ლევან ლორთქიფანიძე - ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა - საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

საქართველოს ხელისუფლების სათავეში ვინც არ უნდა ყოფილიყო, ძლიერი თუ სუსტი ლიდერი, ყველა ახერხებდა იმას, რომ პოლიტიკური გეოგრაფიის წყალობით საქართველო ყოფილიყო ჩვენს რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ დღეს საქართველო აღარ არის მნიშვნელოვანი ქვეყანა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა, ლევან ლორთქიფანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან ძალიან ახლოს, თურქეთში ჩატარებულ ნატო-ს სამიტზე ოფიციალური თბილისის არ მიწვევა ისეთ საკითხზე მსჯელობისას, როგორიც არის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არ აღიქვამენ ისეთ ქვეყნად, რომლისთვისაც აზრის კითხვა და რომელთან ერთადაც რამეს დაგეგმვა შეიძლება.

„საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფია, ისეთი ქვეყანა ვართ, რომ გვაქვს უნიკალური პოლიტიკური გეოგრაფია და ამ პოლიტიკურ გეოგრაფიას სჭირდება გამოყენება. საქართველოს ხელისუფლების სათავეში ვინც არ უნდა ყოფილიყო, ძლიერი თუ სუსტი ლიდერი, ახერხებდა იმას, რომ ამ პოლიტიკური გეოგრაფიის წყალობით საქართველო ყოფილიყო ჩვენს რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ დღეს საქართველო აღარ არის მნიშვნელოვანი ქვეყანა, იმიტომ, რომ იზოლაციაშია, იმიტომ რომ არავინ მათ არ ენდობა, იმიტომ, რომ არავის არ ელაპარაკებიან, არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ არა მხოლოდ დასავლელი ლიდერების მიმართ, არამედ სხვა ქვეყნების მიმართაც. „ქართულმა ოცნებამ“ ეს უნიკალური მოვლენა მოახდინა, უნდა მოახერხო ეს, ყურზე ფეხის დაბიჯებასავითაა, რომ კავკასიის რეგიონში იყო, მნიშვნელობას კარგავდე და ბაქო და ერევანი გედავებოდნენ რეგიონში გადამწყვეტი როლის თამაშს. ნატო-სკენ სწრაფვას თავი რომ დაანებეს, ეს გასაგებია, ეს ცალკე ტრაგედიაა, მაგრამ აქ ყურის ძირში, ძალიან ახლოს საქართველოსთან იმართება ნატო-ს სამიტი, მსჯელობენ ჩვენს რეგიონზე, მსჯელობენ შავ ზღვაზე და არც გეძახიან, როგორც ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც შეიძლება რაღაც შეეკითხო, რომელთან ერთადაც შეიძლება რაღაც დაგეგმო. ვოლფგანგ იშინგერმა პენსიონერების შეკრება დაგეგმა ნატო-ს სამიტის პარალელურად და იქ ჩავიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული ქალბატონი, ეს აგრესიული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სახე საქართველოში. ვართ გამოთიშულები, იზოლირებული და რეგიონში ჩვენს მნიშვნელობას ვკარგავთ და თუ დავკარგავთ ამ მნიშვნელობას რეგიონში, მერე უკან დაგვრჩება ყველაფერი, იმიტომ, რომ ურთულეს რეგიონში, ყველას ძალიან ბევრი ინტერესი აქვს ამ სივრცეში და თუ მაგრად არ იდექი, შენი ეს პოლიტიკური გეოგრაფია არ გამოიყენე, კავშირები არ გაქვს, თუ არ გენდობიან, მაშინ კარგავ ყველანაირ გავლენას და კარგავ განვითარების პერსპექტივას. ის შუა დერეფანიც უკან დაგვრჩება, ის დაკავშირებადობაც უკან დაგვრჩება თუ ასე ვიქნებით „ოფსაიდის“ მდგომარეობაში. VAR-იც არ გვჭირდება იმის შესამოწმებლად, არის თუ არა საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ვართ თამაშგარე მდგომარეობაში ყველას მხრიდან, რუსეთთანაც თამაშგარე მდგომარეობაში ვართ, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი ინსტიტუციური კავშირები მათთან არ აქვს, დასავლეთთან ეს ინსტიტუციური კავშირები ჩაწყდა და უზბეკეთის პრეზიდენტი თუ ჩამოვა ძალიან კარგია, მაგრამ რაიმე კავშირისა და რაიმე ერთობის წევრობას არ ნიშნავს.

მულტივექტორულ პოლიტიკას სჭირდება, რომ შენ იყო სახელმწიფო, შენს სიტყვას აფასებდნენ და ყველა ვექტორის მხრიდან განიხილებოდა სერიოზულ ძალად. მითხარით, რომელი ლიდერი განიხილავს საქართველოს სერიოზულ მოთამაშედ? ევროკავშირის რომელიმე სამიტზე ყურადღებას აქცევენ ჩვენს ქვეყანას? ან ირანში რომ ჩავიდა ჩვენი პრეზიდენტი, მისი ეს ვიზიტი რომელიმე მხარემ გამოიყენა რამისთვის? არაფერს არ წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი და ვერც ვერავინ ვერ გამოიყენებდა. თორემ დარწმუნებული ვარ, რომ ფაშინიანის ვიზიტი დასავლეთმაც და შესაძლოა რუსეთმაც ამ დასაფლავებაზე ჩასვლით გამოიყენეს ზოგიერთი საკითხის დასალაგებლად იმ ხალხს შორის, ვინც ამ დასაფლავებას დაესწრო, ასეთი მოვლენები დიპლომატიას ახსოვს, მაგრამ ყაველაშვილით რა უნდა დაალაგო, ვისთან უნდა დაალაგო? ვის უნდა დაელაპარაკო, სად უნდა გამოჩნდეს? ვერსად ვერ გამოჩნდები, თავი გვაქვს მოჭრილი საერთაშორისო ასპარეზზე“,- განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

მან ზოგადად ნატო-ს სამიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ამ სამიტმა გამოავლინა არის ის, რომ ნატო-ში ევროპული სახელმწიფოების როლი იზრდება.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგით დამთავრდა ეს სამიტი - პირველი და მთავარი შედეგი რომელიც ძალიან მკაფიოა არის ის, რომ 36-ვე სახელმწიფო დგას უკრაინის გვერდით. ძალიან ხაზგასმით თქვეს ეს როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ისე ნატო-ს წევრი ყველაზე პატარა ქვეყნების წარმომადგენლებმაც, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა. უკრაინის პრეზიდენტის იქ ყოფნა და პირდაპირი კომუნიკაცია ტრამპთანაც და სხვებთანაც ამაზე მიანიშნებს. მეორე და მნიშვნელოვანი რაც ამ სამიტს მოჰყვა არის ის, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნელ-ნელა ნატო უფრო ევროპული ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ნატო-ში იზრდება ევროპული სახელმწიფოების როლი, როგორც ფინანსური, ასევე გაიზრდება სამხედრო კომპონენტი და ევროპის სამხედრო მნიშვნელობა. ნელ-ნელა ევროპა სამხედრო აქტორადაც ჩამოყალიბდება და თავის სიტყვას იტყვის ამ რეგიონის უსაფრთხოებაზე. ევროპელები ყველაზე ხაზგასმით ამბობენ, რომ შავი ზღვა და მისი უსაფრთხოება ეს არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი და არავინ არ აპირებს, არც ნატო-ს წვერი თურქეთი და არც ევროპა, რომ ამ ზღვაზე ბატონობის უფლება მისცენ ისედაც ჩიხში მყოფ რუსეთს, რომელიც ამდენი ხანია თავისი სამხედრო პოლიტიკური მიზნების მიღწევას ვერ ახერხებს,“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა