რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშას მე-4 გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.
„მიმაჩნია, ყველას დიდი ხნის წინ უნდა გაეცნობიერებინა, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს და ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეს არის აზერბაიჯანის პოზიცია. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. ასევე ჩემი, როგორც იმ ქვეყნის ლიდერის, პოზიცია, რომლის მიწებიც ოკუპირებული იყო და შემდეგ ამ ოკუპაციისგან გაათავისუფლეს“, - აღნიშნა ალიევმა.
ამასთან, მან უკრაინელებს მოუწოდა, არასდროს შეეგუონ ოკუპაციას.
„არ ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს ან უკრაინის ხელმძღვანელობას ჩემი რჩევა სჭირდება. თუმცა, დღესაც იგივე რეკომენდაციას გავიმეორებდი: არასდროს შეეგუოთ ოკუპაციას. სწორედ ამას აკეთებს უკრაინა. ის არ იღებს ოკუპაციას, გასული წლის ძალიან რთული მომენტების მიუხედავად. ჩვენ ვიხილეთ გარკვეული წრეების ზეწოლა, რათა შეჩერებულიყო ბრძოლა ოკუპაციის ეფექტურად ფორმალიზების პირობით. თუმცა, არც უკრაინელი ხალხი და არც მისი ხელმძღვანელობა ამაზე არ დათანხმდა“, - აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მისთვის ცნობილია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია.
„მან ეს საჯაროდ არაერთხელ განაცხადა. მიმდინარე წლის აპრილში აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ჩვენ ასევე დეტალურად გავცვალეთ მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი პოზიციაა დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა შეხების ხაზის გასწვრივ. ვერ ვიტყვი, რამდენად აქტუალურია ეს წინადადება ახლა, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მას ამ პოზიციიდან საჯაროდ უკან არ დაუხევია. აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობას და ამას გავაგრძელებთ. არცერთი ქვეყნის საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით ან მისი ხალხის თანხმობის გარეშე. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მტკიცეა”, - აღნიშნა ალიევმა.
მისი თქმით, რაც შეეხება უკრაინელ ხალხს, აზერბაიჯანი ყოველთვის მზადაა მათ დაეხმაროს.
„ამაზე ბევრი არ მინდა ვისაუბრო, რადგან ამას საჯაროობისთვის არ ვაკეთებთ. ეს გულწრფელი ჟესტია. დახმარებას მხოლოდ სახელმწიფო არ უწევს. მონაწილეობენ როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ასევე კერძო კომპანიები. ეს სოლიდარობის ერთიანი მაგალითია. ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავუჭიროთ მხარი იმ ადამიანებს, რომელთა ტერიტორიული მთლიანობაც დაირღვა“, - აღნიშნა ალიევმა.
ამასთან, მან რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები სრულად ნორმალიზდა.
„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რუსეთთან ურთიერთობებს. ასევე ვნახეთ რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის განცხადებები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების პოზიტიური განვითარების შესახებ. თქვენ ახსენეთ გარკვეული სირთულეები. დიახ, ჩვენ ყველა მათგანი ვიცით. თუმცა, მთავარი ის არის, რომ ეს ეტაპი უკვე წარსულს ჩაბარდა. ვიტყოდი, რომ ურთიერთობები სრულად ნორმალიზდა. სხვადასხვა დონეზე კონტაქტები გრძელდება“, - აღნიშნა ალიევმა.
მისი თქმით, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ორმხრივი თანამშრომლობისთვის, ასევე რეგიონისთვის.
„ეს ურთიერთობები მოიცავს როგორც თანამშრომლობის ტრადიციულ სფეროებს, ასევე მომავალში შესაძლოა გაჩნდეს ახალი მიმართულებები. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსპორტის საკითხები. ასევე ძირითად სფეროებს შორისაა ვაჭრობისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობა“, - აღნიშნა ალიევმა.