კაია კალასის ეს განცხადება ანტიდემოკრატიულია - ასეთ ადამიანს ქართველი ხალხი მიაჩნია უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმის უნარიც არ აქვს, რომ საკუთარი ხელისუფლება თავად შეარჩიოს - დიდი საფრთხეა, როდესაც ევროკავშირს საგარეო ურთიერთობაში დღეს წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც ანტიდემოკრატიული აზროვნება აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ეს არის სამარცხვინო განცხადება.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ კაია კალასის დამსახურებაა იმაში, რომ დღეს ევროკავშირს „ასეთი თავქარიანი საგარეო პოლიტიკა აქვს.“
„ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ფორმულას იყენებს: „მხარს უჭერს ქართველ ხალს, მაგრამ მხარს არ უჭერს მის ხელისუფლებას“, არ აღიარებს დემოკრატიას და არის ანტიდემოკრატი. შესაბამისად, კაია კალასის ეს განცხადება ანტიდემოკრატიულია. ასევე, ეს ადამიანი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, რომ ქართველმა ხალხმა თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. მესამე - ასეთ ადამიანს ქართველი ხალხი მიაჩნია უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმის უნარიც არ აქვს, რო საკუთარი ხელისუფლება თავად შეარჩიოს. დიახ, კაია კალასის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს, რომ ქალბატონ კალასს ქართველი ხალხი მივაჩნივართ უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმის უნარი არ გვაქვს, რომ ხელისუფლება შევარჩიოთ და კალასის მეურვეობა გვჭირდება, ხელით უნდა გვატაროს ესტონეთის ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა საქართველო. ის ამ დონეზე ხედავს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობას, რომ ხელით უნდა ატაროს, ჭკუა გვასწავლოს და გვიკარნახოს, რა არის ჩვენთვის კარგი და რა არა. ეს სირცხვილია! ეს არის ყველაზე სამარცხვინო განცხადება, რაც პირდაპირ ხაზს უსვამს, თუ რამდენად აცდენილია ქალბატონი კალასი არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ წარმოდგენა არ აქვს საერთოდ დემოკრატია რას ნიშნავს. დიდი საფრთხეა, როდესაც ევროკავშირს საგარეო ურთიერთობაში დღეს წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც ანტიდემოკრატიული აზროვნება აქვს.
სწორედ ამის გამოა, რომ მას ამერიკის სახელმწიფო მდივანი არც კი ხვდება, არც რთავენ საერთაშორისო მნიშვნელობის დიალოგში. ასევე ამის გამოა, რომ ბოლო პერიოდში დაგეგმილია ამ უწყების რეფორმა და გადაკეთება, ვინაიდან ქალბატონი კალასის დამსახურებაა იმაში, რომ ასეთი თავქარიანი საგარეო პოლიტიკა აქვს დღეს ევროკავშირს. ეს არის სამარცხვინო განცხადება - ჩვენ ყოველთვის ვიკავებთ თავს კრიტიკული კომენტარებისგან, იქნება თავდასხმა ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან ქართველ ხალხზე? - იქნება ადეკვატური პასუხი ნებისმიერ ასეთ თავდასხმაზე!“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.
მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელეს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომელთაგანაც ამჟამად სირთულეები არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით.