ალეკო ელისაშვილის მეუღლე - მძიმე განაჩენია, მაგრამ მოლოდინი გვქონდა -  ალეკო ძალიან ოპტიმისტურადაა

მძიმე განაჩენია, მაგრამ მოლოდინი გვქონდა. ალექსანდრე ძალიან ოპტიმისტურადაა და შემოგვითვალა: „სასჯელი იქნება მკაცრი, მაქსიმალურად შეეცდებიან ჩემ გამწარებას, მაგრამ არ ინერვიულოთ, მალე ყველაფერი დამთავრდება და მეც გამოვალ გარეთ“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მეუღლემ ირინა კილოსანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსების ნაწილი დააკომპლექსა ბრალმა, რომელიც ელისაშვილს წაუყენეს[ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა], თუმცა მათი უფრო მეტი აქტიურობის შემდეგაც სასამართლოს გადაწყვეტილება იგივე იქნებოდა.

„შეიძლება [პოლიტიკოსები] დააკომპლექსა [ტერორიზმის მუხლმა] იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ძალიან შოკისმომგვრელი იყო ის, რაც ჩაიდინა და პირველი ეფექტი ასეთი იყო - „ვაიმე, რა ხდება?“ ყველამ უცებ და მკაფიოდ ვერ გამოხატა თავისი თანადგომა. მე მესმის ამ ყველაფრის. მაგრამ ჩემთან მიმართებაში ეს არ მიგრძნია არანაირად, თუნდაც რუსთაველზე რომ გავდივარ, არცერთი ადამიანისგან არ მიგრძნია, რომ ალმაცერად მიყურებს, რომ ეს ტერორისტის ცოლი ყოფილა. მე ყურადღების დეფიციტს არ განვიცდი არავისგან.

[პოლიტიკოსების უფრო მეტი აქტიურობის შემდეგაც] შედეგი იქნებოდა იგივე. არ მინდა ვთქვა, რომ მათაც იგივე ბედი ელით, მაგრამ მათზეც მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. დაზღვეული არავინ არ არის, ვხედავთ რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, ყველა ოპონენტს იცილებს გზიდან და უნდა, რომ მართოს ეს ქვეყანა სამუდამოდ”, - განაცხადა ირინა კილოსანიძემ.

რაც შეეხება იმას, ციხეში რა პირობებში იმყოფება ალეკო ელისაშვილი, მისი მეუღლე აცხადებს: „საკმაოდ ბინძური ციხეა, მე-18 საუკუნის ციხეს ჰგავს, საშინელებაა”.

„ვიცი, რომ მკაცრი ციხეა, ნახვაზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეზღუდვებია. რაღაც პატარ-პატარა შეზღუდვები ჰქონდა, თუმცა ალექსანდრე საველე პირობებშია, ტყის კაცია, რომელსაც არც მაგარი ბალიში აწუხებს. როგორც ვიცი საკმაოდ ბინძური ციხეა. თავიდან რომ შევიდა, საპირფარეშო ძალიან მოუწესრიგებელი იყო, გახეხა, დეზინფექცია გაუკეთა, მდუღარე წყალი დაასხა, მოკლედ იყო ერთ ამბავში. მე-18 საუკუნის ციხეს ჰგავს, საშინელებაა - ეს არის რაც ვიცი. ყველაზე მეტად წიგნების შეგზავნას ითხოვს”, - განაცხადა ირინა კილოსანიძემ.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს