“ქართული ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიოს - მტერ ორგანიზაციად აქციეს ეუთოც კი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავის დროზე საბჭოთა კავშირი იყო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების მიმართ ლოიალური ორგანიზაციაა და სადაც აბსოლუტურად ყველა თემაზე შეიძლება ლაპარაკი და შეთანხმება, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“, პარტია “თავისუფლების მოედნის“ წევრმა კახა ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, სწორედ ეს იქნება ე.წ. “სუვერენული დემოკრატიის“ მქონე სახელმწიფოს მშენებლობის გამოხატულება.
ჩიქოვანის შეფასებით, “ქართულ ოცნებას“ ისეთი ტიპის სახელმწიფოს აშენება სურს, როგორიცაა ბელარუსი და რუსეთი.
“მე მახსოვს საბჭოთა კავშირი და ის რიტორიკა, რაც დასავლეთის მიმართ იყო. ზუსტად საბჭოთა კავშირის რიტორიკას იმეორებენ, რაც 80-იანი წლების ბოლოს დასავლეთის - აშშ-სა და ევროპის მიმართ ჰქონდათ.
დღეს არსებული ვითარება ჩვენს მაგალითზე კარგად ხსნის “სუვერენული დემოკრატიის“ პრინციპებს და იმას, თუ რისკენ მიისწრაფვიან. ეს ტერმინი და პრინციპი სწორედ რუსეთში დამკვიდრდა. ტერმინი “სუვერენული დემოკრატია“ სწორედ იმას ემსახურება, რომ დაუშვებელია ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს შიდა თუ გარე პოლიტიკურ საკითხებში ჩარევა. ამით ამართლებს პუტინი იმ წყობას, რომელიც რუსეთშია შექმნილი. ჩვენ რუსეთის მაგალითი არ გამოგვადგება. ამაზე 90-იანების დასაწყისში ვთქვით უარი - უარი ვთქვით რუსულ იმპერიაზე, მათ დამოკიდებულებაზე ე.წ. მეგობრებთან, რადგან არასდროს ჩვენ რუსეთის მეგობარი არ ვყოფილვართ. ისინი ყოველთვის მოგვიაზრებდნენ როგორც ვასალს, როგორც იმპერიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. ამაზე დიდი ხანია უარი ვთქვით. ამის გამო დავღვარეთ სისხლი, ოფლი, დიდი შრომა გავწიეთ. შესაბამისად, არა მგონია, რომ ახალ თაობას იქითკენ დაბრუნება უნდოდეს“, - განაცხადა კახა ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის შეფასებით, რეგიონში არსებული ქვეყნების მაგალითზე, “ქართული ოცნება“ დასავლეთთან ურთიერთობის ისეთი სტრატეგიის ჩამოყალიბებისკენ მიისწრაფვის, როცა დასავლეთი საბოლოო ჯამში, ყველაფერზე თვალს დახუჭავს.
მისივე თქმით, წნეხი, რომელიც გაზრდილია საქართველოს მოქალაქეებზე, იმის წინაპირობაა, რომ “ოცნებამ“ რაც შეიძლება მეტი გამოივაჭროს და დასავლეთთან ურთიერთობები დაალაგოს.
“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ე.წ. პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი, სადაც მან 16 და 20 წლის წინანდელი საკითხები ჩამოთვალა. როდესაც ის წინა ხელისუფლების რაღაც ქმედებებზე ლაპარაკობდა, ბრიფინგისთვის თავიდანვე რომ არ მოგესმინა, ჩამონათვალი ერთი-ერთში აჯდებოდა იმას, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს - იქნება ეს მედიაზე ზეწოლა თუ ძალოვანი სტრუქტურების და სასამართლოს რეპრესიულ მანქანად გამოყენება.
ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური როლი დაკავშირებადობის კუთხით. მათი იმედია, რომ დაკავშირებადობა საქართველოს გარეშე ვერ განხორციელდება და უნიკალური მდებარეობა დასავლეთს აიძულებს, რომ საბოლოო ჯამში, გადავიდნენ პრინციპზე - Business as usual და აბსოლუტურად ყველაფერზე თვალი დახუჭონ. ჩვენმა პარტნიორებმა მრავალჯერ განაცხადეს, რომ არ იქნება თვალის დახუჭვა ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები. შესაბამისად, არა მგონია, რომ პარტნიორები ამ პრინციპს უღალატებენ.
მეორე საკითხია, თუ რატომ აქვთ ასეთი განცდა. რეგიონში არსებობს ქვეყნები, რომელთა მაგალითი მათი მხრიდან თვალსაჩინოდ არის დანახული. მიისწრაფვიან ამ მაგალითებით ის სტრატეგიები ჩამოაყალიბონ, რომელიც უნდათ დასავლეთთან ურთიერთობაში ჰქონდეთ, მაგრამ ამას არც ქართველი ხალხი და არც დასავლეთი არ დაუშვებს“, - განაცხადა კახა ჩიქოვანმა.