის ინტერესები აქ ვერ და არ გატარდება. პირველ რიგში, დაცული იქნება ქართველი ხალხის ინტერესი, ქართული სახელმწიფოებრიობა, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ის დრო ჩაბარდა წარსულს და ვეღარ იქნება ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა. როდესაც გამოვიდოდა ნებისმიერი უცხოელი, გააკეთებდა განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით და ამას იღებდით როგორც სრულ ჭეშმარიტებასა და 100%-იან მოცემულობას, ასე ვერ იქნება, ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის ქართველი ხალხი და ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ვინ იქნება ქვეყნის სათავეში, ვის ანდობს ქვეყნის მართვის შესაძლებლობას და არა გარე ძალები და დავალებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა. ნიკოლოზ სამხარაძის შენიშვნას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა.

აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის მიერ სხდომის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა