საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი, პედაგოგები და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის - გუგა გურგენაშვილის კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლამისყანის მიმდებარედ, მდინარე ქსანში ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებენ ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატისა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სტუდენტის, გუგა გურგენაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
ნიჭიერი და სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდის, მომავალი არქიტექტორის დაკარგვა მოუშუშებელი ტკივილია ჩვენი დიდი ოჯახისთვის. ამ ტრაგიკულ წუთებში რთულია გადმოსცე ის ტკივილი, რომელსაც ასეთი უმძიმესი დანაკარგი იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ გუგამ მხოლოდ ერთი წელი დაჰყო უნივერსიტეტის კედლებში, მან მოასწრო თბილი და ნათელი კვალი დაეტოვებინა პედაგოგებსა და მეგობრებში. რომ არა ეს სულისშემძვრელი ბედუკუღმართობა, ის აუცილებლად მიაღწევდა მიზანს, იტყოდა თავის სათქმელს. ვუსამძიმრებთ გუგას ოჯახს, გამძლეობა და სულის სიმტკიცე მის მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, პედაგოგებს. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.