ზურაბ ჯაფარიძე - მეორე ბრალი, რომელიც მაქვს, არის უცხო, მტრულ ქვეყანასთან თანამშრომლობა, საჯაროდ არ იძახიან, მაგრამ სასამართლოზე ითქვა, რომ უკრაინაა - ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, გამორიცხულია, ამ ქვეყნიდან არსად წავალ, ვიღაცებს ვურჩევ, რომ წავიდნენ

მეორე ბრალი, რომელიც წაყენებული მაქვს, ეს არის უცხო, მტრულ ქვეყანასთან თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფოს დასუსტების მიზნით. საჯაროდ არ იძახიან, მაგრამ სასამართლო პროცესზე ითქვა და აღმოჩნდა, რომ ეს უცხო და მტრული ქვეყანა არის უკრაინა. ითქვა, რომ თითქოს ჩვენ ვმუშაობდით უკრაინასთან, რათა უკრაინას დაესანქცირებინა ბიძინა ივანიშვილი. ბიძინას დასანქცირება ყოფილა საქართველოს დასუსტება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტქალაქში“ განაცხადა.

ამასთან, გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „როგორც ვხვდები, შანსი დაგიტოვათ ქვეყნიდან გასვლის, ვიღაცები წავიდნენ, თქვენ არ გადიხართ"? ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ის არ აპირებს საქართველოს დატოვებას.

„მე არსად წამსვლელი არ ვარ, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი. გამორიცხულია, მე ამ ქვეყნიდან არსად წავალ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, „თქვენ წასვლას არ აპირებთ, სხვები, იცი სხვებზე"? ჯაფარიძემ უპასუხა, რომ არ იცის. „მე ველაპარაკები ყველას და როცა ინდივიდუალური ამბავია, ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს. გარეთაც ძალიან ბევრი საქმე არის საკეთებელი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ურჩევს, რომ წავიდნენ ქვეყნიდან, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: კი, ვიღაცებს ვურჩევ, რომ წავიდნენ, ჩემი აზრით, უფრო სწორი იქნება, რომ ვიღაცები წავიდნენ და გარეთ რაღაც საქმე გააკეთონ".

ამასთან, მან ე.წ. საბოტაჟის საქმეზე და მისთვის წაყენებულ ბრალზე ისაუბრა.

„ორი ბრალი მაქვს წაყენებული. ერთი, რომელიც მე, გიორგი ვაშაძესა და ლაკას [ელენე ხოშტარიას] გვაქვს ცალკე და 7-იდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ეს არის უცხო, მტრულ ქვეყანასთან თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფოს დასუსტების მიზნით.

საჯაროდ არ იძახიან, მაგრამ სასამართლო პროცესზე ითქვა და აღმოჩნდა, რომ ეს უცხო და მტრული ქვეყანა არის უკრაინა. ითქვა, რომ თითქოს ჩვენ ვმუშაობდით უკრაინასთან, რათა უკრაინას დაესანქცირებინა ბიძინა. ბიძინას დასანქცირება ყოფილა საქართველოს დასუსტება. ივანიშვილის დასანქცირება გაიგივებულია საქართველოს დასუსტებასთან. საჯაროდ ვერ ბედავენ ამის თქმას, სასამართლო პროცესები კი დახურულია და ამ პროცესებზე ითქვა, რომ ეს სახელმწიფო უკრაინა არისო. საქმის მასალებში რაც უდევთ, ეს არის ზელენსკისა და პოდოლიაკის საჯარო განცხადებები, რომელიც საერთოდ რა შუაშია ამ საქმესთან, არ ვიცი. უკრაინასთან პირადად მე არ მქონია კომუნიკაცია, მაგრამ ამათ [„ქართული ოცნების“] დასანქცირებას ყველას ვთხოვ.

ამ ბრალზე არც მოწმე გამოკითხულა, არც განხილულა და საერთოდ ლაპარაკი არ ყოფილა ჯერ. უბრალოდ, ვარაუდი გვაქვს, რომ რადგან ეს დევს და რადგან [უკრაინა] ახსენეს, ესე იგი მაგას გულისხმობენ.

ახლაც ყრილობაზე რომ ვიყავი, მეტს კი არაფერს ვაკეთებდი, მათ შორის, ALDE-ს რამდენიმე წევრი ქვეყნის მინისტრებსაც შევხვდი.

შეიძლება ეს საქმე [წაყენებული ბრალი] იმის მცდელობაა, რომ ვაჭრობა და მოლაპარაკება იყოს არა იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა და ყველა მხრივ პრობლემაა, არამედ იმაზე, ეს ხალხი [პოლიტიკოსები] გამოვუშვათ თუ არა. არ მგონია, დასავლეთი ამ ვაჭრობაზე წამოვიდეს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ნებართვის გარეშე ჩემით ვერ ივაჭრებს ვერავინ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას, ვინც არჩევნებში შედის, არ აქვს პასუხი, როგორ აზღვევს იმ რისკებს, რაც გასულ არჩევნებზე მოხდა.

„არჩევნებში მონაწილეობა პრიმიტიულ გზამდეა დაყვანილი, თითქოს ეს დადის იქამდე, ბიულეტენში ზურაბ ჯაფარიძე ან მისი პარტია ეწერება თუ არა. ეს ძალიან არასერიოზული დამოკიდებულებაა.

მაშინ ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ არავინ არ არის წინააღმდეგი თუნდაც ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებაზე, თუ დაინახავს რამე შანსს, რომ იქ რაღაც შეიძლება გააკეთო. გიჟი არავინ არ არის, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებიც უპირობოდ შედიან არჩევნებში, კონკრეტულ კითხვებს უნდა გასცენ პასუხები - როგორ აზღვევენ იმ რისკებს, რაც ვნახეთ? როგორ აზღვევენ იმ რისკს, რომ ვიღაცები არ ირბენენ და 20-30 ხმას არ მისცემენ სხვისი პირადობებით? შეიძლება წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ეს დავაფიქსირეთ, მაგრამ ვერ მივხვდით, ამის მასშტაბი რამხელა იქნებოდა და სხვა რაღაცებთან კომბინაციაში რა შედეგს მოიტანდა, ახლა კი ამის დაზღვევის საშუალებაც არ არის.

ის ექვსი პუნქტი რომ გამოაქვეყნა ალიანსმა, სხვა მიზანი კი არ იყო. ეს არის მინიმუმის მინიმუმი იმისათვის, რომ ადამიანებს ამ პროცესისადმი ნდობა დაუბრუნდეს, რომ ყველა გავერთიანდეთ და ამისთვის ვიბრძოლოთ და ამას თუ არ აკეთებ, მაშინ გამოდის, რომ გამარჯვებისთვის კი არ იბრძვი, ბიულეტენში გინდა ყოფნა და სიაში გინდა რომ ეწერო, საბოლოო ჯამში კი ხელს აწერ იმაზე, რომ ივანიშვილი რა რიცხვსაც დაგიწერს, იმას დამორჩილდები, აღიარებ და შენთვის ეგეც საკმარისია. მაშინ ეგ მითხარი, რომ თანახმა ხარ იმაზე, ბიძინა რასაც დაგიწერს, იმას მიიღებ იმიტომ, რომ შეუძლია, ეგეც არ დაგიწეროს.

ბრძოლა ხომ ბევრნაირია - არის ბრძოლა გამარჯვებისთვის, არის ბრძოლა გადარჩენისთვის, არის ბრძოლა თავის დამკვიდრებისთვის. სხვადასხვა ბრძოლაში თუ ვართ, მაშინ ნუ მელაპარაკები იმას, რომ ერთნაირ ბრძოლაში ვართ. მე გამარჯვებისთვის ვიბრძვი“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოპოზიციის ალიანსის“ ურთიერთდამოკიდებულებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თითქმის გასულია ალიანსიდან და მათი წარმომადგენლები შეხვედრაზეც აღარ დადიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსიდან თითქმის გასულია. ბოლო რამდენიმე შეხვედრაზე მათი წარმომადგენელი ისედაც არ მინახავს. არც ჩართულები არ ყოფილან ბევრ რამეში მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ იძახდნენ, ჩართულები ვართ და ერთად ვმუშაობთო. არაფერში ჩართულები არ ყოფილან. ეს ალიანსი არის რაღაც კონკრეტულ წესებზე შეთანხმება. არის წესები, თუ როგორ ვიქცევით და არის ხედვა, თუ როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. მე მჯერა ერთი ნაწილისაც და მეორე ნაწილისაც. ვისაც არ სჯერა და სხვანაირად წარმოუდგენია, გინდა მიშა იყოს ან გინდა ნებისმიერი სხვა, თავისი გზა უნდა იპოვოს, თუმცა ეს ართულებს საერთო ბრძოლას და ეს პრობლემაა.

ალიანსი როცა იქმნებოდა, მე ვიყავი ერთ-ერთი მთავარი ლობისტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ალიანსის ნაწილი ყოფილიყო. ამის გამო შიგნით დაპირისპირება მქონდა სხვებთან. ამიტომაც შევეშვი ბოლო ორი თვეა, აღარც ერთობაზე ვსაუბრობ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს