გიორგი ტუმასიანი - ივანიშვილის დღის წესრიგია „ჩაეხსნას“ რუსეთს და შექმნას ალტერნატიული სისტემა, რომლითაც ძალაუფლებას შეინარჩუნებს - ის ვაშინგტონს ევაჭრება და რისკი, რომ გეოპოლიტიკური ინტერესები დემოკრატიულ ნორმებს გადაწონის, საკმაოდ მაღალია

ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგია „ჩაეხსნას“ რუსეთს და შექმნას ალტერნატიული სისტემა, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს - ის ვაშინგტონს ევაჭრება, თანაც რიტორიკაში დამთხვევა ნამდვილად აქვთ და ივანიშვილი ამის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ პარტია „ჯერ საქართველოს“ მრჩეველმა, გიორგი ტუმასიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გაიაზრა, რომ რუსეთზე ფსონი ეფექტური აღარ არის და ამიტომ, ავტონომიური ავტოკრატიის ჩამოყალიბება გადაწყვიტა.

ტუმასიანი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის დღის წესრიგი არის სხვა ავტორიტარული ბანაკის წარმომადგენლებთანაც ურთიერთობების დალაგება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აგრძელებს თავის ძალისხმევას, აღადგინოს ვაშინგტონთან ტრანზაქციული ურთიერთობები. ივანიშვილმა გაიაზრა, რომ რუსეთზე მისი ფსონი ეფექტური აღარ არის, რუსეთის დასუსტების და უკრაინაში წარუმატებელი კამპანიის ფონზე. სწორედ ამიტომ ივანიშვილმა გადაწყვიტა ავტონომიური ავტოკრატიის ჩამოყალიბება და მისი მოდელი არათუ პრორუსული მმართველობაა, როგორც ეს 2022 წლიდან იყო, განსაკუთრებით, როცა კიევის დაცემის და საბჭოთა კავშირის გაკრული ფორმით აღდგენის იმედი ჰქონდა, არამედ ახლა მისი მთავარი დღის წესრიგი არის სხვა ავტორიტარული ბანაკის წარმომადგენლებთანაც ურთიერთობების დალაგება - მაგალითად, ჩინეთი, ირანი, არაბული, თურქული ქვეყნები და ამ ყველაფერში კონკრეტულად ვაშინგტონს ევაჭრება. ანაკლიის პორტთან მომხდარი ცვლილებებიც ვაჭრობის კიდევ ერთი საგანია. ვითარება საკმაოდ რთულადაა და ეს ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობს. სამიტიც ამ ვაჭრობის ნაწილია, თან გარკვეულ საკითხებში, რიტორიკაში ნამდვილად დამთხვევა აქვთ ვაშინგტონთან და ამის გამოყენებას ცდილობს ივანიშვილი.

ვაშინგტონს გააჩნია კონკრეტული მოთხოვნები. არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები. საქმე იმაშია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს ნაბიჯები არ იყოს მხოლოდ გეოპოლიტიკური. არავის აქვს ნაბიჯების სია, გარდა თავად ვაშინგტონისა და „ქართული ოცნებისა“, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა იგულისხმება ნაბიჯებში. ძალიან სავარაუდოა, რომ მათ შორის არის, რა თქმა უნდა, ანტიდასავლური, ანტიამერიკული ნაბიჯების გადადგმისგან თავშეკავება, თუმცა ოპოზიციის ერთობლივი მიზანი უნდა იყოს, რომ დემოკრატიული მინიმალური სტანდარტები ასევე იყოს მათ სიაში,“ - განაცხადა ტუმასიანმა.

კითხვაზე, „რამდენად მაღალია რისკი იმისა, რომ დემოკრატიულ ნორმებს გეოპოლიტიკური ინტერესები გადაწონის“, ტუმასიანი პასუხობს, რომ ამის ალბათობა სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალია და „აქედან გამომდინარე, აუცილებელია დროული ნაბიჯების გადადგმა ოპოზიციის მხრიდან, რადგანაც ურთიერთობების გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა დემოკრატიული მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე, უზარმაზარ ზიანს მიაყენებს როგორც ქართულ დემოკრატიას, ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, პროტესტს“.

„სიმართლე ისაა, რომ ამ ადმინისტრაციის მიდგომებიდან გამომდინარე, ამის ალბათობა სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალია. მართალია კონგრესს და სენატს თავისი მიდგომა გააჩნიათ, მაგრამ ამ მომენტისთვის, ტრამპის ადმინისტრაცია შეიძლება წავიდეს სწორედ ასეთ ნაბიჯებზე, რაც ძალიან მძიმე შედეგების იქნება. სწორედ აქედან გამომდინარე, აუცილებელია დროული ნაბიჯების გადადგმა ოპოზიციის მხრიდან, რადგანაც ურთიერთობების გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა დემოკრატიული მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე უზარმაზარ ზიანს მიაყენებს როგორც ქართულ დემოკრატიას, ქართულ პოლიტიკურ პროცესს, ასევე ზოგადად, იმ პროცესებს, მათ შორის, პროტესტსაც, რომელიც მიმდინარეობს. ამას ცდილობს ივანიშვილი. ამისთვის ის ვაშინგტონისთვის ძალიან ბევრი დათმობის შეთავაზებისთვის არის მზად, რადგან ახლა მისი დღის წესრიგია „ჩაეხსნას“ რუსეთს, რომელიც პოლიტიკური გაგებით იძირება და შექმნას ამის ალტერნატიული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ერთადერთ მიზნის - მისი ძალაუფლების შენარჩუნებას. სხვა მიზანი არ გააჩნია. ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, საქართველოს მიმართ იყოს ისეთივე პოლიტიკა, როგორიც არის ზოგიერთი ავტორიტარული ქვეყნისადმი, სადაც ვაშინგტონი თანხმდება იმ ქვეყნის დიქტატორებს, მაგრამ იმ ქვეყანაში არანაირი დემოკრატიული სტანდარტი არც არის. ვაშინგტონი იმ ქვეყნებს არ განიხილავს მათი დასავლური ცივილიზაციის ნაწილად და ჩვენ ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ ცდილობს ამის გადახედვას, შესაბამისად, ჩვენდამი არ უნდა იყოს ისეთი მიდგომა, როგორიც არის ზოგიერთი სხვა ქვეყნისადმი - მაგალითად, არაბული ქვეყნების მიმართ, სადაც მონარქიებთანაც საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ვაშინგტონი,“ - განაცხადა ტუმასიანმა.

გარდა ამისა, მან გადაცემაში ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თუ ვაშინგტონთან გარკვეული გადატვირთვა გამოვიდა, ამის შედეგად ევროკავშირთან ურთიერთობის დანგრევის კიდევ უფრო სერიოზული ძალისხმევა შეიძლება ვიხილოთ“.

ტუმასიანის თქმით, აუცილებელია ოპოზიციური ველის ბრიუსელთან აქტიურად მუშაობა, რადგანაც იმ ნაბიჯებს, რასაც „ქართული ოცნება“ დგამს, მკაფიო ფასი უნდა ჰქონდეს.

„ოცნებამ“ მიზანმიმართულად გამოგვიყვანა იმ პაკეტიდან, სადაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ვიყავით. საქართველო და სომხეთი უკვე ერთ გარკვეულ პაკეტში აღმოვჩნდით, თუმცა ესეც არ არის გარანტირებული, რადგანაც „ქართული ოცნების“ და მოსკოვის დღის წესრიგი იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ დღეს ვაშინგტონი არცერთისთვის არის მტერი. მტერი არის ბრიუსელი, ევროპული ინსტიტუცია, რომელიც ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო წესრიგზე დამყარებულ სამართალს ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს. სწორედ ამიტომ, როგორც ყველა ხედავს, „ოცნების“ რიტორიკა ზუსტად ასახავს მოსკოვის რიტორიკას ბრიუსელის და ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ. აქედან გამომდინარე, ზიანის საშუალება კიდევ არის - ეს არის უვიზო მიმოსვლის დაკარგვა, სტატუსის ოფიციალურად დაკარგვა. ბევრი რამის გაკეთების მცდელობა ექნება კიდევ „ქართულ ოცნებას“. მით უმეტეს, თუ ვაშინგტონთან გარკვეული გადატვირთვა გამოვიდა, ამის შედეგად ევროკავშირთან ურთიერთობის დანგრევის კიდევ უფრო სერიოზული ძალისხმევა შეიძლება ვიხილოთ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ევროკავშირის ძალიან მკაფიო პოზიციის შენარჩუნება. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის არსებული განსხვავებების ფონზე, ჩვენც განსხვავებულად უნდა მივუდგეთ. აუცილებელია ოპოზიციური ველის აქტიურად მუშაობა სწორედ ბრიუსელთან, რადგანაც ამ ნაბიჯებს უნდა ჰქონდეს მკაფიო ფასი, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება,“ - აღნიშნა მან.

ამასთან, ტუმასიანმა ისაუბრა უკრაინაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე და განაცხადა, რომ მიხაილო ფედოროვის უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის აზიანებს.

„მიხაილ ფედოროვის საქმიანობის შედეგია მეტწილად ის წარმატება, რომელიც ბოლო 6 თვეში უკრაინას გააჩნია დრონების და ტექნოლოგიის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მისი რეიტინგი ძალიან მაღალი იყო. მართალია, ეს გადაწყვეტილება შიდაპოლიტიკურია და ჩვენ არ ვიცით ბოლომდე კონიუნქტურა, თუმცა აშკარაა, რომ აზიანებს ზელენსკის. პირველად ომის დაწყებიდან აქციები მიმდინარეობს შიდა პოლიტიკურ თემაზე. აშკარაა, რომ დაპირისპირება იყო ფედოროვსა და სირსკის შორის, რომელიც გენერალური შტაბის მეთაურია. საუბარია იმაზე, რომ სხვადასხვა მიდგომა აღმოჩნდა. მათ შორის, ზოგიერთი უკრაინელი ჟურნალისტი საუბრობს, რომ გარკვეულ კორუფციულ სქემებს ებრძოდა, რაც შეიძლება იქ არსებულ აწყობილ სისტემას ხელს არ უწყობდეს. იყო საუბარი იმაზე, რომ არჩევანი იდგა ფედოროვის გადადგომასა და სირსკის გადადგომას შორის და ზელენსკიმ აირჩია მისი გადადგომა. ბევრი ექსპერტი, ვინც კარგად იცნობს შიდა კონიუნქტურას, ამბობს, რომ ეს დიდი ალბათობით, შეცდომაა ზელენსკის მხრიდან.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თუ თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ერთმანეთთან ვერ კომუნიცირებენ, მაშინ ერთ-ერთის შეცვლა აუცილებელია და შესაძლოა, ზელენსკის სირსკის ჩანაცვლების სხვა კანდიდატურა ამ მომენტისთვის არ ჰქონდა,“ - განაცხადა ტუმასიანმა.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ზელენსკის მიერ ფედოროვის თავდაცვის მინისტრის პოზიციიდან გათავისუფლება შესაძლოა მომავალ არჩევნებს უკავშირდებოდეს და ამით უკრაინის პრეზიდენტი ძლიერი პოლიტიკური მეტოქის ჩამოშორებას ცდილობდეს, ტუმასიანი პასუხობს, რომ „გამორიცხული არ არის და თუ ეს ასეა, ძალიან სამწუხაროა“.

„ადრე თუ გვიან ზელენსკის დასჭირდება არჩევნების ჩატარებაც, ხელისუფლება შეიცვლება უკრაინაში - მთელი არსი ისაა, რომ უკრაინა არის დემოკრატია. ფედოროვმა საქმით დაადასტურა, რომ ნიჭიერი ადამიანიც არის, პოლიტიკოსიც და სახელმწიფო მოხელეც. მისი ჩამოშორება თუ მართლაც შიდა პოლიტიკური კონკურენციაა, მაშინ ძალიან ნეგატიურად ვაფასებ ამას. ამას უკრაინელი ხალხი თავად შეაფასებს, ამას დაინახავენ და თუ ეს მიზეზი უკავშირდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ამასაც ექნება შედეგები“, - აღნიშნა მან.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს