საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი, რომან ცერცვაძე, საფრანგეთში, ტულუზის INP-ENSEEIHT (N7) უნივერსიტეტში სალექციო კურსს წაიკითხავს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ სადოქტორო პროგრამის სტუდენტი რომან ცერცვაძე Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან საინჟინრო უმაღლეს სასწავლებელში - ტულუზის INP-ENSEEIHT (N7)-ში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევარმა აქტიური სამეცნიერო საქმიანობა ჩაატარა საერთაშორისო აკადემიურ გარემოში, რის შედეგადაც მას მიეცა შესაძლებლობა აღნიშნულ უნივერსიტეტში სალექციო კურსი წაიკითხოს. რომან ცერცვაძე სტუდენტებს ლექციებს ფიქსირებული ოპტიკური და სატელიტური ქსელების მიმართულებით ჩაუტარებს. სალექციო კურსი თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტუალურ საკითხებს მოიცავს და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, ტულუზის INP-ENSEEIHT (N7)-ი ევროპაში ელექტროტექნიკის, ტელეკომუნიკაციების, ელექტრონიკის, ინფორმატიკისა და ჰიდრავლიკის მიმართულებით საინჟინრო განათლების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად მიიჩნევა. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, ქართველი დოქტორანტის მიერ ამ უნივერსიტეტში სალექციო კურსის წაკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მაღალ დონეს და ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დოქტორანტები საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში არა მხოლოდ კვლევით, არამედ საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევიან. რომან ცერცვაძის მიერ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საინჟინრო უმაღლეს სკოლაში სალექციო კურსის წაკითხვა მისი მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის, სამეცნიერო კომპეტენციისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი აღიარებაა.
ფიქსირებული ოპტიკური და სატელიტური ქსელები თანამედროვე ციფრული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური მიმართულებაა. დღეს, როდესაც მსოფლიო სწრაფად გადადის გიგაბიტურ კავშირგაბმულობაზე, 5G/6G ქსელების განვითარებაზე, დაბალორბიტალური სატელიტური სისტემების ინტეგრაციასა და გლობალური ინტერნეტკავშირის ახალი არქიტექტურის ფორმირებაზე, ამ სფეროში ჩატარებული კვლევები და მიღებული ცოდნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ჩვენი დოქტორანტი სწორედ ამ აქტუალურ და სტრატეგიულ მიმართულებაზე წარადგენს სალექციო კურსს საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. ეს არა მხოლოდ მისი პირადი წარმატებაა, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სკოლისა და იმ კვლევითი პოტენციალის აღიარებაც, რომელიც უნივერსიტეტში ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ჩამოყალიბდა. მსგავსი საერთაშორისო აკადემიური აქტივობები ხელს უწყობს ახალი სამეცნიერო თანამშრომლობების განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების ინიცირებას და, საბოლოოდ, ქართული საინჟინრო განათლების ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში“, - აცხადებს დეკანი.
დოქტორანტ რომან ცერცვაძის თქმით, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტულუზის INP-ENSEEIHT (N7)-ში სამთვიანი აკადემიური ვიზიტი მისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული და სამეცნიერო გამოცდილებაა. როგორც ის აღნიშნავს, საერთაშორისო კვლევით გარემოში მუშაობამ შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინა ცოდნა თანამედროვე ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ემუშავა უცხოელ მეცნიერებთან და ჩართულიყო აქტუალურ სამეცნიერო კვლევებში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობების განვითარებას და მომავალში ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას. ეს პერიოდი ჩემთვის მხოლოდ აკადემიური გაცვლა არ ყოფილა. როგორც ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემების დოქტორანტს, მომეცა შესაძლებლობა მემუშავა საერთაშორისო კვლევით გარემოში, მიმეღო ახალი ცოდნა, გადამელახა ახალი გამოწვევები და მემუშავა მრავალფეროვან პროფესიულ თანამშრომლობებში. ამავდროულად, ტულუზაში ცხოვრებამ მომცა შესაძლებლობა ახლოს გამეცნო ახალი კულტურა, გამეცნო არაჩვეულებრივი ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან და შემექმნა მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება. გულწრფელად მადლობელი ვარ ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელების, კოლეგებისა და ტულუზის INP-ENSEEIHT-ის მთელი საზოგადოების იმ მხარდაჭერის, წახალისებისა და თბილი მიღებისთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ვიგრძენი. მართალია, ეს გაცვლითი პროგრამა დასრულდა, თუმცა ეს არ არის გამომშვიდობება. მოუთმენლად ველი დაბრუნებას ახალი მოტივაციით, ახალი იდეებითა და კვლევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ განსაკუთრებული გზის ნაწილი გახდა“, - აცხადებს რომან ცერცვაძე.