პატიმრების საკითხი, მათ შორის შეკრებების შესახებ კანონმდებლობა, ეს იყო ის ნაბიჯები, რამაც ჩვენ ქვეყნის დამშვიდების შესაძლებლობა მოგვცა და როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იმ კანონმდებლობის გაუქმებას ითხოვს, რომელმაც ქვეყანა დაამშვიდა, ლოგიკური დასკვნა მარტივია, ანუ კიდევ ერთხელ უნდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ქვეყნის არევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ანგარიშვალდებულია არა ბიუროკრატიის წინაშე, არამედ ქართველი ხალხის წინაშე.
„გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ იმიტომ იქნა მიღებული, რომ 2020 წელს სწორედ გაუმჭვირვალედ დაფინანსებულმა NGO-ებმა გააყალბეს PVT [პარალელური დათვლის შედეგები] და დღემდე მათი მხრიდან ჩვენ შეფასება არ მოგვისმენია, შემდეგ იგივე გამყალბებელი NGO-ები 2022 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სცენაზე ავიდნენ და მთავრობის გადადგომა და მათი უშუალო ჩართულობით მთავრობის ფორმირება მოითხოვეს. ისინი ღიად ჩაერთნენ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში და საბაბად ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება გამოიყენეს. რეალურად, ერთმა სუბიექტმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და იგივე სუბიექტის მიერ დაფინანსებულმა NGO-ებმა ამის გამო, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით მთავრობის დაკომპლექტება. შემდეგ რევოლუციის არაერთი მცდელობა იყო, ამ მცდელობებში კი გაუმჭვირვალედ დაფინანსებული NGO-ები იყვნენ ჩართულები. გამჭვირვალობამ კი ჩვენ იმის საშუალება მოგვცა, რომ ყველაფრისთვის ფარდა აგვეხადა და ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაგვერქმია, ამან კი ჩვენი ქვეყანა დაამშვიდა.
რაც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონმდებლობას, იცით რაც ხდებოდა. 150-კაციანი ჯგუფი ერთი წლის განმავლობაში რუსთველის გამზირს კეტავდა. კანონმდებლობაში მივიღეთ ცვლილებები და მათ ამის საშუალება აღარ მიეცათ. ერთადერთი ქვეყანა იყო საქართველო მსოფლიოში, სადაც 150 კაცი, 1 წლის განმავლობაში ცენტრალურ გამზირს კეტავდა. კანონმდებლობა მივიღეთ და 150 კაცს აღარ მივეცით შესაძლებლობა, რომ 4 მილიონი ადამიანისთვის პრობლემები შეექმნათ. როდესაც რუსთაველის გამზირს ვეღარ კეტავდნენ, ტროტუარზე მსვლელობა დაიწყეს და ამით უქმნიდა 150 კაცი პრობლემას 4 მილიონ ადამიანს. 150 კაცს არ შეუძლია პრობლემა შეუქმნას 4 მილიონ ადამიანს, თორემ ტროტუარზე დგომა ყველას შეუძლია. ამ ყველაფერმა მთლიანობაში ჩვენი ქვეყანა დაამშვიდა. და როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იმ კანონმდებლობის გაუქმებას ითხოვს, რომელმაც ქვეყანა დაამშვიდა, ლოგიკური დასკვნა მარტივია, ანუ კიდევ ერთხელ უნდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ქვეყნის არევა.
იგივე ეხება პატიმრებს. ვინ არის დაპატიმრებული? - ძალადობაში ჩართული პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში და საბოლოო ჯამში, ამ ადამიანების დაპატიმრებამ მოგვცა პრევენციის საშუალება და ის, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა რომ ბევრად უფრო მარტივად აღიკვეთა, იმის დამსახურებაა, რომ მოძალადეების დაპატიმრებას, პრევენციული ეფექტი ჰქონდა.
როდესაც შენს მიერ წახალისებული მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვ, ეს ხომ მეტყველებს იმაზე, რომ მათ კიდევ უნდათ სცადონ არეულობის მოწყობა და ჩვენ ასეთ მცდელობას დავუპირისპირდებით, ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ არა ბიუროკრატიის წინაშე, არამედ ქართველი ხალხის წინაშე და ქართველ ხალხს სიმშვიდე და დამშვიდებული ქვეყანა უნდა და რა თქმა უნდა, [ჩვენ] ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.