2024 წელს, ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე იყო ზეწოლა, რათა ეიძულებინათ, რომ საკუთარი ანგარიში გაეყალბებინა - ახლა, როცა ეუთოს საპარლამენტოა ასამბლეის რეზოლუციას ვუყურებთ, გვიჩნდება კითხვა, რამდენად იქნება მომავალში ეუთოს სადამკვირვებლო მისია მდგრადი და მტკიცე ზეწოლის წინააღმდეგ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აპირებს თუ არა ხელისუფლება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მოწვევას.
პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთოს საპარლამენტოა ასამბლეის რეზოლუციამ შეურყია რწმენა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რომელიმე მისია ზეწოლის წინაშე მტკიცე იქნება.
პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია, ერთ-ერთ სასტუმროში, შეკეტილ ოთახში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლას ახდენდა, რათა მათ ანგარიში გაეყალბებინათ.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ინფორმაციას, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლა ხდებოდა, თავად მისიის წარმომადგენლისგან ფლობენ. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა მოიძებნოს მექანიზმი, რათა ამ ფაქტზე საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს.
“ჩვენ დადასტურებულად ვიცით, მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც ამაზე სხვადასხვა ფორმატში ღიად ისაუბრეს, რომ 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც სადამკვირვებლო მისიას პირველადი ანგარიშები უნდა გამოექვეყნებინათ, იყო თათბირი. თათბირში ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები მონაწილეობდნენ. ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე იყო პირდაპირ ზეწოლა, რომ საკუთარი დასკვნა გაეყალბებინა. [ზეწოლა იყო] ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებისგან. იცით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიას ხელმძღვანელობდა ბატონი ბულაი, რომელიც „ალდეს“ წევრი გახლავთ - აი, ტერორისტი „ლელო“ რომ ჰყავთ წევრად და რომელიც ანტიქართული განწყობებით გამოირჩევა. აღარაფერს ვამბობ ევროპარლამენტზე, მათი განწყობები გასაგებია. ხაზს ვუსვამ, ვფიქრობ, რომ საჭიროა ფიქრი იმაზე, მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ, რომ ეიძულებინათ ეუთოს სადამკვირვებლო მისია, გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში, ამაში ჩართულიყო ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია. ამიტომ, არ ვიცი, რა მექანიზმი შეიძლება არსებობდეს, თუმცა საჭიროა დაფიქრება, რომ ამაზე ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება, ვინაიდან ეს გახლავთ საერთაშორისო სახის დანაშაული, როდესაც სხვა ქვეყნის არჩევნებში ანუ სუვერენიტეტში ჩარევა ხდება და მათ შორის ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის მისიაზე ზეწოლა. ეს არის ფაქტი და ამაზე თვითონ სადამკვირვებლო მისიის წევრებს, სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ჩემი თანდასწრებითაც არაერთხელ უსაუბრიათ.
ახლა, რაც შეეხება 2028 წელს, ფაქტია, რომ 2024 წელს იყო ზეწოლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე და კომისიაზე, რათა მათ გაეყალბებინათ ანგარიში. ამ ზეწოლას იმ მომენტში შედეგი არ ჰქონდა და ვერ გაიტანეს ეს ზეწოლა. ჩვენ ახლა, როცა ვუყურებთ საპარლამენტოა ასამბლეის რეზოლუციას, გვიჩნდება კითხვა, რამდენად იქნება მომავალში ეუთოს საპარლამენტოა ასამბლეის სადამკვირვებლო მისია მდგრადი, მტკიცე ამგვარი ზეწოლის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ, ამ რეზოლუციამ შეგვირყია რწმენა და იმაში, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რომელიმე მისია იქნება მტკიცე ზეწოლის წინაშე. ამიტომ, ჯერ ეუთოს საპარლამენტოა ასამბლეამ უნდა დაარწმუნოს ქართველი ხალხი, რომ ის ისევ გაუძლებს ევროსაბჭოს თუ სხვათა ზეწოლას, როგორც ამას გაუძლო 2022 წელს. გამოდის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რეზოლუციით შეარყია ქართველი ხალის ნდობა მის მიუკერძოებლობაში, ამიტომ, მნიშვნელოვანია 2028 წლამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აღადგინოს ქართველი ხალხის თვალში ნდობა, რომ ჩვენ გვჯეროდეს, ისინი გაუძლებენ არაკეთილმოსურნეების ზეწოლას და არ გააყალბებენ საკუთარ ანგარიშს“, - აცხადებს პაპუაშვილი.