ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულ კომისიას (NDRC) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ჩვენ შევქმენით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე“ მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველო-ჩინეთს შორის პარტნიორობა უკვე კონკრეტულ, ხელშესახებ ინიციატივებად გარდაიქმნება.
„ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს. ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ გვახსენებს ფუნდამენტურ რეალობას: ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალის მხოლოდ საკუთარი ძალებით რეალიზებას. დიალოგი, ნდობა და საერთაშორისო პარტნიორობა არის ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი მმართველობის საფუძველი. არჩევანი, რომელსაც დღეს ვაკეთებთ, განსაზღვრავს, ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოსთვის იქცევა გამყოფ ხაზად თუ ძალად, რომელიც კიდევ უფრო გაგვაერთიანებს.
საქართველო მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს მთავრობებთან, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, აკადემიურ წრეებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ერთობლივად შევქმნათ ხელოვნური ინტელექტის სანდო, ადამიანზე ორიენტირებული და ინკლუზიური მომავალი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ახალ ფართომასშტაბიან მონაცემთა ცენტრებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს უსაფრთხო კავშირებსა და ციფრულ მედეგობას.
„საუკუნეების განმავლობაში საქართველო, თავისი სავაჭრო და სატრანსპორტო გზებით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით. შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ახალ ფართომასშტაბიან მონაცემთა ცენტრებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს უსაფრთხო კავშირებსა და ციფრულ მედეგობას. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც სტრატეგიული ციფრული ჰაბის როლს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ინვესტიციებისა და კვლევებისთვის. ამ ამბიციური ხედვის განხორციელების გზაზე მტკიცე საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენთვის კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამიტომ, ორმხრივი ურთიერთობების ამაღლება საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე, ჩვენი კოლაბორაციის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის სფეროში პარტნიორობის გასამყარებლად", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მარიამ ქვრივიშვილის სიტყვით გამოსვლას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.