გიორგი ბუტიკაშვილი - სომხეთმა ჩაანაცვლა საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზე და ქვეყანა ამის ფონზე ნელ-ნელა კვდება და ფერმკრთალდება - „ქართული ოცნების“ ამოცანა რუსეთთან ერთად არის ის, რომ ვიქცეთ ნაცრისფერ ზონად, ვისთანაც არ თანამშრომლობენ

საქართველომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე დაკარგა ყველაფერი - სომხეთმა ჩაანაცვლა საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზე და ქვეყანა ამის ფონზე ნელ-ნელა კვდება და ფერმკრთალდება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, ნატოს სამიტზე არ მიწვევა არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო დიდ გეოპოლიტიკურ სურათშიც აღარ არის რელევანტური.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ დემონსტრირებულად ცდილობს, რომ ავტოკრატია დაამყაროს და პარტნიორებთან ყველანაირი ურთიერთობა გააფუჭოს.

„საქართველომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე დაკარგა ყველაფერი, რაც მას ჰქონდა და დაკარგავს, თუ ის რჩება ხელისუფლებაში. ეს ფაქტია და ამ ფაქტის გააზრება სჭირდება ყველა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელს. ნატოს სამიტზე არ მიწვევა არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო დიდ გეოპოლიტიკურ სურათშიც აღარ არის რელევანტური. საქართველო ვეღარ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ნატოს ასპირანტი სახელმწიფო. „ქართულმა ოცნებამ“ გაიმართლა თავი და იცრუა, როცა თქვა, რომ იქ მხოლოდ წევრი სახელმწიფოები იყვნენ შეკრებილი. ამ სამიტზე იყვნენ ისეთი სახელმწიფოებიც, რომელთანაც პარტნიორობენ, თანამშრომლობენ ან ახლა იწყებენ თანამშრომლობას.

გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა მოიტანა ის, რომ რეგიონში სომხეთი გამოიკვეთა ერთადერთ წამყვან ლიდერად, სადაც არის დემოკრატია და ვისთანაც ურთიერთობები ნატოსთვისაც, ევროკავშირისთვისაც და ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანია. სომხეთმა ჩაანაცვლა საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზე და საქართველო ამის ფონზე ნელ-ნელა კვდება და ფერმკრთალდება. „ქართული ოცნების“ ამოცანა რუსეთთან ერთად არის ის, რომ საქართველო იქცეს ნაცრისფერ ზონად, ვისთანაც არ თანამშრომლობენ“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

გიორგი ბუტიკაშვილი საქართველოს შესახებ ეუთოს მიერ მიღებულ რეზოლუციასა და დეკლარაციას და მასზე „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებსაც გამოეხმაურა.

ბუტიკაშვილის შეფასებით, ეს არის „ქართული ოცნების“ საბოლოო მარცხი საგარეო ველზე, ვინაიდან ეუთო იყო ერთადერთი ორგანო, სადაც მათ ჰქონდათ საშუალება ურთიერთობები დაელაგებინათ.

„იყო დეკლარაცია და იყო რეზოლუცია, ორივე არის ჰარმონიულად შერწყმული ერთმანეთთან, ორივე იმეორებს მსგავსს ტექსტს, რაც ეუთომ მიიღო დეკლარაციის სახით, იგივე მეორდება რეზოლუციაშიც. სადაც ჯო უილსონი უშუალოდ არ იყო ჩართული, ის დეკლარაციაც მიღებულია და ისიც იმავეს იმეორებს და ცალსახად ტყუილია ის, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, უბრალოდ ის ძალიან გაბრაზებულია, ვინაიდან ეუთო იყო ერთადერთი ორგანო, სადაც მათ ჰქონდათ საშუალება ურთიერთობები დაელაგებინათ. 57 სახელმწიფოში არიან ისეთი სახელმწიფოებიც, რომლებიც მთლად დემოკრატიები არ არიან და მათ იმედზე იყვნენ, რომ შეძლებდნენ ეს რეზოლუცია ან დეკლარაცია ჩაგდებულიყო. მათ ეს სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეს არის „ქართული ოცნების“ საბოლოო მარცხი საგარეო ველზე. მათ მანიპულაცია ვერ შეძლეს. მათ პოზიციას ვერ გაიზიარებს ვერავინ“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა