ლევან ნიკოლეიშვილი - ჩემს სარჩელში ევროკავშირსა და ნატო-ზე არ იყო საუბარი, ჩვენებაში ვთქვი, რომ ამერიკის მაშინდელი ელჩი უშუალოდ იყო ჩართული მტრულ საქმიანობაში, რაც დაკავშირებული იყო რევოლუციის მხარდაჭერასთან

ჩემს სარჩელში ევროკავშირსა და ნატო-ზე არ იყო საუბარი. ჩვენებაში ვთქვი, რომ ამერიკის მაშინდელი [2024 წლის] ადმინისტრაცია და კერძოდ ამერიკის მაშინდელი ელჩი უშუალოდ იყო ჩართული მტრულ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებული იყო რევოლუციის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მოწმის სახით იკითხებოდა.

ნიკოლეიშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომლის მიმართვის საფუძველზეც აღნიშნულ საქმეზე დაიწყო გამოძიება.

როგორც ნიკოლეიშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, სასამართლო სხდომაზე მან ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყანა ნეიტრალური გზით უნდა წავიდეს, რათა გადარჩეს.

„თითქოს მე ამერიკის შეერთებულ შტატებს ვამხელ ჯაშუშურ საქმიანობაში, ეს ტყუილია, ასეთი რამ მე არ მითქვამს. მე ვთქვი ის, რომ ამერიკის ერთ-ერთი ელჩი იყო ჩართული ოპოზიციის აქციებში. რაც შეეხება კაია კალასსა და ევროკავშირის სხვა ბიუროკრატებს, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მოწოდებულნი არიან იმისთვის, რომ რამენაირად საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი, უყენებენ ათასნაირ ულტიმატუმს და აშანტაჟებენ, აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია და ეს პოზიცია არაერთხელ გვაქვს დაფიქსირებული ჩვენს პარტიას, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება არ არის ის გზა, საითაც უნდა წავიდეს საქართველო.

ნეიტრალური გზა არის ის გზა, რომელიც გადაარჩენს საქართველოს. საქართველო არ უნდა იყოს არცერთი გაერთიანების წევრი, ვინაიდან დაკარგავს სუვერენიტეტს. ამის ახსნა მომიწია სასამართლოზეც, ვინაიდან ისეთი სახის კითხვები დაისვა, რატომ ნეიტრალიტეტი და რატომ არა ევროკავშირი და ნატო.

არც ნატო-სა და არც ევროკავშირში ჩვენ არავინ არ გვიღებს. თუ ვინმე მასწავლის ისეთ გზას, რომ ჩვენ მიგვიღებენ ან ერთ გაერთიანებაში ან მეორეში, სადაც გათვალისწინებული იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესები, მადლობელი დავრჩები.

რაც შეეხება შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს, კელი დეგნანს, ის არის პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი ნეგატიური როლი ითამაშა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებაში და დღეს დღეობით პოზიცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ურთიერთობების გადატვირთავს ცდილობს, ამას ჩვენ მივესალმებით.

ყველა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს მარტივი ჭეშმარიტება - საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული და ყველა ქვეყანასთან, შეერთებული შტატები იქნება თუ სხვადასხვა გაერთიანება, როგორიცაა ნატო თუ ევროკავშირი, მივისწრაფვით, რომ გვქონდეს თანასწორუფლებიანი ურთიერთობა.

ჩემს სარჩელში ევროკავშირსა და ნატო-ზე არ იყო საუბარი. ჩვენებაში ვთქვი, რომ ამერიკის მაშინდელი [2024 წლის] ადმინისტრაცია და კერძოდ ამერიკის მაშინდელი ელჩი უშუალოდ იყო ჩართული მტრულ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებული იყო რევოლუციის მხარდაჭერაში”, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს