დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი განმარტავს, რას შეეძლო გამოეწვია თელავში სტიქია.
როგორც სუხიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა, მდინარეში დაგროვებული ნაშალი მასალა წვიმის წყალმა თელავისკენ წამოიღო, რის წინააღმდეგაც ზედა უბნებზე განთავსებულმა ნატანდამჭერმა ნაგებობებმა და არხმა შედარებით უკეთესად იმუშავა, თუმცა ქვედა უბნებზე, სადაც მთავარი სტიქია დაიწყო, ნაკადი არხიდან გადმოვიდა.
მისი განმარტებით, ნაკადის გადმოსვლის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს, მათ შორის არხის გაუმართაობაც.
„რაც განვითარდა თელავში და მასში ჩამომდინარე მდინარე თელავისხევზე იყო ის, რომ მდინარეში წლების საუკუნეების განმავლობაში გროვდება ნაშალი მასალა და ამ მასალას მხოლოდ უხვი ნალექი სჭირდება რომ თელავამდე ჩამოვიდეს, ასე ხდებოდა ყოველთვის, თელავის დაარსებამდეც. 12 ივლისსაც იგივე მოხდა, დაგროვებული მასალა წვიმის წყალმა წამოიღო თელავისკენ, თუმცა ნაკადისთვის პირველი შეფერხება იყო ის სამი ე.წ. ნატანდამჭერი ნაგებობა, რომლებიც მდინარე ხევის შუა წელშია გალაგებული. როგორც ჩანს, ამ ნაგებობებმა, დიდი მოცულობის ნატანი მასალა შეაჩერა, თუმცა ამ ნაგებობის ფუნქცია არ არის წყლის შეგუბება, შესაბამისად, წყალი გამოატარეს. ამასობაში, შეამცირეს წყლის ენერგია, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი, ნატანდამჭერი ნაგებობის შემდეგაც კი, საკმაოდ დიდი მოცულობის ეროზიული პროცესები აწარმოა ნაკადებმა და ასე შევიდა ქალაქ თელავში, თელავში ამ ნაკადს ხვდება ხელოვნური არხი და ამ არხის ფუნქცია არის ის, რომ ნაკადს მისცეს მაღალი სიჩქარით განვითარების საშუალება, რაც განაპირობებს ნაკადში წყლის დონის კლებას. ანუ ამ არხის ფუნქციაა, რომ ნაპირებიდან არ გადმოვიდეს ნაკადი, ძირითადად ასეც იმუშავა ამ საბჭოთა პერიოდის არხმა.
მთავარი სტიქია დაიწყო კავკასიონის ქუჩაზე, „ავერსის“ კლინიკამდე 100-150 მეტრში, სადაც ნაკადი გადმოვიდა არხიდან. ეს გადმოსვლა რამ გადმოიწვია, დაზუსტებით ვერ ვამბობთ, შეიძლება გამოეწვია არხის გაუმართაობასაც, თუმცა ასევე შეიძლება გამოეწვია იმას, რომ ქვედა მხარეა და აქ მეტი წყალი კონცენტრირდება, ვიდრე ზედა უბანში. ფაქტია, ერთ კონკრეტულ წერტილში შეექმნა ნაკადს პრობლემა და იმ წერტილიდან დაიწყო გადმოსვლა და გაშლა კავკასიონის ქუჩაზე“,- განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.
მისი თქმით, თელავში განვითარებული სტიქიისას, წყლის ნაკადის სიჩქარე საკმაოდ სწრაფი იყო, რაც საფრთხის შემცველია.
„წყლის ნაკადის სიჩქარე საკმაოდ სწრაფი იყო, 5/10 მ/წმ სიჩქარის. 5 მ/წმ სიჩქარის ნაკადი საკმარისია, რომ ფეხზე მდგომი ადამიანი წააქციოს. ეს ნიშნავს, რომ ეს საფრთხის შემცველია, მით უმეტეს, 10 მ/წმ-ის შემთხვევაში. ალბათ, უბრალოდ, გაგვიმართლა, რომ სტიქია გამთენიისას განვითარდა. ჩვენი სეისმური ქსელის მონაცემებით, შეიძლება ყოფილიყო, დაახლოებით ღამის 2 საათი 40-45 წუთი, როდესაც სტიქია დაიწყო. ეს ის დროა, როცა მოსახლეობის ყველაზე ნაკლები კონცენტრაციაა ქუჩებში და ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც საბედნიეროდ მსხვერპლი არაა. თუმცა, იმ ნატანდამჭერმა ნაგებობებმა, რომელიც თელავის ხევშია განლაგებული და არხის დიდი ნაწილის კარგად მუშაობამ უზრუნველყო ის, რომ დაახლოებით 2 კმ ისე გაიარა ნაკადმა თელავში, რომ განსაკუთრებული პრობლემა არ შეუქმნია“,- განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.
მისივე თქმით, სტიქიის დროს მოსალოდნელი რისკის შემცირება შესაძლებელია.
„რისკი არის ის, რაც ეხება ადამიანს და ინფრასტრუქტურას და კი, ამის შემცირება შესაძლებელია. ქვედა უბნები ძალიან დაზარალდა, ზედა უბნები ნაკლებად, რადგან არხმა მეტ-ნაკლებად კარგად იმუშავა, მაგრამ
ზედა არხზე დაშენებულია ნაგებობები. ყოველთვის ასეთი იღბლიანები ვერ ვიქნებით, მსგავსი სტიქია კიდევ განმეორდება და ყოველთვის, ინფრასტრუქტურა იდეალური ვერ იქნება, სადღაც რაღაც დაზიანდება. უნდა გვქონდეს პესიმისტური სცენარი და ეს ნაგებობები ყველაზე პესიმისტური სცენარებით დაგეგმარდეს“,- განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.