მას შემდეგ, რაც გონიოში საბავშვო ბაღის შეჩერებული მშენებლობის საკითხი საჯაროდ დავაყენეთ და გონიოელების სამართლიანი პროტესტი მედიაშიც გახმოვანდა, ბათუმის მერიამ გაავრცელა განაცხადა, რომ გონიოში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება,- ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში „ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრმა, ვაჟა დარჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, სამი წელი სრულიად საკმარისი დრო იყო პრობლემის მოსაგვარებლად, ამიტომ ახლა საჭიროა კონკრეტული ვადები, დაფინანსება და რეალური სამუშაოები.
„გუშინ, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურ მდივან ირაკლი კუპრაძესთან, აჭარის ორგანიზაციის ლიდერებთან და გონიოელებთან ერთად, კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელიც “ქართული ოცნების” ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამი წელია ვერ გადაჭრა.
სამი წელია გონიო საბავშვო ბაღის გარეშეა. სამი წელია ბავშვები და მათი მშობლები ელოდებიან დაპირების შესრულებას. ამ ხნის განმავლობაში შენობა გაპარტახდა, ტერიტორია ანტისანიტარიის კერად იქცა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლა. ამასობაში, დაიხარჯა ასობით ათასი ლარი რეაბილიტაციაზე და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ნაგებობა შეკეთებას აღარ ექვემდებარება და დასანგრევია.
სწორედ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი საჯაროდ კიდევ ერთხელ დავაყენეთ და გონიოელების სამართლიანი პროტესტი მედიაშიც გახმიანდა, ბათუმის მერიამ გაავრცელა განაცხადა, რომ გონიოში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.
ძალიან კარგი, თუ ეს განცხადება რეალურ საქმედ გადაიქცევა. ჩვენი მოთხოვნაც ყოველთვის სწორედ ეს იყო. მაგრამ ხელისუფლებას შევახსენებ, რომ სამი წელი სრულიად საკმარისი დრო იყო ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამიტომ ახლა აღარ გვჭირდება ახალი დაპირებები, გვჭირდება კონკრეტული ვადები, დაფინანსება და რეალური სამუშაოები.
როგორც ბათუმის საკრებულოს წევრი, 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას მოვითხოვ, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოიყოს თანხა, მკაფიოდ გაიწეროს პროექტის შესრულებისა და შენობის ექსპლუატაციის ვადები. ამ საკითხს ყოველდღიურ კონტროლზე ავიყვან და არ დავუშვებ, რომ გონიოს ბაღიც ხელისუფლების კიდევ ერთ შეუსრულებელ დაპირებად დარჩეს.
მე გონიოელებს ერთ რამეს ვპირდები: ამ თემას ბოლომდე მივყვები. თუ ხელისუფლება დაპირებას შეასრულებს, ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან მთავარი ბავშვების ინტერესია. მაგრამ თუ კიდევ ერთხელ მოატყუებენ მოსახლეობას, თითოეულ შეუსრულებელ ვალდებულებაზე მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.
ველოდები, რომ მომავალი წლის ბოლოს გონიოელ ბავშვებს საბავშვო ბაღი მართლაც ექნებათ. სამი დაკარგული წლის შემდეგ, მათ მორიგი დაპირება კი არა, რეალური შედეგი ეკუთვნით”,- აცხადებს ვაჟა დარჩია.