ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს მოცულობის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ დღეს უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა (RRP) დაამტკიცა, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ახალი გეგმა ითვალისწინებს უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას, საიდანაც დაახლოებით 6.5 მილიარდი ევრო გრანტების, ხოლო დაახლოებით 3.5 მილიარდი ევრო სესხების სახით გაიცემა.

„აღდგენისა და მდგრადობის გეგმები (RRP) განსაზღვრავს წევრი სახელმწიფოების ეროვნული რეფორმებისა და ინვესტიციების დღის წესრიგს აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმის (RRF) კონტექსტში. ეს მექანიზმი წარმოადგენს NextGenerationEU-ის - ევროკავშირის დროებითი ფინანსური ინსტრუმენტის - ძირითად კომპონენტს, რომლის მიზანია წევრ სახელმწიფოებში მწვანე და ციფრული გარდაქმნების ხელშეწყობა და დაჩქარება, ასევე მდგრადობის, ერთიანობისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის გაძლიერება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრესრელიზი განმარტავს, რომ აღდგენისა და მდგრადობის გეგმის დამტკიცება მოჰყვა უნგრეთის მიერ ახალი გეგმის წარდგენას. უნგრეთის წინა გეგმის ძირითადი ეტაპების შესრულების შეფერხებამ მისი განხორციელება შეუძლებელი გახადა ენერგიის ფასების რყევებით გამოწვეული ხარჯების ზრდის, გეოპოლიტიკური სიტუაციის მოულოდნელი ცვლილებების, განხორციელების გაუთვალისწინებელი სირთულეების, დროის შეზღუდვით ან მოკლე ვადებით გამოწვეული შეფერხებების და სხვა გარემოებების გამო.

უნგრეთის აღდგენისა და მდგრადობის ახალ გეგმაში ასახული ზომები მიზნად ისახავს აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმის ყველა მიმართულების განხორციელების მხარდაჭერას.

„ეს ზომები უზრუნველყოფს ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვას გეგმის განხორციელებისას, გააძლიერებს უნგრეთის ანტიკორუფციულ სისტემას, გაზრდის გამჭვირვალობას საჯარო რესურსებისა და სახელმწიფო შესყიდვების გამოყენებისას და გააუმჯობესებს დაინტერესებული მხარეებისა და სოციალური პარტნიორების ჩართულობას საკანონმდებლო პროცესში. გეგმა ასევე მოიცავს უნგრეთში სასამართლო დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების ზომებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკავშირი განმარტავს, რომ ყველა ეროვნული გეგმის მსგავსად, ამ გეგმით გათვალისწინებული გადახდები შესრულებაზე იქნება დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ კომისია თითოეულ ქვეყანას თანხებს მხოლოდ მას შემდეგ გადაუხდის, რაც ისინი მიაღწევენ შეთანხმებულ ეტაპებსა და მიზნებს მათ გეგმაში შეტანილი რეფორმებისა და ინვესტიციების დასრულების მიმართულებით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის