რა თქმა უნდა, ეს იყო პროტესტი, შეფურთხება მინდოდა ხელისუფლებისთვის! პროტესტი მახრჩობდა და ვიმოქმედე! არ გამომივიდა, იმას ვნანობ, რომ ასე იაფად დამიჭირეს, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მან სასამართლოში საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი დაკავების დროს შს მინისტრის მოადგილე, რონი მესხი ამოიცნო, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„მადლობა ჩემს ადვოკატებს, დიდი შრომისთვის და ბრძოლისთვის, ეს ციხეში პატიმრებმაც აღნიშნეს, მაგრამ ამაო შრომაა, „კედელს ცერცვი აყარეო". დღესაც კობახიძემ დამდო პატივი არიქა, გელაშვილი არ შეყოყმანდესო და ხომ იცით ალეკო ელისაშვილი ტერორისტიაო, არ მგონია შეყოყმანდეს, 72 წლის კაცი, უდანაშაულო ექიმი ციხეში ისე გაუშვა თვალი არ დაუხამხამებია და არც ჩემზე ინერვიულებს დიდად.
სიტყვისთვის არ მოვმზადებულვარ, ვიცოდი, რომ არ მათქმევინებდნენ. გადასარევი არგუმენტირებული სიტყვა ჰქონდათ.
რატომ გავაკეთე, ხალხი ალბათ კითხულობს. პარლამენტის მოქმედი წევრი ვიყავი, ყველაზე მეტი ვიდეოკამერა სადაცაა, იმის წინ, პირდაპირ ეთერში, პოლიციამ დამიჭირა, შემათრია ვაჟა სირაძის განკარგულებით, კამერების თვალწინ თავ-პირი დამალეწეს, 20 პოლიციელი წიხლით შემდგა, სახე მიმარტყმევინეს, დროშა რაზეც კეთდება იმაზე. კადრებში ჩანს ის ტიპები - ზაქრო ჩოხელია, ვინც ამოვიცანი. შსს-ს სპეციალური საგამოძიებო სამსახური წერდა, ამ კადრებში პოლიციელები რომ ჩანან, ხომ არ გეცნობათო და იმათმა, არაო. ზაქრო ჩოხელზე ეიჩარის თანამშრომელმა მიწერა, არ იძებნება ჩვენთანო. სახეზე ჩანს, დამნაშავე ჩანს, სახელს და გვარს ვამბობ, შენც არ მომიკვდე! მოქმედი დეპუტატი ვიყავი და დაკავების ოქმი შეადგინეს, ჩინური ანჯელინა ჯოლივით ვიყავი, ტუჩი დასივებული მქონდა...მერე იყო კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი პირველაშვილი, დამაკავეს, ნეკნი მომტეხეს. ხელბორკილდადებული დამაგდეს და მირტყამდნენ, სისხლჩაქცევები რატომ მქონდა, კიბეზე კი არ წავქცეულვარ. დარწმუნებული ვარ, ეს კადრები არსებობს და ნანახიც გაქვთ. რა დამავიწყებს რომ ვეგდე და მირტყამდნენ, ერთადერთი რასაც ვახერხებდი, იყო ის რომ ვაგინებდი.
მანდატურის თანამშრომლებმა რა ჩვენებები მისცეს?...რვაფეხა ვარ? არანაირი პისტოლეტი არ ამომიღია, ვინმეს მოკვლა რომ მნდომებოდა, იარაღს კარგად ვფლობ, მათი მოკვლა რომ მნდომებოდა, არავინ ცოცხალი არ დარჩებოდა.
ახალგაზრდა გოგოებს ამ შენობაში როგორ ექცეოდნენ? აფურთხებდნენ, ქალები არ არიანო, ამბობდნენ, რა თქმა უნდა, ეს იყო პროტესტი, შეფურთხება მინდოდა ხელისუფლებისთვის!
ქალაჩუნობა მაღიზიანებს, ელისაშვილმა პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინაო, გათიშულ ხალხს წიხლებს რომ ურტყამდნენ, ის ნახეთ და მერე გამამტყუნეთ. მე პოლიტიკოსად არ დავბადებულვარ, მე დავიბადე კაცად და ქართველად! ის პროტესტი მახრჩობდა და ვიმოქმედე, არ გამომივიდა, იმას ვნანობ, რომ ასე იაფად დამიჭირეს. ვიცოდი, რომ თავზე ხელს არ გადამისვამდნენ.
ის პოლიციელი ამოვიცანი - რონი მესხია ის გათახსირებული კაცი, მოადგილეს იძახდა ყველა და ვერ მივხვდი, მერე „ნოდარ მელაძის შაბათში“ ვნახე. რონი მესხი შინაგან საქმეთა მინისტრის მიადგილე შემოვიდა, ნაცემ, ნაბეგვ კაცს ძალიან ბინძური რაღაც მითხრა, ვერ გავიმეორებ, 5 იმდენი დავუბრუნე. ელისაშვილი ხარო?,- მკითხა. კი- მეთქი და საზიზღრობა მითხრა.
მშვენივრად ვგრძნობ თავს, ამ ქვეყნის წინაშე პირნათელი ვარ და ჩემს სახლში ოქროს ზოდები არ ამოუღიათ, ნახეს როგორ სახლში ვცხოვრობ. პოლიტიკაში ბევრი შეცდომა დამიშვია.
გახარიას ხალხი მინდა გავამხნეო, ძალიან ვაჟკაცები იყვნენ ქალიან-კაციანად! რატომ არ ვიყავი იქ, იმ გორდულაძეს გავაბრტყელებდი!",- განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.
აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.