საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
- ბატონო ვაჟა, რადგან, ახლა ყველაზე აქტუალურად განხილვადი თემა ეუთოს ჰააგის სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაა, საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ.
ეუთოს ჰააგის სამიტზე 57 წევრმა ქვეყანამ სრულად დაუჭირა მხარი აშშ დელეგაციის ინიციატივას საქართველოში რეპრესიების შეწყვეტის და პოლიტპატიმრების დაუყონებლივ გათავისუფლების აუცილებლობას. ასევე მოუწოდა საქართველოს გამოიძიოს 2024 წლის არჩევნებზე ეუთოს დამკვირებლების მიერ დაფიქსირებული სერიოზული დარღვევები.
ეუთოს სამიტმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ევროპის საბჭოსთან, ასევე ვაშინგტონთან გართულებული ურთიერთობები აქვს. ანკარაში ახლახან გამართულ ნატოს სამიტზეც არ მიუწვევივართ.
ეუთოს სამიტის გადაწყვეტილებებზე „ქართული ოცნების“ რეაქცია და განცხადებებიც მრავლად იყო. მათი არსი ასეთია - უკან არ დავიხევთ, ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმესაც ბოლომდე მივიყვანთ, არც კანონებს, რომელიც არასამთავრობო სექტორს უზღუდავს საქმიანობას, არ გავაუქმებთ, არც პოლიტპატიმრებს არ გავანთავისუფლებთ და საერთოდაც დავფიქრდებით შემდეგ არჩევნებზე დამკვირვებლებად მოვიწვიოთ თუ არა ეუთო/ოდერი.
თქვენ როგორ შეაფასებდით ეუთოს ჰააგის სამიტის საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას და მასზე „ქართული ხელისუფლების კომენმტარებსა და რეაქციას?
- ყველაფერი ისეა, როგორც ვერდის ოპერაში - ყველა თავის არიას ასრულებს, ყველას თავისი პარტია ეძვირფასება და ალტერნატივას ვერ ხედავს. საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, ობსტრუქციას უწყობს ევროსტრუქტურებს, ევროკავშირი განაგრძობს მონოლოგის რეჟიმში საქართველოსადმი ქედმაღლური და გამანადგურებელი ნაბიჯების გადადგმას, ეს ორივე კი მაინცა და მაინც გულზე არ ეხატება ტრამპს და მის ადმინისტრაციას, რადგან ტრამპს უნდა სხვანაირი ევროკავშირი და თავად რომ ვერ წარმოუდგენია, ისეთი საქართველო.
ასეთ დროს მეტი კეთიგონიერება გვმართებს, ეგზისტენციურ საფრთხეებამდე შორს არ ვართ. არაერთხელ აღმინიშნავს, იმპერიის ნანგრევებზე აღმოცნებული ყველა სახელმწიფო როდი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და ხშირად სახელმწიფოებრიობაც კი შემოეფშვნება ხოლმე ხელში.
ადამ და ევადან თუ არა, მაკედონელის იმპერიის დაშლიდან მოყოლებული, ასეა. ასეთი საფრთხე ჩვენ გვეგონა, რომ როგორც ძველი ისტორიის და სახელმწიფოებრიობის მქონე ერს, არ გვემუქრეებოდა. პრობლემები, ვფიქრობდით, შეექმნებოდათ უკრაინას, ყაზახეთს, ცენტრალური აზიის ქვეყნებს, აზერბაიჯანს, რომელთაც დღევანდელი მოცემულობით, ხანგრძლივად არასოდეს უცხოვრიათ, როგორც სახელმწიფოებს.
მეტი კეთილგონიერება გვმართებს, ეგზისტენციურ საფრთხეებამდე შორს არ ვართ. არაერთხელ აღმინიშნავს, იმპერიის ნანგრევებზე აღმოცნებული ყველა სახელმწიფო როდი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და ხშირად სახელმწიფოებრიობაც კი შემოეფშვნება ხოლმე ხელში
არ აღმოჩნდა ასე. ჩვენც იმავე საფრთხის წინაშე ვდგავართ და აქ საბჭოთა საქართველოს ტერიტორიის 22%-ის დაკარგვას არ ვგულისხმობ მხოლოდ.
ჰააგის სამიტზე საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადწყვეტილებაც ამას ადასტურებს.
ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ევროკავშირში გაწევრების და ევროკავშირთან დაახლოების, მის კანონმდებლობასთან და ზოგადად, პრინციპებთან თავსებადობის საკითხი, ამ წუთისთვის, ამ მომენტისთვის, მოხსნილია დღის წესრიგიდან. ამ რეალობას ვერაფერს მატებს კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლის არსებობა.
ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და შევეგუოთ აზრს, რომ ვითარება გარშემო იცვლება, მალევე ჩამოყალიბდება ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და ძალთა ბალანსი მსოფლიოში. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ევროპელი სოციალ-დემოკრატების მამის, - ბერშტეინის საყვარელი პრინციპით, - „მოძრაობა ყველაფერია, საბოლოო მიზანი - არაფერი“. მიზნის არსებობა, ამ სიტუაციაში, უბრალოდ გამორიცხულია. ვაგლახ, რომ ასეა.
როცა ხელისუფლებათა ცვალებადობას აუცილებელ მომენტად არ მიიჩნევს, ამით მმართველი პარტია, დასავლური დემოკრატიის პრინციპებს უკვე ცალსახად ემიჯნება. ერთი პარტია კი, სულაც იაპონიის დღევანდელი მმართველი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მსგავსადაც რომ გამართულლად ფუნქციონირებდეს, ათეულობით წლებია რომ მართავს ქვეყანას და სანიმუშო შიდაპარტიული დემოკრატიითაც გამოირჩევა.
მაშინაც კი, ტრანსფორმაციული სტადიის ქვეყნებში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, ერთი და იგივე ძალა, უწყვეტად, ათეულობით წლების განმავლობაში, წრმატებულად ვერ შეძლებს ქვეყნის მართვას. ეს პრინციპული და ბევრის განმსაზღვრელი მომენტია.
ჩვენ მოგწონს თუ არა დღევანდელი დასავლური დემოკრატია, ის ამისგან განსხვავდება. ჩვენ უფრო ვემსგავსებით ყაზახურ, აზერბაიჯანულ და უკეთეს შემთხვევაში, თურქულ დემოკრატიებს და არა, მოგწონს თუ არა, დღევანდელ ევროპულ დემოკრატიას.
ამიტომ, ზედმეტი თვითგვემით თავს ნუ შევიწუხებთ. ეს პინგ-პონგი ჩვენს ხელისუფლებასა და ევრობიუროკრატიას შორის, არაფრის მომტანია. არც ერთი მხარისთვის. ამიტომ, იქ რა წერია, სამწუხაროდ, ნაკლებადაა მნიშვნელოვანი.
ზედმეტი თვითგვემით თავს ნუ შევიწუხებთ. ეს პინგ-პონგი ჩვენს ხელისუფლებასა და ევრობიუროკრატიას შორის, არაფრის მომტანია. არც ერთი მხარისთვის. ამიტომ, იქ რა წერია, სამწუხაროდ, ნაკლებადაა მნიშვნელოვანი
ახლა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ნეტარი ოპოზიციის თაობაზეც ვთქვათ - გაუთავებელი ლაპარაკი პოლიტპატიმრებზე, რეპრესიებზე და ევროსტრუქტურების მითითებების ზედმიწევნით შესრულების აუცილებლობაზე, აზრს მოკლებულია - ყრუთა დიალოგს ჰგავს ბრმებთან.
და აქვე, - შექმნილ ვითარებაში დაშვებულ შეცდომებზე რომელიმე ოპოზიციურმა ლიდერმა, ან პოლიტიკურმა ძალამ პასუხისმგებლობა იკისრა?.. „რევოლუციური სცენარი“ ერთხანს მთავარი სამოქმედო გეზი და პრინციპი იყო - „ძველი ბოლშევიკები“ გვერდით მიდგნენ და არენაზე მსოფლიო ბანი და ყოფილი გენერალური პროკურორი გამოიყვანეს. რევოლუციური სცენარი ჩავარდა და ამის გამო მხოლოდ ბურჭულაძემ და ზოდელავამ უნდა აგონ პასუხი? თანაც ციხეში ყოფნით.
მოდით, ჯერ ოპოზიციამ კეთილი ინებოს და აღიაროს დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმურობა, სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში და მერე ვისაუბროთ რეპრესიებზე, პოლიტპატიმრებზე, მათ არსებობასა თუ არარსებობაზე. ვერანაირი რეზოლუცია და დირექტივა შორიდან, ვერ მოხსნის ასეთი საყოველთაო პროცესის რეანიმირების აუცილებლობას.
მოდით, ჯერ ოპოზიციამ კეთილი ინებოს და აღიაროს დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმურობა, სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში და მერე ვისაუბროთ რეპრესიებზე, პოლიტპატიმრებზე, მათ არსებობასა თუ არარსებობაზე. ვერანაირი რეზოლუცია და დირექტივა შორიდან, ვერ მოხსნის ასეთი საყოველთაო პროცესის რეანიმირების აუცილებლობას
ნატოს სამიტზე არ მიგვიწვიეს. რომ მივეწვიეთ, - რა?
თუ დასავლეთს საქართველო სჭირდება ნატოში, გამარტივებული პროცედურებითაც მშვენივრად მიგვიღებს, როგორც ეს ფინეთის შემთხვევაში მოხდა.
სხვა მხრივ, რუსეთის რეაქცია იქნება სერიოზულად დამაზიანებელი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. თუ უკრაინასთან ომში რუსეთი დამარცხდება, ეს სხვა გლობალურ პროცესს დაუდებს სათავეს და მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
მაგრამ რუსეთის დამარცხებაში ჩვენც ხომ უნდა შევიტანოთ წვლილი, რახან ეს ხელს გვაძლევს?
- რა თქმა უნდა, თუ შეგვიძლია.
ამ მიმართებით ისიც ღიად უნდა ითქვას, რომ სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ მზად არ ვართ და მოარული ხმები პარტიზანული მეთოდებით რუსეთთან ომზე, სასაცილოა, როცა დედაქალაქში, სავარაუდო დაბომბვის შემთხვევაში, არც ერთ საცხოვრებელ მიკრორაიონს და კორპუსს თავშესაფარი არ აქვს და მხოლოდ მეტროსადგურებისა და გვირაბების გამოყენება თუ შეიძლება საამისოდ. და არაა ეს საყველპურო საუბრის თემა.
და რაც მთავარია, ქართული საზოგადოების უმეტესობას არ სურს რაიმე სახით ომში ჩაბმა, ნებისმიერ ომში, ნებისმიერი მიზნით. მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. და ამას თავისი წინაპირობები აქვს.
აი, ასეა პრობლემები, მარგალიტის მძივივით, ერთმანეთზე ასხმული. თორემ ჩვენი მმართველი პარტიის და ოპოზიციური, სხვა და სხვა ჯურის ოპოზიციური ძალების სისუსტე, მათი არაადეკვატურობა და არათანმიმდევრულობა, ისედაც ცხადია.
- ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ეუთოს სამიტის გადაწყვეტილებაზე, ისევე როგორც ევროპარლამენტის, მანამდე ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია არა თუ კრიტიკული იყო, არამედ რჩებოდა შთაბეჭდილება რომ მიზნად ისახავდა საქართველოს ევროპული სტრუქტურებიდან დისტანცირებასა და იზოლაციას.
შედეგად გვაქვს ის, რის გაკეთებასაც წლებია თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად აკეთებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური, ანტიევროპული განცხადებებითა და რიტორიკით. ამ თემაზე ბევრი განცხადება მოვისმინეთ მმართველი გუნდის ლიდერებისაგან.
უცნაური ისაა, მაშინ როცა ევროპული სტრუქტურები კანონის უზენაესობაზე, პოლიტიკური პროცესის გამჭირვალეობაზე, ოპონეტების არშევიწროებაზე, მოსამართლეების კორპუსის ევროპულ ღირებულებებთან შესაბამისობაზე გვესაუბრებიან, უმრავლესობის ლიდერმა ლევან მაჭავარიანმა კი განაცხადა - „სულ დღეს რომ მიგვიღონ ევროკავშირში ყოველგვარი დათქმების გარეშე და გვითხრან დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა საქართველოში, ეს არის წითელი ხაზი, გამორიცხულია“.
რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის დაშვებას. მას შემდეგ რაც ამ თემაზე ჯერ კიდევ ღარიბაშვილის პრემიერობისას ჩვენთვის მისაღები ჩანაწერი გაკეთდა კანონმდებლობაში, ამ თემაზე ევროპიდან არც არავინ გვაწუხებს.
გვეუბნებიან ოპონენტებს ნუ დევნით, ტროტურაზე დგომისთვის ხალხს ნუ აკავებთ, მოსამართლეები მიუკერძოებულები უნდა იყვნენო და აქედან პასუხია - „ლგბტ პროპაგანდის დაშვება წითელი ხაზია“.
თქვენც გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უარს ამბობს არა მხოლოდ ევროკავშირზე, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების „დასავლურ მოდელზე“?
- არ მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დასავლურ მოდელზე უარის თქმას ნიშნავს. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან რომ გავიდა, ცხადია, ამით ევროპულ მოდელს არ გამიჯვნია, უბრალოდ, იქ ყოფნის დადებითი და უარყოფითი აწონ-დაწონა.
ევროკავშირთან დამოკიდებულების დაყვანა „ლგბტ-პროპაგანდასთან“ დამოკიდებულებამდე, ასევეა პრობლემის პროფანაცია.
საქართველო, უნდა თუ არა ეს ვინმეს, კავკასიის ნაწილია, აღმოსავლეთის ნაწილია და მსგავსი მგრძნობიარე თემებისადმი დამოკიდებულება საფრთხილოა. საქართველო, თავისი ისტორიული მისიიდან გამომდინარე, უნდა იყოს რეგიონის დასავლეთისკენ სვლის მებაირახტრე, აჩვენებდეს იმის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება უკეთესი მერმისისკენ და პროგრესის მეწინავე პოზიციებისკენ სახელმწიფოებმა, ერებმა და ხალხებმა იარონ თავისი იდენტობის, წარსულისა და ტრადიციების ზედმიწევნით დაცვასთან და შენაჩუნებასთან ერთად.
აქ, ექსპერიმენტები და პროცესების დეტერმინიზაცია დამღუპველი და უკუშედეგის მომცემია.
ამიტომ, რაც საქართველოში ამ მიმართებით გაკეთდა, ვფიქრობ, საკმარისი იყო. რამდენად ზუსტი, სწორი და შესატყვისი, სადაო საკითხია, მაგრამ იყო გადაწყვეტილებები კომპრომისების დაშვების გარეშე, ისე რომ არც ადამიანის უფლებები ირღვეოდა და არც ტრადიციულ ფასეულობებსა და ღირებულებებს ადგებოდა ჩრდილი. ამ თემატიკის პოლიტიკის საკვანძო საკითხად გადაქცევა მიზანშეწონილი არ არის და ყველა მხრიდან მარტივი პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზანი უდევს საფუძვლად.
არ მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დასავლურ მოდელზე უარის თქმას ნიშნავს. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან რომ გავიდა, ცხადია, ამით ევროპულ მოდელს არ გამიჯვნია, უბრალოდ, იქ ყოფნის დადებითი და უარყოფითი აწონ-დაწონა
საქართველოს მთავრობა კრიტიკულია ევროკავშირის დღევანდელი ლიდერების მიმართ. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, არც ევროკავშირის ქვეყნებშია ამ მხრივ სიმშვიდე და უღრუბლო ზეცა.
ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა ლიბერალური დემოკრატიის ბოლო ციტადელია, რომელიც ღრმა კრიზისში შევიდა დასავლეთში და ტრამპის მოხმობა გახდა საჭირო ამ კრიზისიდან და ჩიხიდან დასავლეთის გამოსაყვანად.
ჩვენ ვხედავთ ვითარებას გერმანიაში, სადაც „ალტერნატივა გერმანიისათვის“ ერთ-ერთი მოწინავე პოლიტიკური ძალაა, ასევეა საფრანგეთში, სადაც ამჯერად ისევ მელანშონი იხსნის სიტუაციას, თუ მარინ ლე პენი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა ლიბერალური დემოკრატიის ბოლო ციტადელია, რომელიც ღრმა კრიზისში შევიდა დასავლეთში და ტრამპის მოხმობა გახდა საჭირო ამ კრიზისიდან და ჩიხიდან დასავლეთის გამოსაყვანად
იტალიაში, წარსულში უკიდურესად მემარჯვენე ჯორჯა მელონი ზის ტახტზე, ხოლო დიდ ბრიტანეთში, სადაც ნაიჯელ ფარაჯს - „მოძრაობა ბრიტანთის რეფორმირებისთვის“ - რა უყონ, არ იციან, - ვითარება არანაკლებ დამაფიქრებელია.
დარწმუნებული ვარ, იცნობთ მათ მოსაზრებებს ურსულა ფონ დერ ლაიენის და სხვათა საქმიანობის შესახებ.
ჩვენი პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მათ შეფასებებთან შედარებით, ბავშვურ ლუღლუღად მოგეჩვენებათ.
- ხელისუფლება გვარწმუნებს რომ იგი მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს. ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ევროპის საბჭოსთან, ასევე ვაშინგტონთან გართულებული გვაქვს ურთიერთობები, ანკარაში ახლახან გამართულ ნატოს სამიტზეც არ მიუწვევივართ. ამის ფონზე ხელისუფლება ამტკიცებს რომ ქვეყანა მრავალვექტორულ პოლიტიკას ატარებს.
სხვათა შორის, ნატოს ანკარის სამიტზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს. ბევრი თვლის, რომ -„ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია.“
მეტიც, საუბარია იმაზე, არაა გამორიცხული ალიანსმა იფიქროს „მონტრეს კონვენციის“ მკაცრი შეზღუდვების გვერდის ავლაზე, რაც გაზრდიდა დასავლეთის საზღვაო გავლენას შავ ზღვაში. ვითარებაში, როცა ახლა მსოფლიოში ძალთა ბალანსი ასე გამოიყურება - აშშ, ევროპა, ჩინეთი და მისი სატელიტები რუსეთისა და ირანის ჩათვლით. ახლა მსოფლიოში ტურბულენცია საკმაოზე მეტად მაღალია, საქართველო კი იმ პროცესების მიღმა რჩება, სადაც ახლა ყალიბდება ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა.
როგორც ჩანს, ტრამპი ვერ შეძლებს რუსეთის იძულებას შეწყვიტოს ომი უკრაინასთან. ვხედავთ, რომ ამას ახლა თავად უკრაინა აკეთებს, რის ფონზეც პრეზიდენტი პუტინი ტრამპს ეუბნება რომ სურს პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა და დიალოგი. თუმცა, ამის შემდეგ კეთდება განცხადებები რომლის თანახმადაც მოსკოვი კიევისაგან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას ნიშნავს. ამის პარალელურად რუსეთი კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების კვარტალებს დაუნდობლად ბომბავს.
ვითარებაში, როცა ახლა რუსეთს უჭირს უკრაინულ დრონებთან გამკლავება, რუსეთს ყოველ დღე ნაკლები რესურსი აქვს აწარმოოს წარმატებული ომი უკრაინასთან, ასეთ ვითარებაში რამდენად გამართლებულია ოფიციალური თბილისის ნახევრადმრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა?
ხომ არ არის ამგვარი პოლიტიკა საქართველოს ერთი ერთზე რუსეთთან დატოვების ხელშეწყობა, რომელსაც სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის აღდგენა სურს, რასაც ქალბატონი ზახაროვა კვირა არ გავა, რომ არ შეგვახსენოს?
- მოდით, ჯერ შევთანხმდეთ, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მიგვიწვევენ თუ არა ნატოს სამიტზე. რომ გვიწვევდნენ, - რა მივიღეთ შედეგად - ნატოში მიგვიღეს, თუ ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინეთ.
მთელ ამ პროცესში ექსტრაორდინარული ის იყო, რომ ერთხელაც შემოგვთავაზეს ნატოში გაწევრიანება ნატოს წესდების მე-5-ე პუნქტის გარეშე, რაც ნიშნავდა, რომ გარკვეულ დრომდე, ჩვენი იურისდიქცია აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე არ იქნებოდა აღიარებული.
ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ - ნატო და შავი ზღვა.
თუ ტრამპიზმი ოთხწლიანი ლოკალური ექსპერიმენტი არ აღმოჩნდება და თვითონ იმპერატორი დონალდი და მისი მემკვიდრეები იმავე პოლიტიკას გააგრძელებენ ანუ ტრამპი შექმნის ღერძს - თურქეთი-„ტრამპის გზა“-ცენტრალური აზია, ანუ გახლეჩს გეოპოლიტიკურ სერპანტინს და სახიფათოდ მიუახლოვდება ირანს, ავღანეთს და ჩინეთს, ამ ღერძის ბოლო ეპიცენტრად უკანასკნელ ხანებში გამოჩნდა მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, 260 მლნ ადამიანით, მე-5-ე პოზიციაზე მყოფი პაკისტანიც, - ისლამური ქვეყანა ატომური იარაღით, - ცხადი ხდება, რომ ამ უზარმაზარი სახმელეთო ატომური ხომალდის ზურგი, რა თქმა უნდა, ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაში ძევს.
გეთანხმებით, უკიდურესად ტურბულენტური მსოფლიო. თქვენ ბრძანებთ, რომ საქართველო ამ პროცესების მიღმა რჩება. იქნებ ეს უკეთესიც იყო. როცა ამ პროცესზე და საერთოდ პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ ახდენ, იქნებ სჯობდეს დამკვირვებლის როლი, თუმცა, არც ისე უნდა ვქნათ, რომ როცა ყველაფერი მინელდება, რომელიმე მძლავრი ვეშაპის იოლი ლუკმა გავხდეთ
ერთ მინიშნებასაც გავაკეთებ აქვე - ანაკლიის პორტს ჩინური კომპანია აღარ ააშენებს და ის როცა აშენდება და თუ აშენდება, საქართველოს სახელმწიფოს გამგებლობაში იქნება. ესეც საყურადღებოა, ვფიქრობ.
გეთანხმებით, უკიდურესად ტურბულენტური მსოფლიო. თქვენ ბრძანებთ, რომ საქართველო ამ პროცესების მიღმა რჩება. იქნებ ეს უკეთესიც იყო. როცა ამ პროცესზე და საერთოდ პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ ახდენ, იქნებ სჯობდეს დამკვირვებლის როლი, თუმცა, არც ისე უნდა ვქნათ, რომ როცა ყველაფერი მინელდება, რომელიმე მძლავრი ვეშაპის იოლი ლუკმა გავხდეთ.
- უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში ურთულესი ვითარებაა. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკის დაახლოებით ორი კვირაა დაანონსა „რუსეთის მშვოდობის იძულების ოპერაციის“ დაწყება, რომელიც სავარაუდოდ, 6 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
ამისთვის უკრაინა ტექნოლოგიურ უპირატესობას იყენებს. უკრაინულ დრონებს მწყობრიდან გამოიყვანთ რუსეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები, რის გამოც ნავთობის მწარმოებელ რუსეთს პრობლემები შეექმნა მოსახლეობისა და საწარმოებისათვის ბენზინის მიწოდებაში. საქმე იქამდე კი მივიდა რომ რუსეთმა ბენზინის მიწოდების მოთხოვნით მეზობელ ყაზახეთს მიმართა.
უკრაინულმა დრონებმა გაანადგურეს 38 რუსული საზღვაო ხომალდი, რომლებიც ცდილობდნენ აზოვის ზღვიდან ყირიმში საწვავის მიწოდებას. ურთულესი მდგომარეობაა ყირიმის ნახევარკუნძულზე.
ყირიმში პრაქტიკუალად განადგურებულია თითქმის ყველა მნიშვნელოვანი რუსული სამხედრო ობიექტი. თუ მანამდე ყირიმიდან ოჯახები გაჰყავდათ რუს ოფიცრებს, ახლა ოჯახების გაყვანა ჰყავთ დაწყებული ოკუპირებული ყირიმის რუსული ადმინისტრაციის საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანებს.
ვხედავთ, კრიზისულ და ჩიხურ ვითარებაში მყოფ პუტინს, კრემლის ადმინისტრაციისა და რუსული პოლიელიტის წარმომადგენლებს, მათ შორის დაბნეულ და გამწარებულ კრემლის პროპაგანდისტებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში ისე დაბნეულ-გაბრაზებულები საუბრობენ, რაც ტვ ეთერებისთვის, როგორც მინიმუმ, პოლიტიკურადაც კი არაეთიკურიცაა.
ბოლო დღეებში მოსკოვში განვითარებულმა მოვლენებმა გვანახა, რომ უკრაინა-რუსეთის ომი არა თუნდაც 9 თვეში არ დასრულდება, არამედ, როგორც მინიმუმ 2-3 წელი მაინც გაგრძელდება. პუტინი და კრემლის ხელისუფლება მანამდე იბრძოლებს, ვიდრე სრულ კონტროლს არ დაამყარებს დონბასის 4 ოლქზე.
ფრონტის ხაზზე წარმატებისა და უპირატესობის მიღწევის შესაძლებლობა არც ერთ მხარეს არ აქვს. ფაქტია, რომ ახლა ორივე მხარე მტრის გამოფიტვასა და მეორე მხარის დასუსტებაზე მუშაობს.
ახლა ვხედავთ, რომ ევროპის გარდა უკრაინას აშშ-ც უჭერს მხარს. „ინტერპრესნიუსისათვის“ მიცემულ წინა ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - „როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი“.
რა მოლოდინი გაქვთ უკრაინასა და რუსეთს შორის იმ ფორმით დაპირისპირების გაგრძელებაზე, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს?
- ვიდრე ამ მოცულობით კითხვაზე გაგცემთ პასუხს, შევთანხმეთ რამდენიმე მომენტზე. - რუსეთი აგრესორია, მას ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიები, რუსეთ-უკრაინის ომის ინიციატორი რუსეთი იყო და ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, როგორც აგრესიის მსხვერპლს.
თუმცა, მსხვერპლია რუსეთიც. 90-იანებში, როცა სოციალისტური სისტემა დაინგრა და საბჭოთა კავშირი დაეცა, შესაბამისად, დასავლეთს მოეხსნა საბჭოთა კავშირის მხრიდან საფრთხე, რომლის ატომური ქობინებიც შტატებსა და ევროპაზე იყო დამიზნებული.
დამიზნებული ეს იარაღი დასავლეთზე დარჩა, მაგრამ დასავლეთს იმედი ჰქონდა, რომ მისთვის სასურველი ხელისუფლებისა და მის მიერ მართვადი ოლიგარქების მეშვეობით გააკონტროლებდა რუსეთსაც და მის სიმდიდრესაც.
ამიტომ, დასავლეთი დათანხმდა გორბაჩოვ-შევარდნაძის შეთავაზებას, რომ გერმანიის გაერთიანების სანაცვლოდ დასავლეთს აეღო ვალდებულება, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა. თანხმობა მიღებულ იქნა, მაგრამ დოკუმენტირებული სახე, სათანადო ფორმით, არ მიუღია.
მოგეხსენებათ, ნატო გაფრთოვდა აღმოსავლეთისკენ, ხოლო უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემდეგ, პერსპექტივაში, ფაქტობრივად თოფის დამიზნების მანძილზეც მიუახლოვდებოდა კრემლის კურანტებს.
როცა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ვერსიებზე ვისაუბრებთ, ეს ფაქტორი არავის უნდა გამორჩეს მხედველობის არედან.
და კიდვ ერთ მომენტზე ყურადღების გამახვილება შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს - ომის დასასრულებლად, თქვენ წარმოიდგინეთ, მთავარი დაბრკოლება ოკუპირებული ტერიტორიების უკაინისთვის დაბრუნების საკითხი არ არის. ეს საკითხი ექვემდებარება დარეგულირებას ორმხრივი კომპრომისის გზით. მთავარია, ვინ გააკონტროლებს იმას, რაც უკრაინისგან დარჩება, ან თუ არ დარჩება და გამთლიანებული გამოვა ამ ომიდან უკრაინა, - მას ვინ გააკონტროლებს.
მთავარი დაბრკოლება ოკუპირებული ტერიტორიების უკაინისთვის დაბრუნების საკითხი არ არის. ეს საკითხი ექვემდებარება დარეგულირებას ორმხრივი კომპრომისის გზით. მთავარია, ვინ გააკონტროლებს იმას, რაც უკრაინისგან დარჩება, ან თუ არ დარჩება და გამთლიანებული გამოვა ამ ომიდან უკრაინა, - მას ვინ გააკონტროლებს
ვინც გააკონტროლებს უკრაინას, ის გააკონტროლებს და მას დარჩება სამომავლოდ, რუსეთის გაკონტროლების რეალური პერსპექტივა და შანსი. მით უმეტეს, ომში რუსეთის დამარცხების შემთხვევაში.
ეს საკითხი, სადღეისოდ, ღიაა. ამიტომ არის ომის დასრულება, ერთ-ერთი მონაწილის ფაქტობრივი მარცხის გარეშე, დღეს, არარეალური.
ჩემი აზრით, ესაა მთავარი.
- ბოლო წლებია მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საქართველოს დამოკიდებული რუსულ ბაზარსა და რუსულ წარმოებაზე. ეს რომ ასეა, საკმარისია ნებისმიერ სუპერმარკეტში შევიდეთ და დახლებს გადავავლოთ თვალი, სადაც რუსული პროდუქცია აშკარად დომინირებს.
თუ რუსეთში ბენზინის კრიზისთან დაკავშირებული პრობლემები იმ ფორმით გაგრძელდა, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, რუსეთში ხორბლის მოსავლის აღებაც კი გაუჭირდებათ. ფაქტია, რომ საქართველო დღეს რუსულ ხორბალზე უფროა დამოკიდებული ვიდრე დაახლოებით 5-6 წლის წინ, როცა საქართველო ხორბალს მსოფლიო ბაზრებზე ყიდულობდა.
როგორც ამბობენ, უკრაინა-რუსული ომის ფონზე ქართული ბიზნესი რუსულ ბიზნესთან ურთიერთობის ფარგლებში საკმაოდ ხეირობს. მაგრამ, არაა გამორიცხული რუსულ პროდუქციის გარკვეულ ნაწილს გაუჭირდეს ქართულ ბაზარზე მოხვედრა. თუმცა, სხვადასხვა ინფორმაციით, ჩეჩნური საწვავით ახლა ხერხდება ის რომ, არ ჩავარდეს ტურისტული სეზონი აფხაზეთში.
გარდა ამისა, თუ ვითარება რუსეთში მნიშვნელოვნად გაუარესდა, თან პუტინმა არჩევნების შემდეგ საყოველთაო გაწვევის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში იძულებით ჩამოსული „რუსი ტურისტების“ რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
თუ უკრაინა-რუსული ომი კიდევ 2-3 წელი გაგრძელდა რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ქართულ ბაზარს? რას მოუტანს საქართველოს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების კიდევ უფრო გაზრდა?
რა საფრთხეები შეიძლება წარმოშვას რუსეთიდან საქართველოში „რუსი ტურისტების“ დიდი ნაკადის შემოსვლამ?
- პოლიტიკა განსაზღვრავს ეკონომიკას და განვითარების მიმართულებას, მაგრამ ხშირად, თვითონ პოლიტიკა არის ეკონომიკის მძევალი. ეკონომიკური ინტერესი ანგარიშს არ უწევს გეოპოლიტიკურ რეალიებს და სარგებლობის მისაღებად ყველაფერზეა წამსვლელი. თუმცა, აქ ფრთხილი მოქმედებაა საჭირო.
ამ თვალსაზრისით, საილუსტრაციოდ, ერთი ამბავი მახსენდება - 90-იანების ბოლოს დასავლური კომპანიები გააქტიურდნენ მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების საქართველოზე გატარების მიმართულებით. ისინი აწყობდნენ ბრიფინგებს და იქაურ და აქაურ მედიაში ვრცელდებოდა საინტერესო ინფორმაციები.
მაგრამ შევარდნაძე დუმდა. ამის გამო მედია მას მკაცრად აკრიტიკებდა და ამათრახებდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე, როცა საკითხი პრინციპულად დავუსვით, მან მიიხედ-მოიხედა და თქვა, - აქ მგონი სულ ჩვენი მედიაა და ვიტყვი - გადასარევია ეს მაგისტრალები, საჭიროს გაგვხდის დასავლეთისთვის და ამას რა სჯობს, მაგრამ როცა ამაზეა საუბარი, ვფიქრობ, რა რეაქცია ექნება რუსეთს. მას ბევრი ბერკეტი აქვს, რომ ამ პროექტების განხორციელება ჩაშალოს...
ასე რომ, პოლიტეკონომია მარტო ძველი და წასული მეცნიერება არ არის. რა თქმა უნდა, რუსულ ეკონომიკაზე მიბმა არ ვარგა, ისე როგორც არ ვარგა მიბმა თურქულ ეკონომიკაზე, რისი ნაწილიც, ბოლო 30 წლის განავლობაში, ჩვენ ფაქტობრივად ვიყავით.
პოლიტიკა განსაზღვრავს ეკონომიკას და განვითარების მიმართულებას, მაგრამ ხშირად, თვითონ პოლიტიკა არის ეკონომიკის მძევალი. ეკონომიკური ინტერესი ანგარიშს არ უწევს გეოპოლიტიკურ რეალიებს და სარგებლობის მისაღებად ყველაფერზეა წამსვლელი. თუმცა, აქ ფრთხილი მოქმედებაა საჭირო
ჩვენს კარგ მეზობელს, აზერბაიჯანს, თავისი ინტერესები აქვს საქართველოსთან მიმართებაში. ენერგომატარებლების მესამედს რომ აწვდის იტალიას, ეს საქართველოს ტერიტორიის გავლით ხდება. ერთ-ერთი ასეთი კომპანიის მენეჯერად დაინიშნა ჩვენი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი...
ასე რომ, ეკონომიკა და პოლიტიკა სულ გადაჯაჭვულია და შენ დამოუკიდებლობა მხოლოდ იმისთვის კი არ გინდა, რომ ჰიმნი იმღერო და დროშები აფრიალო. იმისთვისაც გინდა, რომ მეზობლების (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ყაზახეთი) ინტერესი საქართველოსა და მისი ეკონომიკისადმი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გარდასახო და გამოიყენო.
ასეთ შემთხვევაში, ვთქვათ, რუსეთის მანევრები, ვერ დაგაზიანებს - ხან რუსეთში სურსათზე ზედამხედველობის კომისიას შეუძლია დაბლოკოს ქართული ციტრუსი და ვაშლი, ხან სომხური ხილ-ბოსტნეული და ყვავილები არ მიიღოს. არც სომხური კონიაკი, რასაკვირველია... სომხური საქონლის ქართულ ბაზარზე გადმომისამართება, ფასებს დაბლა სწევს, ესეც არ გეგონოთ კომისიის მუშაობის შედეგი... ხანაც სარგებელი სხვანაირია - ჩვენთან იაფია სომხური ლურჯი მოცვი, ხოლო ქართული ლურჯი მოცვი ამაზე ძვირი რუსეთში ღირს.
ასე რომ, პოლიტეკონომია, გნებავთ პოლიტეკონომიკა საინტერესო სფეროა და ჩვენი ქვეყნის საფრთხედ კი არა, შესაძლებლობად შეიძლება იქცეს საქმის ცოდნის შემთხვევაში.
- ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ამას წინათ მთავრობის გადაწყვეტილებას დიდი განხილვა მოჰყვა. ერთი შეხედვით კარგია, რომ ანაკლიის პორტის მფლობელი სახელმწიფო იქნება, მაგრამ, მეორე მხრივ, საუბრები იმაზე რომ პორტს, შესაძლოა, არ ექნეს გარანტირებულად ტვირთები, იმაზე მიანიშნებს, რომ პანისლამური სოლიდარობის გამო არაა გამორიცხული ცენტრალური აზიის ტვირთებმა არა ჩვენს „შუა დერეფანზე“, არამედ ზანგეზურის კორიდორზე გაიაროს.
სამწუხაროდ, დამაჯერებლად გამოიყურება მტკიცება, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ახლოვადიან პერსპექტივაში არ აშენდება. ამის მიზეზი კი იქნება ის, რომ როცა რეგიონში სერიოზული ცვლილებები ხდებოდა, საქართველომ მოვლენებისთვის, უკეთეს შემთხვევაში შორიდან ყურება არჩია. აუარეს შემთხვევაში ან ჩინეთის, ანაც რუსეთის სასარგებლოდ არ იაქტიურა და წაგებული თავად დარჩა.
ვიცი რომ ეკონომიკურ საკითხებში საკმაოდ კარგად ერკვევით. თქვენი გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ ყოველთვის გამოირჩეოდა ეკონომიკური საკითხების ღრმა ცოდნით. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებამ?
ვითარებაში, რომ ახლა პოლიტიკური მიზეზების გამო ტვირთების გადაზიდვების მარშუტების ცვლილებების დროა, რამდენად ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ?
- რა თქმა უნდა, მეტი პორტი, მეტი შესაძლებლობა და ეკონომიკის მეტი პერსპექტივაა. თუმცა, ანაკლიის პორტი უფრორე პოლიტიკური საკითხია. ეს კარგად გამოჩნდა იმ პერიოდშიც, როცა ანაკლიის პორტს ხაზარაძე და კომპანია აშენებდა. ყველა, ვისაც ეს პორტი აინტერესებდა, ცალი თვალით ჩინეთისკენ იყურებოდა.
ბუნებივიცაა, რადგან ჩინეთია იმ ტვირთების მბადი, რამაც რეგიონსა და საკუთრივ საქართველოზე უნდა გაიაროს. ანაკლიის პორტისადმი დამოკიდებულება იმთავითვე არაერთგვაროვანი იყო. მიზეზი ყველას თავისი ჰქონდა - სხვა - აფხაზ სეპარატისტებს, სხვა - რუსებს, სხვა - შეერთებულ შტატებს და სხვა - ჩინეთს. ყველას თავისი არგუმენტი ჰქონდა პორტის მშენებლობის იდეის შესაფერხებლად.
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მთავრობისავე ნებით, ან უნებლიედ, ამ ყველაფერს ითვალისწინებს და სამომავლოდაც ტოვებს მანევრირების საშუალებას
მოდით, ვიყოთ გულახდილები - რუსეთს ამ პორტის სამომავლო პერსპექტივაზე მეტად, სხვა რამ აშფოთებდა. ესაა ამ პორტის ღრმაწყლოვანი ხასიათი და მის მიერ დიდი წყალწყვის, მათ შორის, სამხედრო გემების მიღების შესაძლებლობა. ამ მხრივ მონტრეს პრინციპებიც კი აღარ შეიძლება აღმოჩნდეს ხელისშემშლელი.
ამ ყველაფერთან ერთად, გავიხსენოთ „ტრამპის ღერძი“ (სირია-თურქეთი-„ტრამპის გზა“-ცენტრალური აზია-პაკისტანი) და შავი ზღვის სულ სხვა ფუნქცია მოჩანს ამ ფანტასმაგორიული ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევაში.
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მთავრობისავე ნებით, ან უნებლიედ, ამ ყველაფერს ითვალისწინებს და სამომავლოდაც ტოვებს მანევრირების საშუალებას.
- ეუთოს ჰააგის სამიტზე მიღებულ რეზოლუციაში საუბარია იმაზე რომ მმართველმა გუნდმა 2024 წლის საპარლამეტო არჩევნებისას დაშვებული შეცდომებისა და გადაცდომების საქმეები უნდა გამოიძიოს.
გარდა ამისა, აღნიშნულია რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის პირობები არ არსებობს. ეს ალბათ, „ქართული ოცნების“ ხელსიუფლებისათვის, ყველაზე მტკივნეული ჩანაწერია, ჰააგის ეუთოს სამიტის შედეგებზე მმართველი გუნდის რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, „ქართული ოცნება“ ამ მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.
ტერორიზმის მუხლით ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ ფლანგზე. ბევრი თვლის რომ ამ სასჯელს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ და „ალდეს“ მომხდარის შეფასება მოითხოვა. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პოლიტიკური ორგანიზაციები ტერორიზმის მხარდამჭერები იქნებიან.
პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებას - „მიდგომა „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“ არის ზუსტად ქვეყნის ღალატი, ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას საგამოძიებო უწყებები“.
ამ განცხადების შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი რომ საგამოძიებო უწყებები ოპოზიციის ქმედებებს სწორედ იმ კვალიფიკაციას მისცემენ, როგორც პრემიერმა თქვა.
რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ ქართული პოლიტიკური ველის თავისებურად რეკონსტრუირებისთვის ემზადება, რაც გულისხმობს ერთი მხრივ „პოლიტიკური ველის მოსუფთავებას“, ხოლო მეორე მხრივ, თუ ბატონ ივანიშვილის ცნობილ გამოთქმას გავიხსენებთ მმართველი გუნდისთვის „შუის გაკრეფას“.
თუ ამ გეგმების განხორციელება მმართველი გუნდმა შეძლო, 2028 წლის არჩევნებისთვის, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ქართული პოლიტიკური ველი?
- არ მიმაჩნია სწორად პოლიტიკოსების მიერ ისეთი ცნებების გამოყენება, როგორიცაა „მოღალატე“, „ხალხის მტერი“, „აგენტი“ და ა.შ.
მინდა პრემიერსაც და სხვებსაც ვურჩიო, თავი შეიკავონ ასეთი დეფინიციების გამოყენებისგან. მით უმეტეს, პრემიერი კობახიძე განათლებული პიროვნებაა და ერთ-ერთი გამონაკლისთაგანია ივანიშვილის გუნდში, რომელსაც პოლიტიკოსი შეიძლება ეწოდოს.
ვიცით და გვახსოვს, რა მოჰყვა გასული საუკუნის 30-იანებში „ხალხის მტრის“ იარლიყის გამოყენებას.
ისიც შევნიშნოთ, რომ მმართველ ძალას, დრო და დრო მიავიწყდება ხოლმე პარტიების აკრძალვის თემა. როგორც ჩანს, ეს ტრამპის ადმნისტრაციისგან მომავალ ღია თუ კულუარულ გზავნილებზეა დამოკიდებული. მე არც პარტიების აკრძალვის იდეის მომხრე ვარ. ხელოვნურად „კონსტრუქციული ოპოზიციის“ შექმნა, ყოველთვის უშედეგოდ დამთავრდება.
მე არც პარტიების აკრძალვის იდეის მომხრე ვარ. ხელოვნურად „კონსტრუქციული ოპოზიციის“ შექმნა, ყოველთვის უშედეგოდ დამთავრდება
რაც შეეხება პოლიტიკური ველის მოსუფთავებას, ის ისედაც ზომაზე მეტად სუფთაა და ამ მხრივ, ივანიშვილს ვითარება გაუიოლეს თავად ჩვენი ოპოზიციის ლიდერებმა „რევოლუციური სცენარით“, პარლამენტის და ხელისუფლების დელეგიტიმაციის კურსით, საზოგადოებისგან მოწყვეტით და ა.შ.
რაც შეეხება საპროტესტო აქციებისას დაკავებულების გათავისუფლებას, უფრო რეალურად ეს ტრამპის ადმინისტრაციისა და საქართევლოს მთავრობის წარმომადგენლების სამუშაო რეჟიმში, მაღალ დონეზე შეთანხმების კონტექსტშია მხოლოდ შესაძლებელი.
დასანანია ალეკო ელისაშვილის ფაქტი. ის ენერგიული, პერსპექტიული პოლიტიკოსია, რომელიც „თბილისის ჰამქარში“ საქმიანობის პერიოდიდან მახსოვს. მაგრამ მან, როგორც გონიერმა ადამიანმა, ხელი უნდა აიღოს მსგავსი მეთოდებით პოლიტიკურ ბრძოლაზე და სასურველია, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს და საზოგადოებას.
აქვე, ალეკოს, როგორც მასზე უფროსი, ერთ ფაქტორზე ვურჩევდი ყურადღების გამახვილებას - პოპულიზმი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის ეფექტური. როცა დემოკრატიული პროცესი სრულფასოვნად აღდგება, პოლიტიკა ისეთივე შრომატევადი რუტინა გახდება, როგორიც, მაგალითად მაღაროში მუშაობა, ფოლადის დნობა თუ კომპანიის ფინანსური მენეჯერობაა.
ქართული პოლიტიკური ველი თავისუფალია და ელის ლიდერს, რომელსაც მიიღებს „ოცნების“, „ნაციონალების“, „კონსერვატორების“ და „გირჩის“ ელექტორატის უმეტესობა, ანუ ქართული „დიფ სთეითი“. ეს არ იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივა
ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს. დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია. ამიტომ, რა იქნება 2028-ში, ძნელი სათქმელია. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ 2028-ში გამოჩნდება პარტია, რომელიც ჩაანაცვლებს ხელისუფლებაში „ქართულ ოცნებას“.
- იმავე წელს? - შემეკითხებით.
- შეიძლება, იმავე წელსაც - გიპასუხებთ. მაგრამ ვფიქრობ, ეს უფრო მოხდება შემდეგი, ვადამდელი არჩევნებისას.
ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული - საგარეო ფაქტორი ისევ დომინირებს ქართულ პოლიტიკაში. ოღონდ, ჩამნაცვლებელი, ვფიქრობ, არ იქნება ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც წარმოადგენენ ნანუკა ჟორჟოლიანი, თინა ბოკუჩავა, ნიკა გვარამია, გიორგი გახარია, ბადრი ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ვიქტორ ჯაფარიძე, ზურაბ მახარაძე, იაგო ხვიჩია, გიგა ბოკერია...
ქართული პოლიტიკური ველი თავისუფალია და ელის ლიდერს, რომელსაც მიიღებს „ოცნების“, „ნაციონალების“, „კონსერვატორების“ და „გირჩის“ ელექტორატის უმეტესობა, ანუ ქართული „დიფ სთეითი“. ეს არ იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი