პროკურორ მედეა ცირამუას განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ დადასტურებულია, რომ 2015 წელს, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობა დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ ჩაიდინეს. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა, სადაც გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს: თორნიკე კაჭარავას და დავით დეკანოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა პოზიცია აქვს მოკლული გიორგი კვარაცხელიას ოჯახის წევრების ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, 2015 წელს მომხდარი მკვლელობა ამ დრომდე არ იყო გახსნილი იმ მიზეზით, რომ მკვლელობას მფარველობდა ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე და მისი „კლანი“, პროკურორის თქმით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუკი სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება, მათ ქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
„საქმეზე წარმოდგენილია, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ დადასტურებულია საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი ქმედება“- განაცხადა მედეა ცირამუამ.
მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ფლობს თუ არა ინფორმაციას ბრალდების მხარე იმის თაობაზე, რომ გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი, დავით დეკანოსიძე, რომელიც ამ დრომდე არსებული ინფორმაციით მიმალვაშია, სომხეთში დააკავეს, თუმცა დააკავეს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.
„ცხადია, ამ ინფორმაციას ჩვენც ვფლობთ, თუმცა ცოტა ხნის წინ დასრულდა პროცესი, ცოტა ხნის წინ შეეფარდა პატიმრობა
, შესაბამისად, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა და რა თქმა უნდა, ყველა საჭირო პროცედურას მივმართავთ მისი ადგილსამყოფლის დადგენის, ჩამოყვანის, თუ დაკავების მიზნით“, - განაცხადა პროკურორმა.
ინფორმაციისთვის, პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს. გამოძიების ვერსიით, 2015 წლის 25 დეკემბერს ბრალდებულები შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც გიორგი კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიღებული ჭრილობების შედეგად კვარაცხელია გარდაიცვალა. თორნიკე კაჭარავას ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა, ხოლო დავით დეკანოსიძეს - დაუსწრებლად. მასზე ძებნა გამოცხადდება. ორივეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ეხება.