თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ პროცესს არ დასწრებია ბრალდებული თორნიკე კაჭარავა, რომელიც სხვა საქმეზე უკვე იხდის მსჯავს, დავით დეკანოსიძე კი მიმალვაშია.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ, ადგილზე თათბირით, ბრალდების მხარის, მედეა ცირამუას შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორმა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გამოყენების მოტივად ბრალდებულთა მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და მათი მხრიდან დანაშაულებრივი ხასიათის საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები დაასახელა.
„[დავით დეკანოსიძე] ის თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ის არის მიმალვაში. ნასამართლევია დავით კაჭარავაც, ნარკოდანაშაულზე“, - აღნიშნა პროკურორმა სასამართლო პროცესზე.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დავით დეკანოსიძის ადვოკატმა, სასამართლოს უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიების, გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. "
„ვფიქრობ, რომ უსაფუძვლოდ აქვს ბრალი წარდგენილი... არ არსებობს დავით დეკანოსიძის მიმალვის საფრთხე. სად იმყოფება ის, არ იცის ოჯახმა, შესაბამისად, მან შეიძლება არც იცოდეს, რომ ეს ბრალდება აქვს წაყენებული“,- განაცხადა სხდომაზე დეკანოისიძის ადვოკატმა, ალექსანდრე ჩხეიძემ.
რაც შეეხება თორნიკე კაჭარავას ადვოკატის, ირმა ჭკადუას პოზიციას, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არცერთი ღინისძიება არ უნდა იქნას გამოყენებული. მისი თქმით, გირაოს არ შუამდგომლობს, რადგან კაჭარავა ისედაც იმყოფება საპატიმროში.
ამასთან, როგორც ირმა ჭკადუამ სხდომაზე განმარტა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები, რაზეც პროკურატურა მიუთითებს, საერთოდ არ არის წარმოდგენილი. მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რაც კაჭარავას ბრალს ადასტურებს. ადვოკატის მტკიცებით, ამ საქმეზე თორნიკე კაჭარავამ ჩვენება საქმეზე ნებაყოფლობით მისცა წლების წინ.
რაც შეეხება პროკურორის მიერ გაცხადებულ ინფორმაციას, რომ კაჭარავა ნარკოდანაშაულზეა ნასამართლევი, ადვოკატის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან კაჭარავა თავის დროზე სასამართომ გაამართლა.
ინფორმაციისთვის, პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა.
როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება.უწყების ინფორმაციით, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს.გამოძიების ვერსიით, 2015 წლის 25 დეკემბერს ბრალდებულები შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც გიორგი კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიღებული ჭრილობების შედეგად კვარაცხელია გარდაიცვალა.თორნიკე კაჭარავას ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა, ხოლო დავით დეკანოსიძეს - დაუსწრებლად. მასზე ძებნა გამოცხადდება. ორივეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ეხება.