ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026

ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლების მიზანია დაამყაროს რეალური და არა ფასადური რეპრესიული სისტემა”

საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა - “მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას კი არა, უკვე ქართულ სახელმწიფოებრიობას ექმნება საფრთხე...”

ირაკლი მელაშვილი - “რა გამოსავალს სთხოვს დასავლეთს რუსეთის ელიტა...”

ახალი თავდაცვითი სამეული - რას ნიშნავს უკრაინის, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა რეგიონისთვის

ლაშა სუხიშვილი - რატომ იტბორება თბილისი წვიმის დროს - ველური ურბანიზაციის „სითბური ეფექტი?!“

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლების მიზანია დაამყაროს რეალური და არა ფასადური რეპრესიული სისტემა”

“ოცნების” გადაწყვეტილებები ერთი გზით მიდის - გააძლიეროს რეპრესიები და დააშინოს მოსახლეობა. ამის დადასტურებაა ელისაშვილის განაჩენიც. ხელისუფლება ცდილობს დააშინოს ოპოზიციური სპექტრიც და მოსახლეობაც, რათა არავის გაუჩნდეს პროტესტის გამოხატვის სურვილი, დაამყაროს ისეთი რეჟიმი, როდესაც საზოგადოებას ექნება განცდა, რომ ბრძოლას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. დღევანდელი ოპოზიცია მათთვის საფრთხეს შეიძლება არ წარმოადგენს, მაგრამ თუ რაღაც არეულობა დაიწყო და პროტესტმა ქუჩაში ამოხეთქა, შესაძლოა ოპოზიცია საერთოდ წაილეკოს და სრულიად ახალი ლიდერები გამოჩნდნენ. ამიტომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს დღესვე, სანამ შესაძლებლობა არსებობს, ოპოზიციისადმი დამოკიდებულება მტრული გახადოს. შესაბამისად, სურთ დაამყარონ რეალური და არა ფასადური რეპრესიული სისტემა. ესაა მათი მიზანი და სწორედ ამიტომ ცდილობენ იყვნენ შეურიგებლები ნებისმიერი ანტისახელისუფლებო გამოსვლის მიმართ”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “არ არის გამორიცხული, ოპოზიციის ლიდერები ციხეში აღმოჩნდნენ და ...”

“არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციის ლიდერები სხვადასხვა მოტივით ციხეში აღმოჩნდნენ. ამას ამზადებს “ქართული ოცნება” და როცა საჭიროდ ჩათვლის, შემდეგ კონკრეტულ ქმედებებზეც გადავა. ვფიქრობ, ჯერჯერობით, ხელისუფლება ასეთი მასობრივი ნაბიჯებისთვის მზად არ არის, მაგრამ თუ პროცესები ასე გაგრძელდება, დავუშვათ, ერთი წლის შემდეგ თავისუფლად შეძლებს მსგავსი ოპერაციის ჩატარებას - ლიდერების დაპატიმრებასა და ციხეში ჩასმას. ვგულისხმობ ყველას, ვინც დღეს საზოგადოებრივი ოპოზიციის ლიდერია. პრინციპში, ავიღოთ თუნდაც ის ოთხი პარტია, რომლებმაც ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს. ჯერჯერობით, იერიში სწორედ იმ ლიდერებზე მიდის, ვინც ასპარეზზე გამოჩნდა. აი, ეს რვა კაცი ხომ არის, იქიდან სააკაშვილი ისედაც დიდი ხანია ციხეშია, დანარჩენებს კი, ასე ვთქვათ, ისევ ციხეებში მოხვედრა ელით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“სააკაშვილის ქმედებები უფრო დესტრუქციულია საკუთარი პარტიის მიმართ, ვიდრე ხელის შემწყობი. გაუგებარია, რა ახალი მექანიზმი უნდა შექმნას, როდესაც ამბობს, რომ პარტიის მაღლა უნდა ჩამოყალიბდეს ცალკე ორგანიზაცია, რომლის მეთაურიც თავად იქნება, ხოლო საბჭო, თუ რაც დაერქმევა, პარტიაში რეფორმებს გაატარებს, მისი აღმასრულებელი მდივანი კი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. საერთოდ, ეს მიდგომა უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ყველაზე საინტერესო და ცუდი მაინც ის გამოხმაურებაა, რაც ამას პარტიაში მოჰყვა - ყველამ აღფრთოვანებით მიიღო ეს შემოთავაზება. “ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულება სააკაშვილისადმი ზუსტად იგივეა, რაც “ქართული ოცნების” დამოკიდებულება ივანიშვილისადმი - რაც არ უნდა თქვან, ყველაფერზე თანხმდებიან”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სააკაშვილმა აქტიური განაცხადი გააკეთა იმაზე, რომ იყოს არა უბრალოდ წარმომადგენელი, არამედ ლიდერი - ის ისედაც არის, მაგრამ თუ მომავალში ქვეყანაში რამე შეიცვლება, მას სურს მთელი ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინოს. რაც, ვფიქრობ, შეუძლებელია, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ისეთივე უარყოფითი დამოკიდებულებაა, როგორიც 2012 წელს იყო. სწორედ ამიტომ სააკაშვილის ეს განცხადებები ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს - თუ ხელოვნური ერთიანობა მაინც შეიქმნება, მაშინ ის ხალხი, ვისთვისაც სააკაშვილი და “ქართული ოცნება” ერთი და იმავე მონეტის ორი მხარეა, უბრალოდ, არ წავა არჩევნებზე და არ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას. ეს კი ნიშნავს, რომ ”ოცნება~ არა მარტო ხელისუფლებაში დარჩება, არამედ მარტივად მოიგებს შემდგომ არჩევნებსაც და გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღეს ატარებს”, - ამბობს ექსპერტი.

“ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას - ეს ასე იქნება, თუ, რა თქმა უნდა, უკრაინაში პროცესები მათ სასარგებლოდ არ განვითარდა. თუ უკრაინის გაძლიერების ფონზე რუსეთში პოლიტიკურ ელიტაში ანტიპუტინისტური, ოპოზიციური განწყობები დაიწყო, რაც ჯერ რთული გამოსაცნობია, თუმცა კრიტიკულ სიტუაციებში ისტორიულად ხშირად ხდება ხოლმე მსგავსი რამ, მაშინ ამ ფაქტორს სულ სხვაგვარი გავლენა ექნება “ქართულ ოცნებაზეც” და გარკვეულწილად, ჩვენს შიდაპოლიტიკურ პროცესებზეც, მაგრამ, ჯერჯერობით, სანამ არსებული ვითარებაა, “ქართული ოცნება”, რა თქმა უნდა, კვლავ გააგრძელებს თავის ამჟამინდელ პოლიტიკას”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა - “მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას კი არა, უკვე ქართულ სახელმწიფოებრიობას ექმნება საფრთხე...”

“ბათუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე მდგომარეობა შეაფასა. აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს მტკიცე პარტნიორად რჩება, თუმცა, გაფართოების პროცესში წინ მიიწევენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და დემოკრატიულ სტანდარტებს იცავენ. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველო დღეს ამ ქვეყნებს შორის აღარ არის, თუმცა ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ეს ვითარება დროებითია. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე თვლის, რომ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს ყველა პარამეტრით უსწრებს, მაგრამ ოკუპაციაა ის მთავარი ხელისშემშლელი, რაც ყოველთვის უკან ხევდა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ არა მარტო ევროინტეგრაციას, არამედ საერთოდ ქართულ სახელმწიფოებრივობას ექმნება საფრთხე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა - ევროკავშირის ელჩის ახალი გზავნილი.

“ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირი უკვე 30 წელია როგორც მტკიცე პარტნიორი დგას საქართველოს გვერდით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია, მაგრამ ასევე უცვლელია მისი წესებიც, რაც დემოკრატიულ განვითარებას ეფუძნება. “მოხარული ვარ, რომ ევროპის დღეს ისევ აქ, ბათუმში აღვნიშნავთ. “შავი ზღვის მარგალიტი” ბათუმი არის ღია და მრავალფეროვანი ქალაქი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციასა და გამოცდილებას. ვინ, თუ არა თქვენ, ყველაზე უკეთ იცით ტოლერანტობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ფასი. ევროპის ძალაც, არის მრავალფეროვნება და საერთო წესებზე თანხმობა. სწორედ საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უკვე თითქმის 80 წელია. მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც, ევროკავშირი ფართოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ და დასძინა - “დღევანდელი დღე გვახსენებს თუ რა გზა გავიარეთ აქამდე და რამდენს მივაღწიეთ ერთად. წინ, საქართველო, წინ!”- აღნიშნავს გამოცემა.

“ზუსტად იგივე პერსპექტივა, რაც წლების წინათ იყო, ანუ ნულოვანი პერსპექტივა. იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის ეს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა და ევროკავშირის მთელმა ხელმძღვანელობამ - მქონია კონტაქტი და ვიცი, რომ მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და საზღვარი დაცული არაა, უფრო მეტიც, თბილისთან ახლოს რუსეთის სამხედრო ბაზები დგას და რუსეთი ცნობს ორ რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, საერთოდ ლაპარაკი არ არის გაწევრიანებაზე. გაწევრიანების პერსპექტივა არა, მაგრამ, არის კონკრეტული რაღაცეები - ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, ვაჭრობა და ა.შ. - ეს კი შეიძლება, მაგრამ გაწევრიანება - არა. როცა გაწევრიანებაზე იყო ლაპარაკი, ეს ყოველთვის იყო ის, “სტაფილო”, რომელსაც ვირს ცხვირწინ დაუკიდებენ და ეუბნებიან - იარე, იარეო. საქართველო, კანდიდატ ქვეყნებს ბევრად უსწრებს ყველანაირი პარამეტრით, მაგრამ სააკაშვილის მოყვანილი ბაზებია ქვეყანაში”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“სამწუხაროდ, საქართველო იმ ქვეყნების რიგებში აღარაა, რომლებსაც აქვთ პერსპექტივა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ეს პირველ რიგში დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ განსაკუთრებულად დადგა პრობლემები დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობასთან, ადამიანის უფლებათა დაცვასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში დემოკრატიასთან დაკავშირებით პრობლემა ყოველ წელიწადს არსებობდა, მაგრამ ეს განსაკუთრებულად პრობლემატური გახდა საქართველო-ევროკავშირთან ურთიერთობის ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. საერთო ჯამში, პრობლემა მარტო ევროკავშირში გაწევრიანებაზე კი არაა, უკვე ქართულ სახელმწიფოებრიობას ექმნება საფრთხე, იმიტომ, რომ რამდენადაც ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტდებიან, სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურები ექვემდებარებიან “ქართულ ოცნებას” და არა, ვთქვათ, საქართველოს. აი, აქ არის ეს მთავარი პრობლემა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

ირაკლი მელაშვილი - “რა გამოსავალს სთხოვს დასავლეთს რუსეთის ელიტა...”

“გაზეთ “ეკონომისტში” რუსი ოლიგარქის, მელნიჩენკოს, ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც აჩვენებს რუსების შიშს, რომ სახელმწიფო არ დაიშალოს. ნავთობგადამუშავების 40%-მდე გაჩერებულია. ფასების დაცემასთან ერთად, დაზიანებული პორტების გამო ექსპორტიც შეუძლებელია, ქვეყნის ცენტრალური ნაწილი კი საწვავის ქარხნების გარეშეა დარჩენილი... ამას ემატება სოფლის მეურნეობის შეფერხება, რაც შიმშილის საფრთხეს ქმნის. ამ ფონზე პუტინი დასავლეთს ისევ შანტაჟით პასუხობს, რაც მეტს დაგვბომბავთ, მით უფრო ხისტი იქნება ჩვენი პოლიტიკაო. თუმცა ნატოს ბოლო სამიტმა აჩვენა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ძლიერდება - მარტო ევროპელები წელს და გაისად 70-70 მილიარდზე ლაპარაკობენ. უკრაინამ მიიღო უპრეცედენტო უფლება, ლიცენზიით აწარმოოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და “პატრიოტები”. აშშ-ის ეს ნაბიჯი ადასტურებს, რომ პარტნიორები უკრაინის გამარჯვებასა და მის გარეშე ევროპული უსაფრთხოების შეუძლებლობაში საბოლოოდ დარწმუნდნენ. რუსეთის მთელი სამხრეთი რეგიონი მოშიშვლებულია. ფრონტიდან 125 კმ-ის რადიუსში იბომბება ყველა სამხედრო-ლოჯისტიკური გზა... ომის დაწყებიდან მეხუთე წლისთავზე ეს რუსეთისთვის ყველაზე წარუმატებელი პერიოდია... “ - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ახალი პერესტროიკის” მოლოდინში?!

“რუს ელიტას კარგად ესმის, რომ ატომური იარაღის გამოყენება მათვე გაანადგურებს. მელნიჩენკოს წერილი სწორედ იმ გავლენიანი წრის პოზიციას გამოხატავს, ვისაც სისტემის გარდაუვალი კრახის გამო ომის გაგრძელება არ სურს. ისინი დასავლეთთან ვაჭრობენ, რათა თავიდან აიცილონ სამი მთავარი შიში: რუსეთის დაშლა, დაჩოქება ან კოლონიად გადაქცევა. ელიტა მეგობრობას არ ითხოვს, თუმცა სურს დასავლეთი მათ სუვერენიტეტსა და ინტერესებს შეეგუოს. ყირიმს პირდაპირ არ თმობენ, მაგრამ ვაჭრობენ. ასე იკვეთება ორი განსხვავებული ხაზი - პუტინი და ელიტა. ამ უკანასკნელისთვის ომი მხოლოდ სახელმწიფო შეკვეთებით გამდიდრების წყაროა, ფრონტზე კი ჩვეულებრივი ხალხი კვდება - მაღალჩინოსანთა შვილებიდან იქ არავინაა. ატომური დარტყმით მილიარდერები და პუტინის გარემოცვა ყველაფერს დაკარგავენ, ამიტომ, ვიდრე ეს მოხდება, უმალ თავად პუტინს გაისტუმრებენ. პუტინის განცხადებები ირაციონალური და რეალობას აცდენილია, მაგრამ 21-ე საუკუნეში, როცა კოსმოსიდან ყველაფერი ხელისგულივით ჩანს, ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნით. ზელენსკიმაც კი დასცინა პრესკონფერენციაზე - ტრამპის კითხვაზე, წავა თუ არა მოსკოვში, უპასუხა, იქ საშიშია, უკრაინული დრონები დაფრინავენო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“ეკონომიკური წნეხი, რომელიც რუსეთში სექტემბრის ბოლომდე უფრო გაძლიერდება, ახლა მთავარ დარტყმას აყენებს ქვეყანას. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები თუ ჩავარდა, რუსეთში შიმშილის პრობლემა დადგება. ჩემი აზრით, რუს ელიტას მალე რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს... ახალი საყოველთაო მობილიზაცია მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ პოზიციებზე მეტი რუსი ჯარისკაცი გამოჩნდება, რაც უკრაინული დრონების რაოდენობას გააორმაგებს, ეს რესურსი კი ტექნოლოგიურად მოწინავე უკრაინას აქვს. რუსი ზეტ-ანალიტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ უკრაინამ ტაქტიკა შეცვალა - ფეხით, მსუბუქად გადაადგილდებიან, საჭირო ეკიპირებას კი წინა ხაზზე მძიმე კოპტერებით იღებენ. დრონებით კონტროლირებად გარემოში ასეთი სწრაფი და მობილური მანევრი გადამწყვეტია. უკრაინელები ამაში ბევრად ჯობნიან რუსებს, რომელთაც მსგავსი მძიმე დრონები არ აღმოაჩნდათ. ეს უპირატესობა აბათილებს კრემლის ჭარბ ცოცხალ ძალას. რუსეთს ჯარის ნაკლებობა კი არა, ტექნოლოგიური ჩამორჩენა ახრჩობს. უკრაინელებმა რობოტიზებული საშუალებებით, უჯარისკაცოდ და მსხვერპლის გარეშე, 16 000 ლოკალური ოპერაცია ჩაატარეს, რუსებმა კი - არც ერთი”- განაგრძობს გამოცემა.

“ამ ეტაპზე რუსეთის “უპირობო მარცხზე” არავინ ლაპარაკობს. უკრაინას ახლა ტაქტიკური ამოცანა აქვს - მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას არსებულ პოზიციებზე. ისინი ჭკვიანები არიან და კარგად ესმით ძალთა თანაფარდობა. თავდაცვა ერთია, მაგრამ შეტევას ცოცხალ ძალაში სამი ერთზე უპირატესობა სჭირდება, უკრაინას კი ჯარისკაცების დიდი დეფიციტი აქვს. თუმცა მათ ეს სიმცირე სწორედ ტექნოლოგიური უპირატესობით დააბალანსეს, რამაც რუსების წინსვლა შეაჩერა. ახლა საუბარია იმაზე, რომ საომარი მოქმედებები შეჩერდეს იმ პოზიციებზე, სადაც დგანან, ოღონდ ეს რუსეთისთვის სიკვდილია - ფაქტობრივად, ვერ აღწევს ვერც ერთ მიზანს, რომელიც 2022 წელს დაისახა... ამასთან, პუტინს არავინ ჰპირდება, რომ საომარი მოქმედებების გაჩერება რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ნიშნავს. ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფულ დღეშია, აფეთქებული ქარხნების აღდგენას კი მილიარდები სჭირდება, რაც რუსეთს უბრალოდ აღარ გააჩნია. ამ ფონზე საინტერესოა ჩინეთის როლი - უკრაინული ბრიგადები ღიად იბრძვიან ჩინური იარაღით, მაგალითად, გაეროს მიერ მკაცრად კონტროლირებადი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, რაზეც პეკინს ხმა არ ამოუღია. ეს ამსხვრევს კრემლის ილუზიას დასავლეთის წინააღმდეგ ჩინეთთან ერთობლივ ალიანსზე”, - ამბობს ანალიტიკოსი.

“ცოტა ხნის წინ გაჟონილი ფარული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღის გამოცდას სთავაზობს სამხედრო ტექნოლოგიების სანაცვლოდ - ტექნიკას მაინც ვერ აწარმოებთ, ქარხნებს გიფეთქებენ და ჩვენ გამოვუშვებთო. პეკინი, ფაქტობრივად, ძარცვავს რუსეთს და მის ჯარისკაცებს საცდელ ვირთხებად იყენებს, იარაღის რეალური მიწოდება კი არ ხდება. პირიქით, ჩინეთს ომის გაგრძელება აწყობს, რადგან დემპინგურ ფასად ყიდულობს რუსულ ნავთობსა და ხეტყეს, სანაცვლოდ კი ორივე მხარეზე დიდი რაოდენობით ყიდის დრონებისა და სამხედრო ტექნიკისთვის საჭირო ჩიპებსა და ელექტრონიკას. დღეს რუსეთის ელიტის გადარჩენისა და მილიარდების ხსნის ერთადერთი ფორმულაა - “პუტინი არა”. ისინი ხედავენ კრემლის მარცხს და უფრთხიან ჰიტლერისეულ სცენარს, როცა განადგურების პირას მყოფი ლიდერი მზად არის საკუთარი იდეების კრახის გამო მთელი ქვეყანა თან გაიყოლოს. რუსეთში ყველაზე მეტად დაშლის ეშინიათ. დემოკრატიის მიუღებლობაც იმ ისტორიული გამოცდილებიდან მოდის, რომ რეფორმებს ყოველთვის კოლაფსი მოსდევდა”, - თვლის ირაკლი მელაშვილი.

“მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეგიონებს ეკონომიკურად ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ - საბჭოთა კავშირის დაშლამდე ვლადივოსტოკიდან მოსკოვამდე გზაც კი არ არსებობდა, 2010 წელს გაყვანილი ტრასა კი დღესაც უვარგისია. კალინინგრადი ევროპისკენ იხედება, ხოლო ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი, საიდანაც ცენტრი მთელ რესურსებს ქაჩავს, ბუნებრივად უკავშირდებიან იაპონიას, ჩინეთსა და სამხრეთ კორეას. ცენტრის დასუსტება მყისიერად გააცოცხლებს 90-იანი წლების “რუსულენოვან სეპარატიზმს”. ადგილობრივი ელიტა პირდაპირ სვამს კითხვას: “რატომ უნდა გვკარნახობდეს მოსკოვი, როგორ ვიცხოვროთ?” შორეულ აღმოსავლეთში, გუბერნატორ ფურგალის დაჭერისა და გუბერნატორის მოსკოვიდან დასმის შემდეგ, ათიათასობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში. პროტესტი ჩაახშვეს, მაგრამ მოსკოვისადმი ბოღმა არსად გამქრალა. მოსკოვი დამპყრობლად იქცა საკუთარ ქვეყანაში. კრემლის მორჩილი ოლიგარქები კი ფულს სწორედ ამ განაპირა მხარეებში აკეთებენ და საფრთხეებს კარგად აცნობიერებენ”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“მელნიჩენკო ინტერვიუში ხაზს უსვამს, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის, რაც რუსეთის ტერიტორიის 70%-ია, მოცილებით დარჩება ცენტრალური ნაწილი, სადაც მოსახლეობის 90% ცხოვრობს, მაგრამ თავად არაფერს აწარმოებს. ეს დაშლა პირველ რიგში დასავლეთისთვის იქნება კატასტროფა - ევროპული რუსეთი დარჩება უფულოდ, უპერსპექტივო ქარხნებითა და სოციალური კოლაფსით, ოღონდ ბირთვული არსენალით ხელში. ამ საფრთხის დანახვებას ცდილობენ დასავლეთისთვის, რათა აგრძნობინონ, ნამეტანს ნუ იზამთო... მელნიჩენკოს წერილში პირდაპირ ჩანს, რომ რუსულ ელიტებს ტრანსფორმაცია მოუწევთ. საუბარია ახალ დემოკრატიზაციის პროცესზე, რომლის ძალებიც თავად ელიტიდან უნდა გამოიძებნოს. ეს არის სიგნალი დასავლეთისთვის. რუსეთში ხომ დარწმუნებული არიან, რომ საბჭოთა კავშირი დასავლეთმა დაშალა, სინამდვილეში კი თავისით დაიშალა. ახლა ამ წერილებითა და რიტორიკით დასავლეთს მოუწოდებენ, იგივე არ ქნათ, რაც საბჭოთა კავშირის დროს მოხდა, ხელი არ შეუწყოთ რუსეთის დაშლას, რადგან ჩვენ აქ ახალი პერესტროიკა გვაქვს დასაწყებიო. სწორედ ეს არის მათი მთავარი გზავნილი - ქვეყანაში უნდა დაიწყოს ტრანსფორმაცია, პროცესში უნდა ჩაერთონ სამოქალაქო საზოგადოება და ეკონომიკური ელიტა, და უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული საჯარო დემოკრატია. რუსეთს სხვა გზა, უბრალოდ, აღარა აქვს”, - დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.

ახალი თავდაცვითი სამეული - რას ნიშნავს უკრაინის, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა რეგიონისთვის

“უკრაინამ თურქეთსა და აზერბაიჯანთან თავდაცვის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება დაიწყო, რომლის განხორციელებაც მაღალი ტემპით მიმდინარეობს - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის ფარგლებში, რომელიც ნატოს სამიტის პარალელურად გაიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში გაწეული მხარდაჭერისთვის ოფიციალური მადლობა გადაუხადა. ზელენსკის თქმით, ბაქოსა და ანკარასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკული პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმებული მიმართულებებით სწრაფი ტემპით მიიწევენ წინ, თუმცა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ერთობლივი პროექტების კონკრეტული დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალი თავდაცვითი სამეული - რას ნიშნავს უკრაინის, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა რეგიონისთვის.

“საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული თანამშრომლობის ინსტიტუციური ფორმირება ექვსი ორმხრივი შეთანხმების პაკეტის ხელმოწერის შემდეგ დაჩქარდა. ამ შეთანხმებების ფარგლებში, შესაბამის უწყებებს დაევალათ უპილოტო სისტემების, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების კომპონენტების ერთობლივი წარმოებისა და ინჟინერული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა. ასევე, პარტნიორები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ უპილოტო საფრენი აპარატების საბრძოლო გამოყენების გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის გაცვლას. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაიას განცხადებით, უკრაინა-თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ რეგიონში რუსების ინტერესები შეიკვეცება. რაც კიდევ უფრო ხაზგასასმელია ეს ანკარაში, ნატოს სამიტის პერიოდში მოხდა. საქართველო კი სამიტზე თამაშგარე მდგომარეობაში იყო, რაც ძალიან ცუდია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საკმაოდ სერიოზული განცხადებაა, ზელენსკი საკმაოდ სერიოზულ თანამშრომლობაზე გავიდა. ალიანსის სამიტზე უკრაინა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, პრაქტიკულად დე ფაქტოდ ვრცელდება მეხუთე მუხლი... შესაძლოა უკრაინას, თურქეთსა და აზერბაიჯანს მოლდოვაც შეუერთდეს, ეს სუამის აღდგენის ვარიანტს ჰგავს, როგორც თავის დროზე ანტირუსული ჰეგემონობის გავლენის შესაფერხებლად შეიქმნა და ამ მხრივ დიდი როლიც ითამაშა. დღესაც უკრაინა მოიაზრებს სწორედ ახალი ტიპის რეგიონული უსაფრთხოების სისტემის და თავდაცვითი სამხედრო-პოლიტიკური დე ფაქტო ბლოკის შექმნას. ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ შავი ზღვისა და კასპიისპირეთის არეალში რუსების ინტერესები გარკვეულწილად შეიკვეცება. უკრაინა უკვე ჩაერთვება გეოეკონომიკური სატრანზიტო კომუნიკაციების დაცვის საქმეში, უკრაინას უკვე დიდი გამოცდილება აქვს. ის კონსულტაციას უწევს აშშ-ს ახალი ტექნოლოგიური სამხედრო დრონების შემუშავება-განვითარებაზე და მით უმეტეს ახლა იქნება საინტერესო მომენტი, უკრაინის გამოცდილების გაზიარება სატრანზიტო-კომუნიკაციების კუთხით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ლაშა სუხიშვილი - რატომ იტბორება თბილისი წვიმის დროს - ველური ურბანიზაციის „სითბური ეფექტი?!“

“ზაფხული იქნება გამორჩეულად ცხელი. გვექნება თავსხმა წვიმებიც, ისეთი, რომელმაც შეიძლება გაგვაკვირვოს... წყალდიდობა რამდენიმე ტიპის არსებობს, მაგრამ რაც ჩვენ გვაინტერესებს, არის ურბანული წყალდიდობა და არა მდინარის ადიდების გამო. ურბანული წყალდიდობა დაკავშირებულია იმასთან, რომ წვიმას ზედაპირზე ხვდება წყალგაუმტარი ზედაპირი - ასფალტი, ბეტონი და მისი ნაწილი ნიადაგში ვერ ჩაიჟონება, რის გამოც წყალი ზედაპირზე რჩება. მაგალითად, 25 წლის წინანდელ თბილისში, რომელიც ამხელა არ იყო და არც ამდენი ქუჩა არსებობდა, მოვიდოდა წვიმა და ამ წყლის დიდი ნაწილი ჩაიჟონებოდა ნიადაგში, ასფალტზე ძალიან ცოტა რჩებოდა. რა თქმა უნდა, მაშინაც იყო წყალდიდობები, მაგრამ არა ასეთი ხშირი და ასეთი ინტენსივობის. ამ საკითხის მოგვარება შეიძლება შევადაროთ საცობების პრობლემას, როცა გზის გაგანიერება საცობს ვერ შველის. ეს სადრენაჟე ქსელიც უსაშველოდ ვერ გაიზრდება და უსაშველოდ დიდი გამტარუნარიანობის ვერ გახდება. თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი ქუჩა მაინც თბილისში, რომელიც გაგანიერდა და ამის გამო საცობი აღარ არის? ანალოგიური რამ ხდება სადრენაჟე სისტემების შემთხვევაში”, - აცხადებს ექსპერტი, პროფესორი ლაშა სუხიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით ველური ურბანიზაციის „სითბური ეფექტი“?!

“რა თქმა უნდა, არსებული სისტემები გასაწმენდია, ახლებიც გასაყვანია, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი ველური ურბანიზაციის პირობებში წვიმის წყალს გაუძლოს. ვერ გაატარებს ამდენს, იმიტომ, რომ ყოველი ქუჩა წყალდიდობის ცალკე კონტრიბუტორი ხდება. იქმნება ახალი ქუჩები, ახალი წყალგაუმტარი ზედაპირები და პირობითად, 10 ლიტრი მოსული წვიმიდან 9 ლიტრ-ნახევარი ზედაპირზე რჩება, მაშინ როცა ბუნებრივ გარემოში 10 ლიტრი რომ მოვიდოდა, შეიძლება 6 ლიტრი მიწაში ჩასულიყო და ზედაპირზე ოთხი რჩებოდა. ქუჩათა ქსელი, მით უმეტეს, ახალი, აგროვებს ამ წყალს ერთი ქუჩიდან მეორეში, მერე ეს ორი შენაერთი მესამე ქუჩაზე გადადის და ასე იქმნება წყალდობები. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ძალიან მეეჭვება დიდი მასშტაბის სადრენაჟე სისტემის გაყვანამ ეს პრობლემა გადაჭრას. ესეც გავლილი აქვს ევროპას, გაჰყავთ ახალი სადრენაჟე სისტემებიც, ძველებსაც წმენდენ და აფართოებენ, მაგრამ ასევე გადადიან წყალგამტარ ზედაპირებზე - ეს არ ნიშნავს, რომ ასფალტი უნდა აყარონ ქუჩებზე. სადაც შესაძლებელია, წყალგაუმტარ ზედაპირებს ტოვებენ, სხვაგან კი აბრუნებენ ისეთ ზედაპირს, რომ წვიმის წყალი ჩავიდეს ნიადაგში და არ დააწვეს სადრენაჟე სისტემას გასატარებლად”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა სუხიშვილი.

“კანალიზაცია არ უნდა იყოს მიერთებული წვიმის წყალარინულ სისტემაზე. ჩვენთან 70-80-იანი წლების მოთხოვნებზე დაპროექტებული სადრენაჟე სისტემაა, რაც ისედაც არასაკმარისია, ამ საწყალ პატარა სადრენაჟე სისტემას, სანამ წვიმის წყალს გაატარებს, მანამდე კანალიზაციის გატარებაც უწევს, რაც წარმოუდგენელი ამბავია. არ ექცევა ყურადღება ზედაპირული წყლების მართვას, რომელიც ძალიან ზუსტი საქმეა, ყველა სანტიმეტრი და მილიმეტრი მნიშვნელოვანია. ძალიან მარტივად ვიტყვი. ალბათ, ნებისმიერ ფერმერს მიუქცევია ამაზე ყურადღება, მაშინ, როდესაც მის ნაკვეთში ტრაქტორი მუშაობს, ის იწყებს მიწის დატკეპვნასაც თავისი წონის გამო. ეს კი იწვევს იმას, რომ მის მეზობელ უბანში, ის ადგილი, რომელიც არ არის დატკეპნილი, იხრამება. ანუ დატკეპნილში ვეღარ ჩადის წვიმის წყალი და იჩაგრება მისი მეზობელი, დაუტკეპნავი უბანი, რომელიც იხრამება ჭარბი წყლის გამო. იგივე ხდება ქალაქშიც - ასფალტი და ბეტონი წყალს ვერ ატარებს, მაშინ როცა მისი მეზობელი დაუტკეპნავი ბუნებრივი გარემო მარტივად იწოვს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რამხელა მნიშვნელობა აქვს დატკეპნილ ზედაპირს, რომელიც ხვდება წვიმას ქალაქში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ტყუილად არ არის გზების კიდეებზე დრენაჟები. მაგალითად, წყნეთიდან ბეთანიისკენ მიმავალ გზაზე არის დრენაჟები დატანებული, რათა წვიმის წყალი თავისუფლად ჩავიდეს და არ დარჩეს ზედაპირზე. წვიმის წყალს გონივრულად მართვა სჭირდება. სანამ უბნების მშენებლობაზე სამშენებლო ნებართვა გაიცემა, ვინმე აქცევს ყურადღებას, რომ იმ უბანს დასჭირდება ახალი გზა, რაც გამოიწვევს ახალი წყლის ნაკადს ქვედა უბნებში, ქვედა უბნების დრენაჟი კი არ არის გათვლილი ამხელა დატვირთვაზე... წვიმების შემთხვევაში პრევენციაა წინასწარი კვლევა და განსახლების პოლიტიკა, ანუ სად შეიძლება იცხოვროს ადამიანმა და სად არ შეიძლება, იმიტომ, რომ მისი ტერიტორია, დაბალი ალბათობით, მაგრამ შეიძლება დაიტბოროს. ყველა ასეთ დეტალს თავისი მიდგომა სჭირდება და თავისი სპეციფიკა აქვს”, - განმარტავს ლაშა სუხიშვილი.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს