ლევან სანიკიძე - მაჩვენონ დემოკრატიული პარტიები, რომელიც ერთ კაცზე არ არის აგებული, რომელი პარტია გახსენდებათ, რომელიც მრავალლიდერიანია? - სააკაშვილი თუ ავტორიტარია, რატომ დანიშნა პარტიის არჩევნები, რა ლოგიკაა?

მაჩვენონ დემოკრატიული პარტიები, რომელიც ერთ კაცზე არ არის აგებული. რომელი პარტია გახსენდებათ, რომელიც მრავალლიდერიანია? არსად მინახავს „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა თავმჯდომარეობის არჩევნები, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ანალიტიკოსების შეფასებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთი ავტორიტარული პარტიაა, როგორიც „ქართული ოცნება“.

როგორც სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები პარტიის დემოკრატიულობაზე მიუთითებს.

„ვიცი, რომ ქვეყანაშია ავტორიტარიზმი, რაც შეეხება პარტიულ ავტორიტარიზმს, არ ვიცი. ამ პარტიაში რომ არჩევნებია ჩატარებული, სხვა რომელ პარტიაშია ჩატარებული? მაჩვენონ დემოკრატიული პარტიები, რომელიც ერთ კაცზე არ არის აგებული. რომელი პარტია გახსენდებათ, რომელიც მრავალლიდერიანია? არსად მინახავს „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა თავმჯდომარეობის არჩევნები. არსად მინახავს მთავარი ლიდერის და ელექტორალური წონის მატარებელი ლიდერის მიერ გამოქვეყნებულ წერილებს რეკომენდაციული ხასიათი ჰქონდეს. არ შეეძლო მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ ეთქვა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება პარტიის თავმჯდომარე. თუ ავტორიტარია რატომ დანიშნა პარტიის არჩევნები, რა ლოგიკაა? სხვა რომელი პარტიაა ჰიპერდემოკრატიული და რომელი არ არის ლიდერზე აწყობილი, გინდ ოპოზიციაში, „ქართულ ოცნებაზე“ საუბარი საერთოდ ზედმეტია“,- განაცხადა სანიკიძემ.

სანიკიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებული მოდელი - პარტიის თანათავმჯდომარეობა თინა ბოკუჩავასა და ნანუკა ჟორჟოლიანის მონაწილეობით - პარტიისთვის ოპტიმალური ვარიანტი იყო.

„პირველი შეთავაზება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, ამ პარტიისთვის ყველაზე ოპტიმალური იყო, ეს იყო თანათავმჯდომარეობა - თინა ბოკუჩავას და ნანუკა ჟორჟოლიანის. მართლა გული მწყდება, რომ ეს არ გამოვიდა. ამ ორ ადამიანს ერთმანეთისგან განსხვავებული უნარები, მაგრამ ურთიერთშემავსებელი უნარები აქვთ. ფაქტია, რომ ეს რეალობაში არ დადგა.

მიხეილ სააკაშვილს რა დამოკიდებულება და რა პრეტენზია აქვს, ეს სხვა საკითხია. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავად ჩამოაყალიბა რეფორმატორთა საბჭო. სამწუხაროდ, მესამე პრეზიდენტს არ ეძლევა ქუჩაში ყოფნის საშუალება. მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები, მიხეილ სააკაშვილი გარეთ რომ იყოს და ქართული პასპორტი ჰქონდეს, ის უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე - ციხეშია და მოქალაქე არ არის“,- განაცხადა სანიკიძემ.

კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში იქნებოდა თუ არა „რეფორმატორთა საბჭოს“ ხელმძღვანელი, სანიკიძე პასუხობს, რომ ნაკლებად წარმოუდგენია თავი ამ როლში.

„არ ვიცი. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. ნაკლებად წარმომიდგენია თავი ამ როლში. ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ. პასუხისმგებლობა კოლექტიური იქნება, უბრალოდ საკანონმდებლო მოთხოვნა თუ დაგვავალდებულებს, რომ კონკრეტულად ერთმა პირმა შეასრულოს თავმჯდომარის მოვალეობა, შესაძლებელია ერთი ან ორი იყოს გამოყოფილი იმისათვის, რომ ეს მოვალეობა შეასრულოს. ის პირი, რომელსაც თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაეკისრება იქნება ტექნიკური ხასიათის მატარებელი“,- განაცხადა სანიკიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა