უტა ბერიას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ცრემლსადენი გაზის” მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში Concorso Cineasti del Presente შედგება.
ახალი ფილმი სამი ქვეყნის - საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმის პროდიუსერი ქართული კომპანია „1991 ფროდაქშენსი“ არის, რომელსაც ფრანგული „Tripode Productions” და გერმანული “70 Steps” შეუერთდა.
„ცრემლსადენი გაზი” უტა ბერიას მეორე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომლის სცენარის ავტორი თავად არის და რომლის იდეაც 2019 წლის 20 ივნისს აქციაზე ყოფნის დროს დაებადა.
ფილმში მთავარი როლის შემსრულებლები არიან მზია არაბული, ტაისია ერაძე, კატო კალატოზიშვილი, გაგა შიშინაშვილი და ბორის ანდრონიკაშვილი.
„16 წლის ელენე, მამასთან და ბებიასთან ერთად დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ელენეს მშობლები გაშორებულები არიან. თბილისში გადაცხოვრებულ დედასთან ელენეს ურთიერთობა არ აქვს, რადგან ოჯახის მიტოვებას ვერ პატიობს მას.
ბებია ფიქრობს რომ ელენე თვითდესტრუქციისკენ არის მიდრეკილი, დარწმუნებულია რომ მოზარდისთვის დედის ნახვა და მასთან ურთიერთობის აღდგენა სასარგებლო იქნება, ამიტომ გადაწყვეტს შეუერთდნენ მეზობლებს, რომლებიც თბილისში საპროტესტო აქციაზე მიდიან და იქ ფარულად შეახვედროს დედა-შვილი ერთმანეთს.
აქცია რომელზეც ელენე, ბებია და მისი მეზობლები აღმოჩნდებიან აერთიანებს საქართველოს უახლესი ისტორიიდან სხვადასხვა სამოქალაქო დემონსტრაციების დროს განვითარებულ რეალურ მოვლენებს.
ელენეს სპეცრაზმელი მამა, თანამშრომლებთან ერთად, აქციაზეა მობილიზებული და არ იცის რომ დემონსტრანტებს შორის, რომელთა დარბევის ბრძანებასაც ელოდება, არიან მისი ოჯახის წევრებიც”, - ვკითხულობთ ფილმის სინოფსისში.
რაც შეეხება უტა ბერიას სხვა ნამუშევრებს, მისი სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ნამუშევარია “უარყოფითი რიცხვები“. მისი ჩვენება რომის დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალზე (2019) შედგა. ფილმს მოპოვებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის ევროკავშირის პრიზი “ადამიანთა უფლებელი კინოში”, რომელიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2019 წელს გადაეცა.