დაანგრია თქვენმა საქებარმა, რუსეთუმე, მოღალატე “ქართულმა ოცნებამ“ მთელი დიპლომატიური ძალისხმევა დასავლეთთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი შეფასებით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების გაფორმება უნდა და ის, „რასაც ირაკლი კობახიძე აკეთებს, ეს არის ცბიერი მოღალატის ბღავილი“.
„სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ძალიან ცუდ გეოგრაფიულ მდგომარეობაშია, ბოროტების იმპერიას ესაზღვრება და მისი ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალები ძლიერი უნდა იყოს. ჩვენი მეზობელი არის ბოროტების იმპერია, რომელიც დღეს არის მთავარი გამოწვევა მთელ სამყაროში დემოკრატიის და თავისუფლებისთვის, სამხრეთით კიდევ ტერორისტული სახელმწიფო გვესაზღვრება ირანის სახით. ჩამყაყებული, ბოროტი რეჟიმი, რომელიც ძალიან საშიშია იმიტომ, რომ შეშლილი ხალხი მართავს ირანს. როგორც რუსეთს მართავენ შეშლილები, ისე ირანსაც. ამ გეოგრაფიის გათვალისწინებით ვამბობ, რომ ჩვენი ეკონომიკა არ უნდა იყოს დამოკიდებული რუსეთზე და ირანზე. ხორბლის 80%-ზე მეტი რუსეთზე ვართ დამოკიდებული. რუსეთმა რომ გადაწყვიტოს, 1 კვირაში საქართველოში პური აღარ იქნება. საქართველო სხვა ბაზრების ძიებას ვერ მოასწრებს. ეს არის სამშობლოს ღალატი. ამაზე ვსაუბრობ, როდესაც მოღალატეობრივ პოლიტიკაზე ვსაუბრობ. აქ არაფერ შუაშია ფსევდო რაციონალიზაცია, რომელზეც კობახიძე საუბრობს. ეს არის ცვედანი, იმპოტენტური დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესისადმი. გეოგრაფიას რომ ვითვალისწინებ, იმიტომ მინდა ევროპაში. იმიტომ გვინდა იმ კავშირის წევრი ვიყოთ, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა არის, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი არის. ამიტომ მინდა იქ ვიყო, რომ ამ ბოროტების იმპერიამ და ქვემოთ შეშლილი ტერორისტების რეჟიმმა წიხლი არ მომაჭიროს, როგორც დღეს მაჭერს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებას არც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სცემს პატივს და საქართველოს ანექსიას აგრძელებს.
„რუსეთი კარგიაო რომ გვეუბნებიან, „დათვს ბაბაია“ დავუძახოთო, ანექსიას არ ახდენს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების? ახლა ცხინვალის რეგიონის ანექსია არ მიდის? იმის პარალელურად, რომ დასავლეთთან მთელი ურთიერთობა ჩამოშალეს, მათი პარტნიორები მათ უყურებენ, როგორც მონებს. ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და სხვებს უყურებენ, როგორც ვასალებს, მონებს და საკუთარი ხალხის მოღალატეებს. მათ პატივს არც პუტინი სცემს და საქართველოს ანექსიას აგრძელებს. მოსკოვში ღიად მიდის ლაპარაკი ცხინვალის რეგიონის ღიად მიერთებაზე…
საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტებისთვის მტერზეა დამოკიდებული. ჩვენს სუვერენიტეტს აქვს ფუნდამენტური პრობლემა, ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე ორ რეგიონში განთავსებული რუსული არმია და საოკუპაციო რეჟიმები, რომელიც ამ რეგიონში დგას. ჩვენს ტერიტორიაზე მტრის ჯარი დგას. საწვავის 100% რუსეთზეა დამოკიდებული. ელექტროენერგიაზე, გაზზე დამოკიდებულება მზარდია. ეკონომიკურად დამოკიდებული ვართ რუსეთზე და აქ სუვერენიტეტი უკვე მოირღვა. რუსეთის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე და აქ სუვერენიტეტი მოირღვა. ამ ვითარებაში, საქართველოს არმიის დაფინანსება არის 2-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე სომხეთის და 7-ჯერ ნაკლები, ვიდრე აზერბაიჯანის. ამ რეგიონშიც ყველაზე სუსტი ჯარი გვყავს. ეს არის ქვეყანა, სადაც თავდაცვის მინისტრი ჯარს საჭმელს და ეკიპირებას იპარავდა. და ბოლოს, რა სჭირდება საგარეო პოლიტიკას იმისთვის, რომ პატარა ქვეყნის სუვერენიტეტი დიდი და ბოროტი იმპერიის განაპირად შენარჩუნდეს? - ეს არის კარგი, სანდო მეგობრები საერთაშორისო თვალსაზრისით. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, „ქართული ოცნება“ მოღალატეობრივად, რუსეთის სასარგებლოდ, სრულად წყვეტს ურთიერთობას იმ ქვეყნებთან, რომელიც იყვნენ ქართული სუვერენიტეტის გარანტი ქართულ ჯართან, ქართულ ეკონომიკასთან ერთად და ამ ურთიერთობებს ანგრევს. როგორც მეგობრებთან ნდობის დაბრუნებას ძალიან დიდი დრო სჭირდება, თუ ძალიან ცუდ რაღაცას გააკეთებ, იმაზე მეტი დრო სჭირდება დიპლომატიურ ურთიერთობაში. ხელისუფლება სუვერენიტეტის საფუძველს ანგრევს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის დიდი, ძლიერი გაერთიანების ნაწილი და შემდეგ ნატოშიც. ასევე, ანგრევს ქართულ ეკონომიკას და შეიარაღებულ ძალებს. საგარეო პოლიტიკა სუფთად რუსეთის სასარგებლოდ მიდის. მოქმედი ხელისუფლება მოღალატეობრივად ანგრევს მთელს ჩვენს 40 წლიან სისტემას“, -განაცხადა დათუნაშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, მან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუცია და ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა. თაზო დათუნაშვილის განცხადებით, „ნაძირალა და მოღალატეა ირაკლი კობახიძე, რომელიც ამბობს, რომ „ეუთო დაკვეთის შემსრულებელი აღმოჩნდა“.
„არნახული სიგიჟეა. პროვინციული ავტოკრატია, ქაჯობაა, რაშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ. ეს სიველურე, ბევრად უფრო საზიზღარი სანახავია, ვიდრე მაგალითად, ტოტალიტარული რუსეთი. პუტინს იმპერიული იდეა მაინც აქვს და ეს მართლა ორღობის პოლიტიკა არის. ჯერ ეუთო-ში გაუშვა საყეფად მთელი ჯგუფი, ეს ხალხი იქ 4 დღე სამარცხვინოდ ყეფდა, საკუთარ ღირსებაზე გადაბიჯებით. ხალხი პირდაპირ ეუბნებოდა, რომ ეს ჯო უილსონის დაწერილი არ იყო, სისულელეს ამბობ გენაცვალეო, „მოსკოვის მექანიზმის“ მოკვლევა რომ გამოვგზავნეთ თქვენთან, მათ დაწერეს და ჩვენ წერტილ-მძიმესაც ვერ შევცვლითო. 4 დღე მაინც იდიოტობას გაჰკიოდა ეს ხალხი. ბოლოს დარბაზში ფეხები უბაკუნეს. იქიდან არაფრის ამოღება რომ არ გამოუვიდათ და მერე „დიფ სთეითმა“ მოგვიგოო. ეს ხომ 3 წლის ბავშვის დამოკიდებულება არის“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მან ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც ისაუბრა. თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ის ვერავის ურჩევს, ციხეში ყოფნა სჯობს თუ ქვეყნის დატოვება, რადგან ეს ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია.
„ჩვენ ყველანი ბრძოლას ვაგრძელებთ, ეს ინდივიდუალური საკითხია, ძალიან პირადული. ჩემთვის პოლიტიკოსების საქმე პოლიტიკის კეთებაა. ერთი რამ ვიცი, რომ პოლიტიკა ციხიდან ვერ კეთდება, თუმცა ეს არ არის ის საკითხი, რომელიც საჯაროდ უნდა განიხილებოდეს მაშინ, როცა სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ეს იმას არ ნიშნავს, არ ვფიქრობთ და ამაზე არ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ. მზად ვართ იმისთვის, რომ პარტიაც აგვიკრძალონ, ყველა დაგვიჭირონ და ასე შემდეგ“, -განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.