პროკურორის განმარტებით, გურამ როგავამ და ზვიად მაისაშვილმა სასამართლო პროცესზე დასწრება დაგვიანების გამო ვერ შეძლეს

პროკურორი გიორგი ნადირაძე განმარტავს, თუ რატომ ვერ შეძლო დაზარალებულმა ჟურნალისტმა გურამ როგავამ იმ სასამართლო პროცესზე დასწრება, სადაც მისი და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ გდდ-ს სამი თანამშრომლის პროცესი მიმდინარეობდა.

როგორც პროკურორმა განაცხადა, დაზარალებულებმა სხდომაზე გამოცხადება დააგვიანეს, რის გამოც, ისინი პროცესს ვერ დაესწრნენ.

„სასამართლო სხდომა დაიწყო დანიშნულ დროს, რა დროსაც, არც ერთი დაზარალებული ადგილზე გამოცხადებული არ ყოფილა. სხვა შემთხვევებში დაზარალებულები დაესწრნენ სასამართლო სხდომას. სასამართლო სხდომის თარიღი და დრო მათთვის ცნობილი იყო სხვა შემთხვევაშიც და ამ შემთხვევაშიც, მხარეები დავესწარით სასამართლო პროცესს. სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს, სასამართლოსთან ვის, რა ფორმით ჰქონდა კომუნიკაცია, მე შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლო სხდომა დანიშნულ დროს დაიწყო, სადაც როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე გამოცხადდა. მათ შორის, 13:00 საათის შემდეგ, დაზარალებულები ადგილზე არ ყოფილან“, - განაცხადა გიორგი ნადირაძემ, რა დროსაც მას დაზარალებულმა ჟურნალისტმა, გურამ როგავამ აუხსნა, რომ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მას სრულიად სხვა მიზეზი უთხრეს.

„ბატონო გიორგი, თქვენ კი არ გეჩხუბებით, მანდატურმა მითხრა, მოსამართლემ თქვა, დახურულია სხდომა და ვერ დაესწრებიო. მე მას რამდენჯერმე განვუმარტე, რომ დაზარალებულის სტატუსი მაქვს, მითხრა, რომ გამომძიებელთან გამერკვია, თქვენ ამ დროს დარბაზში იყავით“, - მიმართა როგავამ პროკურორს, რაზეც სახელმწიფო ბრალმდებელმა განუმარტა, რომ „მისი კომპეტენცია იყო, სხდომის თარიღი და დრო ეცნობებინა დაზარალებულისთვის, ან მისი ადვოკატისთვის, რაც შეასრულა“.

ნადირაძეს დაზარალებულმა ჟურნალისტმა კვლავ უთხრა, რომ როცა სხდომათა დარბაზში ის არ შეუშვეს, პროკურორი ადგილზე იმყოფებოდა, ბრალდებულები სხდომათა დარბაზში ჯერ კიდევ არ იყვნენ შესულები, როცა მანდატურები მოსამართლესთან მივიდნენ კითხვით, შეძლებდა თუ არა როგავა შესვლას, რაზეც მას უარყოფითი პასუხი გამოუტანეს.

„დღევანდელი სასამართლოს დრო, ადგილი, საათი, მან იცოდა. მე გიდასტურებთ იმას, რაც ჩემთვის ცნობილია. ამავე სხდომაზე, მე დროულად - ზუსტად 13:00 საათზე გამოვცხადდი, სასამართლო ჩამოვიდა, გარეთ მანდატურებთან რა კომუნიკაცია ჰქონდა დაზარალებულს, ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს და ვერ მექნება. რაც შეეხება კითხვას, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა თუ არა, დაზარალებულის დასწრება. სასამართლო სხდომაზე დასწრება დაზარალებულის უფლებაა და არა ვალდებულება, თუ მას მოწმის სახით არ გამოიძახებენ. პირველი წარდგენის სხდომაზეც მათ შორის, გურამ როგავას ვაცნობეთ სხდომის დრო, ის სხდომას არ დასწრებია. ყველა სხდომაზე ვერ დავუკავშირდებით და ვერ ვკითხავთ, ესწრება თუ არა, როცა მას ინფორმაცია აქვს“, - განაცხადა ნადირაძემ.

კითხვაზე, თუკი, გურამ როგავა დროულად გამოცხადდება, შეძლებს თუ არა შემდეგ სხდომაზე დასწრებას, პროკურორმა ასე უპასუხა:

„მე გითხარით, რომ მსგავსი საკითხი არ დამდგარა. ამ კითხვას რატომ მისვამთ, რამე საწინააღმდეგოს საფუძველი არის?... თქვენ[გურამ როგავას] წინა სხდომაზე ხომ დაესწარით, ხელი ხომ არ შეგშლიათ? მე როგორ უნდა გიპასუხოთ, მანდატურმა თქვენ რა პასუხი გაგცათ? ჩემთვის ცნობილი იყო, რომ თქვენ სხდომაზე მობრძანდებოდით? ეს არის თქვენი უფლება“, - განაცხადა ნადირაძემ.

კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებებია საქმეში გარდა ბრალდებულების ჩვენებებისა, ვინაიდან დაზარალებული აცხადებს, რომ მხოლოდ ცარიელი ფურცლებია, პროკურორი პასუხობს, რომ ინტერვიუს რეჟიმში ვერ ისაუბრებს.

„მტკიცებულებების ამ რეჟიმში, მოკლე ინტერვიუს დროს განხილვას ნამდვილად ვერ შევძლებ და არ ვაპირებ. ყოველ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნება შესაბამისი მტკიცებულება“, - აცხადებს პროკურორი.

კითხვაზე, ჩატარებულია თუ არა რაიმე სახის ექსპერტიზა, ნადირაძე პასუხობს, რომ „რაიმე სახის ექსპერტიზა ნამდვილად ჩატარებულია და თან, არაერთი სახის“.

კითხვაზე, ამოცნობილია თუ არა ბრალდებული, ან ექსპერტიზამ დაადასტურა თუ არა მისი ვინაობა, პროკურორი პასუხობს, რომ „მტკიცებულებების შინაარსობრივ ნაწილში ვერ შევა“.

„ყველა მტკიცებულებაზე, რაც სასამართლოში იქნება გამოკვლეული, შესაბამისად გაკეთდება განცხადება, თუმცა, შინაარსობრივ ნაწილში ვერ შევალთ. საქმეზე მოწმეთა გამოკითხვის ოქმებია, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებია, ვიდეოჩანაწერებია, რაც ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. კონკრეტულად რომელი ვიდეოჩანაწერი რა საკითხს ეხება, რომელი ექსპერტიზის დასკვნა რას ადასტურებს, ამ საკითხზე შემდეგ გავაკეთებთ განმარტებებს, როცა ეს მტკიცებულებები სასამართლოში იქნება გამოკვლეული“, - განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ზვიად მაისაშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გდდ-ს სამი თანამშრომელია დაკავებული. სამივე ბრალდებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც.

პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული საქმიდან ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს