გრძელდება მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ - ეს კატეგორიულად მიუღებელია - ვინც არ უნდა იყოს, კალასი იქნება თუ სხვა, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ბოლო დროის განმავლობაში მხოლოდ შანტაჟს და მუქარას ხედავენ.
„გრძელდება მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელება საქართველოს გარეშე წარმოუდგენელი მგონია. ეს უბრალოდ არის პოლიტიკური ნარატივი და ის მტრული გამოხატულება და დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ქართულ სახელმწიფოსთან და ხალხთან მიმართებით ვხედავთ. ის მხოლოდ ტყუილზე და ცილისწამებაზეა დაფუძნებული. შანტაჟი და მუქარა - ჩვენ მხოლოდ ამას ვხედავთ ბოლო დროის განმავლობაში გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია - ვინც არ უნდა იყოს, კალასი იქნება თუ სხვა, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა კალაძემ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, კაია კალასის განცხადება, რომ ხელისუფლების მხარდაჭერა არ სურთ, არის თუ არა ეს ქართველი ხალხის ნების არაღიარება, კალაძემ უპასუხა, რომ „დღეს ევროპული ბიუროკრატია ძალიან მძიმე კრიზისშია.“
„ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ საქართველოში ხელისუფლებას ქართველი ხალხი ირჩევს. დღეს „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს წარმოადგენს, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა. გვესმის მათი პოლიტიკა და ვხედავთ იმ არასამართლიან დამოკიდებულებას, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ხალხის მიმართ აქვთ ამ კონკრეტულ პოლიტიკოსებს. დღეს ევროპული ბიუროკრატია ძალიან მძიმე კრიზისშია - მათი გადაწყვეტილებები, განცხადებები. თუნდაც ევროპულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს ჰკითხეთ, რა დამოკიდებულება აქვთ ევროპელ ბიუროკრატებთან. გასაგებია ის კონკრეტული ქვეყნების მაცხოვრებლების დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაღელვებს. ეს უსამართლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობებს და კითხვას: „ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს თუ არა ვაშინგტონთან პოლიტიკური პატიმრების საკითხით?“ კახაძემ იმედი გამოთქვა, რომ „დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შესწევს ძალა წინა ადმინისტრაციის მიერ დატოვებული არასამართლიანი დამოკიდებულება ძალიან მარტივად გამოასწოროს.“
„ამერიკის შეერთებულ შტატებზე ჩვენი პოზიცია ბევრჯერ გვითქვამს. აბსოლუტურად ღია ვართ და პირდაპირ ვამბობთ, რომ მზად ვართ, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას, კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ტრამპის ადმინისტრაციას შესწევს ძალა, არასამართლიანი დამოკიდებულება ძალიან მარტივად გამოასწოროს. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და მეგობრობისთვის, მაგრამ პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა კალაძემ.