ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს იმას, რასაც თვლის სწორად. ევროკავშირი დგას იქ, სადაც ყოველთვის იდგა - ქართველი ხალხის გვერდით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კი არ დგას ქართველ ხალხთან, - ასე შეაფასა კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირს კავშირი აღარ აქვს და არც მისი მხარდაჭერა სურს, თუმცა დასძინა, რომ მხარს უჭერს ქართველ ხალხს.
დათუნაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ქართველი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობენ და ეს ყველა მათ ქმედებაში აისახება.
„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს იმას, რასაც თვლის სწორად. ის, რომ ევროკავშირი და ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორები არიან ქართველი ხალხის მეგობრები და ეს არ შეცვლილა, ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან და იდგებიან, ამას ამტკიცებს აბსოლუტურად ყველა ქმედება ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქების მხრიდან, ამას ამტკიცებს ყველა განცხადება და რეზოლუცია, რომელსაც ისინი იღებენ.
ქართველი ხალხის გვერდით და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველად დღეს არ დგას საქართველოს მოქმედი ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ყოფს ორ სხვადასხვა კატეგორიად, მოქალაქეების ნაწილს უზღუდავს გამოხატვისა და შეკრების უფლებას, აბსოლუტურად ყველა ფუნდამენტურ უფლებას, როცა არის მეორე კასტა, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფრის უფლება აქვს.
საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობა აქცია კრიმინალურ სინდიკატად, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება. ევროკავშირი დგას იქ, სადაც ყოველთვის იდგა - ქართველი ხალხის გვერდით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება კი არ დგას“, - განაცხადა დათუნაშვილმა.