ლელა ჯეჯელავა - მე მირჩევნია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უცხო ქვეყანაში წავიდნენ, ვიდრე ციხეში, ეს პროცესისთვისაც უკეთესი იქნება, რაც შეეხება თელავის სტიქიას, როცა ყველა უწყება ფულის კეთებაზეა გადასული, შედეგები სწორედ ასეთი იქნება

არის ასეთი გამოთქმა: - „ურემი რომ გადაბრუნება, გზა მერე გამოჩნდება“, მაგრამ სამწუხაროდ, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გზა არც ურმის გადაბრუნების შემდეგ გამოჩნდა და არც შესაბამისი დასკვნების გამოტანა მოინდომა არავინ - ის, რაც თელავში მოხდა, მოულოდნელი არ იყო, რადგან ამას წინასწარმეტყველებდა ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დაცვითი ორგანიზაციები, არაერთი სტატია და სტატუსი იყო გამოქვეყნებული, რომ თელავი უცაბედ სტიქიას შეიძლება წაელეკა, - ამის შესახებ ექსპერტმა ლელა ჯეჯელავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჯეჯელავას შეფასებით, როცა ყველა უწყება ფულის კეთებაზეა გადასული, შედეგები სწორედ ასეთი იქნება. მისივე თქმით, ყველაზე უფრო შემაშფოთებელი უპასუხისმგებლობაა.

“ფაქტია, რომ თავის დროზე მოსახლეობა და ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ მდინარის კალაპოტის გასწვრივ უკიდეგანო მშენებლობები პრობლემა იყო. გამოქვეყნებული იყო სტატია სათაურით - “თელავი წაილეკება“, მაგრამ ამაზე ხელისუფლებას რეაგირება არა ჰქონდა. თავის დროზე შოვის ტრაგედია მოსალოდნელი არ იყო?! - არ არსებობდა ისტორია და წინაპირობები?! რასაკვირველია, არსებობდა, მაგრამ არ არსებობდა დასკვნები. როცა ყველა უწყება ქალაქებსა თუ რეგიონებში ფულის კეთებაზეა გადასული, თუნდაც ამისი ფასი მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს, ბუნებრივია, რომ შედეგები ასეთი იქნება. ყველაზე უფრო შემაშფოთებელია პასუხისმგებლობის არქონა აბსოლუტურად არაფერზე. როდესაც ქალაქში გულგრილობას და ალბათ, კორუფციულ სქემებს ადამიანები ემსხვერპლნენ და მერს შეუძლია მშვიდად და ცინიკურად თქვას, რომ მისი პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარი თავია, მაინტერესებს, ეს თავი რისთვის აქვს?! 112 მე რომ მიგზავნის გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ უხვი ნალექი იქნება, შესაბამისს უწყებებს არ უგზავნის, რათა სანიაღვრე სისტემები გაწმინდოს?! ქუჩების დატბორვის შემდეგ ქალაქის მერი მე რომ მიხსნის, რომ მიზეზია ან სანიაღვრეების არარსებობაა ან სანიაღვრეების ფოთლებით და ტოტებით ამოვსება, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ სანიაღვრეები ტოტებით არ ამოივსოს ან სადაც სანიაღვრე არ არის, იქ გაკეთდეს?! ძნელი გასაგებია, რომ სტიქიას სჭირდება პროგნოზირება, პრევენცია და მაქსიმალურად მობილიზება, რათა მისი შედეგები აღმოიფხვრას?! ბუნებრივია, ეს ძნელი გასაგები არ არის, მაგრამ ქვეყანაში არის ტოტალური უპასუხისმგებლობა!

მთავარი ადამიანი, რომელიც ქვეყანას მართავს და რომლის გარეშეც ხელისუფლების ვერც ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი გადაწყვეტილებას ვერ იღებს, პასუხისმგებელი აბსოლუტურად არაფერზე არ არის. ტოტალური უპასუხისმგებლობა, რომელმაც ქვეყანა წალეკა, აქენ მოდის - თევზი თავიდან ყარს! თუ წყლის სათავიდან სუფთა წყალი არ მოდის, არც ერთ შემთხვევაში სადინარებში სუფთა წყალი არ იქნება. ამიტომ სტიქიაც გვერევა, უსამართლობაც გვერევა და უკანონობაც გვერევა“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ჯეჯელავამ “დღის ნიუსრუმში“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის ტერაქტის მცდელობაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯაც შეაფასა. ჯეჯელავა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას “უზნეობამდე უსამართლოს“ უწოდებს. მისი თქმით, ასეთი ტიპის განაჩენი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით დადგებოდა.

ალეკო ელისაშვილი არის სასოწარკვეთილი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, პოლიტიკოსი, რომელმაც ჩათვალა, რომ თუ არა ასეთი დემონსტრაციული პროტესტი, სხვა არანაირი შესაძლებლობა არ გვრჩებოდა. “ქართული ოცნება“ არის სრულიად უგულო, უყურო და მოსახლეობის მიმართ სრულიად ინდიფერენტული ხელისუფლება. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ მოსახლეობა პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან საზოგადოებად დაახარისხა. მეორეხარისხოვანი საზოგადოებაა ყველა, ვინც ხელისუფლებას “ოსანას“ არ უმღერის. ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილი უზნეობამდე უსამართლო გადაწყვეტილებაც ამას მეტყველებს. როდესაც ტერორისტულ აქტად აფასებენ, ზარალი რა გვაქვს?! ტერორისტული აქტი იმას ნიშნავს, რომ ტერორი შედგა - შემდგარია ტერორისტულ აქტი?! რაიმე დაიწვა?! ვინმე დაზარალდა?! რატომ დადგა ასეთი მკაცრი განაჩენი?!

არა ვარ დარწმუნებული, რომ მამუკა მდინარაძე შურისძიებისგან შეიძლება შორს ყოფილიყო, მაგრამ მგონია, რომ ასეთი ტიპის განაჩენი არა მხოლოდ მდინარაძის გადაწყვეტილებით, არამედ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით დადგებოდა.

ძლიერი და თვითკმარი ხელისუფლებები ასე აგრესიულები და შეუბრალებლები არ არიან. პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ სათაური “ვეფხვისტყაოსანი“ ჰგონიათ, მისი შინაარსზეც არა აქვთ წარმოდგენა, რომ სიმამაცის საუკეთესო გამოვლინება არის შეწყალება და პატიება. როცა ამის უნარი არ გაგაჩნია, ე.ი. არც შესაბამისი ძალა გაგაჩნია. აღარ ვსაუბრობ თვისებებზე, რაც ღირსეული ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს, რადგან ამისგან ძალიან შორს არიან. ვეთანხმები ყველას, ვინც ამბობს, რომ ასეთი შეუბრალებლობა, შეუწყნარებლობა და ნულოვანი თანაგრძნობა, რაც ირაკლი კობახიძის მთავარი ლოზუნგია, არის მათი სისუსტის გამოვლინება. ძლიერ და თვითკმარ ხელისუფლებას ამ ტიპის სადამსჯელო ზომები არ სჭირდება. ეს ყველაფერი მაინც დროებითია - ბოლოს და ბოლო საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა დაინგრა. გამოცდილება მაინც ერთია - ამ ტიპის რეჟიმები საბოლოოდ იშლებიან. “ქართული ოცნების“ ძალას, მე უძალობის ძალას დავარქმევდი“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

გადაცემაში საუბრის კიდევ ერთი თემა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ წარმოებული ე.წ. საბოტაჟის საქმე იყო. ჯეჯელავას აზრით, პოლიტიკური პროცესებისთვის სჯობს საქმის ფიგურანტი პოლიტიკოსები ქვეყნის გარეთ იყვნენ, ვიდრე ციხეში ჩასხდნენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათი მეგობრები უკვე ციხეში არიან, ქვეყნის დატოვება მათთვის დიდი მორალური წნეხი იქნება.

როგორც ჯეჯელავამ ამ კონტექსტში აღნიშნა, “მათ ციხეს უფრო შეიძლება გაუძლონ, ვიდრე მორალურ წნეხს, როცა მეგობრები და კოლეგები ციხეში ჩარჩნენ“.

“ქართული ოცნების“ გადასახედიდან ისინი ოპოზიციურ სპექტრს არჩევანს არ უტოვებენ. “საბოტაჟის საქმეს“ სამართალთან არანაირი კავშირი არა აქვს. რანაირად შეიძლება, რომ როდესაც სხვა სამართლებრივი მდგენელი არ არსებობს, ადამიანები ციხეში კონკრეტული პოლიციელების აღქმის საფუძველზე გაუშვა. საქმეში, რომლითაც ადამიანებს თავისუფლების წლებით აღკვეთა უნდა მიუსაჯონ, ჩადებულია ნიკა გვარამიას აწეული მარჯვენა და გიორგი ვაშაძის ღიმილი. კიდევ კარგი იმ პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი ნანახი არ ჰქონდა - ალბათ, ლეონარდო და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა. როგორ გადაწყვიტა, რომ ვაშაძის ღიმილი დასტური იყო იმისა, რომ ვიღაც პარლამენტში უნდა შევარდნილიყო?!

მე როგორც ერთ მოქალაქეს, ჩემი გადასახედიდან მირჩევნია, რომ ისინი გარეთ იყვნენ, მაგრამ მათ წინაშე დიდი მორალური დილემაა, რომ ნაწილი პოლიტიკოსებისა, ვინც “საბოტაჟის საქმეზე“ სამართლდებიან, ციხეში არიან და განაჩენი ისე დადგება, რომ ისინი გასვლას ვერ მოასწრებენ. რასაც ზურა ჯაფარიძე და ნიკა გვარამია ამბობს, არის გარკვეული სოლიდარობის მომენტი. როცა ელენე ხოშტარია და ნიკა მელია ციხეში არიან, ძნელია ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ქვეყნიდან წასვლა პოლიტიკური პროცესისთვისაც უკეთესი იქნება. მეტი შესაძლებლობებია. წინააღმდეგობის მოძრაობასაც მეტი იმედი ექნება, რომ მათ ხმას გარეთ ოპერატიულად მიიტანენ.

მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას პარტიები წინააღმდეგობის მოძრაობაში აქტიურად ჩართული არ არიან და მაინც სისტემური ოპოზიციის როლს თამაშობენ, კარგია, რომ გიორგი გახარია გარეთ არის და კარგია, რომ გახარია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას ადგილზე იყო. მირჩევნია იქ იყოს, ვიდრე ჩამოვიდეს და ჩორჩანას გაურკვეველი ეპიზოდისთვის ციხეში ჩაჯდეს. გახარია 20 ივნისზე პასუხისმგებლობას ვერსად ვერ გაექცევა, მაგრამ გახარიასთვის პასუხისმგებლობის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაკისრება მართლა უზნეობაა“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ჯეჯელავა ამბობს იმასაც, რომ ირაკლი კობახიძემ საკუთარი ქმედებებით ივანიშვილს შანსები არ დაუტოვა, რომ შემობრუნების წერტილები ჰქონოდა. მისი თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციაში ძალიან კარგად ჩანს, რომ მათთან ვაჭრობას არავინ არ აპირებს.

ჯეჯელავას განცხადებით, რაზეც ვამბობთ, რომ “ქართულ ოცნებას“ ყველაფერი გასდის, არის შეცდომები, რომელსაც “ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მაღალი ფასი ექნება.

“ყველა ბერკეტს აამოქმედებს, რათა ოპოზიციური ველი მოასუფთაოს და წინააღმდეგობა გააჩეროს. რომ შეეძლოს ალბათ დახვრეტის მუხლსაც აღადგენდა. ირაკლი კობახიძის ამოცანა იყო ქვეყნის შიგნით პროტესტის შეწყვეტა და ის, რომ გარედან სანქციები არ ყოფილიყო. კობახიძემ, ამ ამოცანას თავი ვერ გაართვა. ამიტომ გაგიჟდა ნიკა გვარამიას გამონათქვამზე: შიგნით - აქცია, გარეთ - სანქცია. დიახ, შიგნით აქციები მიდის და ამიტომ სანქციებიც მოახლოვდა. კობახიძეს საკუთარი თავი გასჭირვებია და ნიკა გვარამია იქ დაარტყა, სადაც ყველზე მეტად უჭირდა. ამიტომ ვერ შეძლო თავის შეკავება. მან იმდენი მოახერხა, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაიყოლებს. კობახიძემ თავისი ქმედებებით ივანიშვილს შანსები არ დაუტოვა, რომ შემობრუნების წერტილები ჰქონოდა“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს