ევროკავშირი არ მიგვიღებს ისეთს, როგორც ამას “ქართული ოცნება” სთავაზობს. ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ არ სჭირდება ასეთი საქართველო არავის, - ამის შესახებ “ევროპელი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.
გამყრელიძემ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-6 კლასტერის გახსნა შეაფასა, ამავე დროს კი გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა შეფასებებს იმის თაობაზე, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება საკუთარი სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე უწევთ. გამყრელიძემ ახსნა, რატომ არ წარმოადგენს პრობლემას მოლდოვის რუმინეთთან შესაძლო გაერთიანება, რასაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოლდოვის სახელმწიფოს გაუქმებად მიიჩნევენ.
“მოლდოვა და რუმინეთი არის ერთი და იგივე ერი, როგორც კახეთი და გურია. ერთსა და იმავე ენაზე საუბრობენ, ერთი ხალხია ერთი გენეტიკითა და ერთი მენტალიტეტით, ამიტომ ის, რომ მათი გაერთიანება, შესაძლებელია, მოხდეს, ეს დასაშვებია.
უკრაინის საკითხი გაცილებით უფრო რთულად მეჩვენება. უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიები აქვს და იმ ტერიტორიებთან ერთად უნდა მიიღოს ევროკავშირმა იმიტომ, რომ არავინ არ ცნობს მათ რუსეთის ტერიტორიებად, ამიტომ ეს საკითხი ძალიან რთულად იქნება გადასაწყვეტი. იმიტომ არის, რომ უნგრეთი ახლაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს სვამს ამასთან დაკავშირებით.
რაც შეგვეხება ჩვენ, უნდა დავსვათ კითხვა, ხელისუფლებას უნდა კი ევროკავშირში შესვლა? იქ გაწევრიანება არის ვალდებულებები, პასუხისმგებლობა გარკვეულ საკითხებზე, პირველ რიგში, კანონის დაცვაზე, სამართლიანობაზე და ა.შ. ეს კი “ქართულ ოცნებას” არ აწყობს.
ჩვენ რასაც ვხედავთ, საქართველო იქცა “ბანანის რესპუბლიკად” და კრიმინალური ფულის სამრეცხაოდ. რაში სჭირდება “ქართულ ოცნებას”, რომ თავის თავზე აიკიდოს რაღაც ვალდებულებები? ამიტომაც იძახიან, მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართო, ასეთს კი ნამდვილად არ მიიღებენ”, - განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოში “უკრაინულ სცენარი” განხორციელდება, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ომის საფრთხე არ არსებობს, თუმცა ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხე რეალურია და ხელისუფლება ამ პრობლემით უნდა დაკავდეს.
“ქართული ოცნება” ცოტა ეშმაკობს, როდესაც ამბობს, რომ იქნება ომი და ა.შ. იცის, რომ ხალხს ეშინია ომის. არანაირი ომი არ იქნება, იმიტომ, რომ რუსეთს ეს არ აწყობს. არაფერში სჭირდება ომი, როდესაც ისედაც ყველაფერში მორჩილია საქართველო, მაგრამ აქ მეორე ძალიან სერიოზული საშიშროებაა. ეს არის ცხინვალის რეგიონის ანექსირება. უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთს თავისთვის უნდოდა - ხერსონი, დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი და ა.შ. მათი ანექსირება მოახდინა და კონსტიტუციაში შეიტანა ისინი, როგორც საკუთარი ტერიტორიები. შესაბამისად, იქ უკვე ომის დამთავრების საკითხი არის ძალიან რთულად. ან ერთმა ქვეყანამ უნდა წააგოს ან მეორემ, ზავი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენთან ასე არ არის. ჩვენთან შეიძლება ოკუპირებულია ეს ტერიტორია, მაგრამ ანექსირებული არ არის.
ცხინვალის რეგიონში ძალიან დინამიკურად იცვლება სიტუაცია. პრეზიდენტი გადადგა, წაიყვანეს და პუტინის თანაშემწედ დანიშნეს, ხოლო რუსეთიდან გამოგზავნეს ადამიანი, რომელსაც ამზადებენ იმისთვის, რომ ხელი მოაწეროს ანექსირების საკითხს.
ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთში ამის გაკეთება არ შეუძლია რუსეთს იმიტომ, რომ იქ აფხაზური მოსახლეობა ამის წინააღმდეგ წავა. სამაჩაბლოში კი პრაქტიკულად არავინ ცხოვრობს, ძალიან მცირე მოსახლეობაა და წინააღმდეგობა არ იქნება.
ეს ყველაფერი ჩვენთვის იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ, თავად სახელმწიფო უნდა ჩაერთოს პირველ რიგში, აქტიურად უნდა მუშაობდეს ამასთან დაკავშირებით, ამის საშიშროება უნდა აღმოიფხვრას.
შესაძლოა, ეს ყველაფერი რუსეთს საქართველოსთან სავაჭროდ სჭირდება გარკვეული პრესინგის თვალსაზრისით, მაგრამ ამ ტერიტორიის დათმობა ჩვენთვის სასიკვდილო დარტყმა იქნება. ამ შემთხვევაში ჩვენ ევროპული გზა კიდევ უფრო შორს გადაიწევს”, - განაცხადა გამყრელიძემ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშზეც ისაუბრა და აღნიშნული ორგანიზაციის მიმართ “ქართული ოცნების” კრიტიკული განცხადებებიც შეაფასა. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორებისგან იყო მცდელობები, ურთიერთობები დაბალანსებულიყო.
“დაპირისპირება მოდის ჩვენი მხრიდან. ეუთოდანაც და ევროსაბჭოდანაც იყო ვიზიტები, მცდელობები, რომ დალაგებულიყო სიტუაცია. ეს ის ორგანიზაციებია, სადაც სხვადასხვა ჯგუფის გავლენებია და ის გაცილებით უფრო მეტი აზრი მუსირებს. ევროკავშირი გაცილებით უფრო ხისტია.
შესაძლებელი იყო საერთო აზრის მონახვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ კონფრონტაციის გზით წავედით, რაც მიმყარებს იმ ეჭვს, რომ ხელისუფლებას უბრალოდ არ უნდა ევროკავშირში საერთოდ იმიტომ, რომ არ აწყობს…
ევროკავშირი არ მიგვიღებს ისეთს, როგორც ამას “ქართული ოცნება” სთავაზობს, შეუძლებელია იმიტომ, რომ არ სჭირდება ასეთი საქართველო არავის. შეიძლება რუსეთმა კიდევ შეაშინოს ევროკავშირი იმ მოთხოვნით, რომ იმეგობროს ისეთთან, როგორიც არის, ევროკავშირი კი რაღაც დათმობაზე წავიდეს. ჩვენ რით უნდა მოვხიბლოთ ევროკავშირი ამ დათმობის სანაცვლოდ, გარდა იმისა, რომ ვართ სატრანზიტო გზის ნაწილი?
ევროკავშირმა შეიძლება საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს ტრანზიტისთვის, მაგრამ არ იმეგობროს მასთან, ეს სრულიად შესაძლებელია”, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.