ირაკლი კობახიძე - არის რუსეთი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე და არის კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე - ევრობიუროკრატია აბსურდშია შესული

არის ქვეყანა რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე. არის კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის იმ განცხადებას შეეხებოდა, სადაც ის ამბობს, რომ მხარს უჭერს ქართველ ხალხს და არ სურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა.

მისივე თქმით, “როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას და უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებასა და ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა”.

“ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ არის ქვეყანა რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე. არის კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება. ეს არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება, რაც შესაბამისად მძიმე შეფასებას იმსახურებს. როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას და უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებასა და ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა.

ევროკავშირის ბიუროკრატია არის აბსურდში შესული. თქვენ ძალიან კარგად იცით საქართველოს როლი დაკავშირებადების კუთხით. საქართველო აკავშირებს შვიდ ქვეყანას შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს როლი ამ კუთხით არის საკვანძო. იცით როგორი აბსურდული გადაწყვეტილებები მიიღეს თავის დროზე? - გაიმართა მინისტერიალი, სადაც იყო მიწვეული შვიდი ქვეყანა, მინისტრის დონეზე და საქართველო არ მიიწვიეს მინისტრის დონეზე. მაშინ როდესაც სწორედ საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც შვიდივე დანარჩენს აკავშირებს შავ ზღვასთან. ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ნიშნავს იმას, რომ შენ დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. მერე უკვირთ ხოლმე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარე გავლენებით და არა საკუთარი სუვერენული ინტერესების შესაბამისად. სწორედ ამის შედეგია ის მაჩვენებლები, რაზეც ვსაუბრობთ. ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს, 18 წლის წინ, იყო 30%. დღეს არის შემცირებული 17.5%-მდე. ეს არის სწორედ სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი. ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები დამატებით უწყობს ხელს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდება ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში. იცით, რომ სერიოზული პრობლემები აქვს ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადების კუთხით, მას შემდეგ, რაც ჩაიკეტა წვდომა რუსეთის იაფ რესურსებზე. ასევე ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე არის სერიოზული ჩიხი შექმნილი შესაბამისი მიმართულებით. საქართველო რჩება ერთადერთ ეფექტიან გზად იმისთვის, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირი აღმოსავლეთის მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით. როდესაც ასეთ დროს გიჭირს საკუთარი ობიექტური ინტერესების შეცნობა, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მოქმედებ არასაკუთარი სუვერენული ინტერესების მიხედვით, არამედ გარე ძალების ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.

მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელეს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომელთაგანაც ამჟამად სირთულეები არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს