პროკურორი - სასამართლომ შეაფასა, რომ ელისაშვილის ქმედება იყო ტერორისტული აქტის მცდელობა - ასევე, მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალდებულმა არაღიარებითა და მონანიების არქონით ვერ დაიმსახურა, რომ სასჯელი მინიმუმი ყოფილიყო

მოსამართლემ ისაუბრა სასჯელთან დაკავშირებით და განმარტა, რომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო რელევანტური მის ქმედებასთან. ასევე განმარტა ის, რომ ბრალდებულმა არცერთ ეტაპზე არ აღიარა და არ მოინანია ჩადენილი, რის გამოც ვერ დაიმსახურა ის, რომ მინიმუმი ყოფილიყო მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პროკურორის თქმით, სასამართლომ შეაფასა ის ფაქტი, რომ ელისაშვილის ქმედება ცალსახად ტერორისტული აქტის მცდელობა იყო და სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.

„მტკიცებულებათა გამოკვლევით დავადასტურეთ ის, რომ ალექსანდრე ელისაშვილს ჰქონდა ტერორისტული აქტის მცდელობა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც იყო უტყუარი და თანმიმდევრული, ისაუბრა უშუალოდ საქმეში არსებულ ვიდეო ჩანაწერზე, რომელშიც ნათლად იყო აღწერილი ბრალდებულის ყველა მოქმედება, ასევე ისაუბრა ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებზე, რომლებიც ასევე თანმიმდევრული იყო და სრულად აღადგენდა ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ჩადენილი ქმედების თითოეულ სურათს.

სასამართლომ ასევე შეაფასა ის, რომ ბრალდებულის ქმედება ცალსახად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას გააჩნდა ტერორისტული მიზანი და ამ შემთხვევაში ეს იყო სწორედ სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია, რაც ნათლად და მკაფიოდ იყო გამოკვეთილი.

მოსამართლემ ასევე ისაუბრა სასჯელთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასჯელი, რომელიც მას განესაზღვრა - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო რელევანტური მის ქმედებასთან. ასევე, მინიმუმთან დაკავშირებით ისაუბრა იმ კონტექსტში, რომ ვინაიდან ბრალდებულმა აღნიშნულ სხდომაზე მისი განმარტებით, ასევე ქცევით, ასევე არცერთ ეტაპზე ქმედების არაღიარებითა და მონანიების არქონით, ფაქტობრივად, ვერ დაიმსახურა ის, რომ მინიმუმი ყოფილიყო მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი”, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს