გია ხუხაშვილი - “ქვეყნიდან გასვლა თუ ციხეში წასვლა: რა გამოსავალი აქვს ოპოზიციას...”
ომის ფასი - რატომ ვერ თანხმდება ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ “დამანგრეველ სანქციებზე”?
„ეს არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს იყო მკვლელობა“ - საზარელი ავარია გორში
* * *
გია ხუხაშვილი - “ქვეყნიდან გასვლა თუ ციხეში წასვლა: რა გამოსავალი აქვს ოპოზიციას...”
“ხელისუფლების გეგმა დიდი ხანია ცნობილია, - ეს არის ქვეყანაში რუსული ტიპის, ე.წ. სუვერენული დემოკრატიის მოდელის დამკვიდრება. ეს რუსეთში მოგონილი ტერმინია და ნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი დომინანტური ძალა და მისი სატელიტური ფასადური ოპოზიცია - ანუ უნდა მოხდეს ფსევდომრავალპარტიულობის იმიტაცია. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავისი შემოფარგლული ასპარეზი, არ უნდა გააჩნდეს ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია, მაგრამ პატარა ლუკმა უნდა გადაუგდო, რომ იარსებონ და მრავალპარტიულობის თუ დემოკრატიის ილუზია შექმნან. ამას დაარქვეს “სუვერენული დემოკრატია”, თუმცა რეალურად ავტოკრატიაა. სუროგატული მოდელი, რომელიც რუსეთშია დამკვიდრებული, იქაურ სპეცსამსახურებშია (ეფ-ეს-ბე) კარგად დამუშავებული და შემდეგ ბევრმა ქვეყანამ გადაიღო. საქართველოშიც სწორედ ამ გეგმას მიჰყვებიან და ესაა მათი დღის წესრიგი”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ქვეყნიდან გასვლა თუ ციხეში წასვლა: რა გამოსავალი აქვს ოპოზიციას?!
“როგორც ჩანს, აგვისტო ერთგვარი დედლაინია ამ პროცესის მიმდინარე ეტაპის დასასრულებლად. იმისათვის, რომ ეს მოდელი დაამკვიდრო, პოლიტიკური სივრცე უნდა მოასუფთაო. პოლიტიკურ თამაშში მხოლოდ ის პარტიები უნდა დატოვო, რომლებიც ამ თამაშის წესებს დათანხმდებიან. ვინც არ დათანხმდება, ისინი სხვადასხვა მეთოდით უნდა მოიშორო - ვიღაც უნდა აიძულო წავიდეს ქვეყნიდან, ვიღაც უნდა დაიჭირო, ვიღაც დააშანტაჟო, ვიღაც მოისყიდო და ა.შ. ეს პროცესი მეთოდურად, სწორედ რუსული “მეთოდიჩკებით” ვითარდება - ესაა ხელისუფლების გეგმა. ახლა ისმის კითხვა: რით უნდა უპასუხონ ამას პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებსაც დაპატიმრების საფრთხე ემუქრებათ? რატომ არის დედლაინი მაინცდამაინც აგვისტო? იმიტომ, რომ აგვისტოს მეორე ნახევარი პოლიტიკურად მკვდარი სეზონია. ქვეყანაში ლამის ყველა დასასვენებლადაა და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ამ დროს პროცესების “ჩახრიგინება” და საბოლოო ვერდიქტის გამოტანა ყველაზე ხელსაყრელია. ისინი დააკვირდებიან: ვინც წავა - წავა, ვინც დარჩება - იმას დაიჭერენ ან სხვა რამეს მოუგონებენ. აი, ასეთი მოცემულობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ბუნებრივია, ამ თემას მეორე განზომილებაც აქვს - ეს არის ვაჭრობის განზომილება. ერთი მხარეა შიდა მოდელის დამკვიდრება, მაგრამ ხელისუფლებას ხომ საგარეო პოლიტიკური პრობლემებიც აქვს? ანუ მას ეს ხალხი მძევლებად სჭირდება. მოგვიანებით, საგარეო ურთიერთობების მოგვარების პროცესში შეიძლება ამ ხალხით ვაჭრობა, ოღონდ არა როგორც პოლიტიკური ლიდერებით, არამედ როგორც ცალკეული პერსონებით. მათი მიყიდვა-გაყიდვა შეიძლება საკუთარი პრობლემების მოგვარების ფასად, თუმცა პოლიტიკური მოღვაწეობის რესურსს ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, აღარ დაუტოვებენ. აი, ეს არის ხელისუფლების მთელი სტრატეგია და ტაქტიკა. რით უნდა უპასუხოს ოპოზიციამ? საერთოდ, ორი ტიპის პოლიტიკა არსებობს: პირველია პრაქტიკული, როდესაც ბოლომდე ეძებ რესურსებს და პოლიტიკურ ბრძოლას უწყვეტად აგრძელებ; მეორეა ე.წ. დისიდენტური პოლიტიკური მოღვაწეობა, როდესაც მიიჩნევ, რომ რეჟიმი უკვე შემდგარია და წინააღმდეგობის ფორმად ციხეში წასვლას ირჩევ - აჩვენებ პირადი გმირობის მაგალითს, ფიქრობ, რომ ოდესღაც რაღაც შეიცვლება და როცა ეს მოხდება, ციხიდან თეთრ რაშზე ამხედრებულივით გამოხვალ სერიოზული პოლიტიკური კაპიტალით”, - განაგრძობს რესპონდენტი
“21-ე საუკუნეში თუ ქვეყანაში მოქმედება შეუძლებელი ხდება, ქვეყნის გარედან მაინც შეგიძლია შეინარჩუნო მუდმივი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, კავშირი არ გააცივო, პროცესებში გარკვეული მონაწილეობა მიიღო. დღევანდელი ტექნოლოგიებით ეს პრობლემა არ არის. კომუნიკაცია პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, გარეთ მყოფს სხვა ტიპის ურთიერთობების დამყარებაც შეგიძლია. ავიღოთ თუნდაც ხაზარაძის მაგალითი: რა ჯობია, ხაზარაძე ციხეში იჯდეს თუ იძულებით ემიგრაციაში იყოს? რა თქმა უნდა, იძულებით ემიგრაციაში, რადგან მას აქვს რესურსი, რომ გარედან შეინარჩუნოს სხვადასხვა წინააღმდეგობის კერა - იქნება ეს მედიაში, პოლიტიკაში, სამოქალაქო სექტორში თუ სხვაგან. ხაზარაძე ციხეში რომ ჩაჯდეს, ბუნებრივია, ამას ფუნქციონალურად ვეღარ მოახერხებს. საქმის სხვებზე გადაბარებაც ასე მარტივად არ ხდება, ის თავად უნდა მონაწილეობდეს პროცესში. ამიტომ პირადად მე ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და სხვებს არ ვურჩევდი დისიდენტური გზის არჩევას. თუმცა, ვინც ციხის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, ესეც პატივსაცემია, მე მათ არ ვაკნინებ. ეს მათი მორალური, ზნეობრივი არჩევანი იქნება. მე ამას პატივს ვცემ და ასეთ საქციელს დავუფასებ, რადგან ციხეში წასვლა არ არის მარტივი”, - განმარტავს ექსპერტი.
“მაგრამ პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით, თუ კიდევ გვაქვს იმედი, რომ რეჟიმის შეცვლის რესურსი მოკლე ან საშუალოვადიან პერიოდში არსებობს, ჯობს შევინარჩუნოთ ფუნქციონალურობა და მობილურობა, ციხე კი მობილურობას გვაკარგვინებს... სააკაშვილის სპეციფიკურ და ოდიოზურ კომუნიკაციას თავი რომ დავანებოთ, ფაქტობრივად, ყველა, ვინც ციხეში ჩაჯდა, პოლიტიკას გაეთიშა. ხომ ასეა? ხელისუფლებას აქვს მექანიზმები, რომ ეს ადამიანები ისე საიმედოდ გამოკეტოს, ხმის ამოღების საშუალებაც არ მისცეს.… სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებასაც ხანგრძლივი პოლიტიკური მეხსიერება არ ახასიათებს: სამ-ოთხ თვეში ან ივიწყებენ პატიმრებს, ან უსუსურობის განცდა უჩნდებათ და ეგუებიან სიტუაციას. სააკაშვილის შემთხვევა უნიკალურია - ხშირად თავად ხელისუფლებაა დაინტერესებული მისი თემის გააქტიურებით, თანაც სააკაშვილი მართლაც ნაციონალური მასშტაბის ლიდერი იყო, სხვა ლიდერები კი საზოგადოებაში იმ ტიპის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მხარდაჭერით არ სარგებლობენ, რომ ხალხმა ისინი არ დაივიწყოს. ამიტომ, ჩემი აზრით, პრაქტიკული პოლიტიკის კუთხით, რა თქმა უნდა, ემიგრაციაში წასვლა ჯობს, თუმცა იმათიც მესმის, ვინც ციხეს ირჩევს და ეს პატივისცემას იმსახურებს”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“წლების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” ისეთი საინფორმაციო შეფუთვა მოხდა (“`სისხლიანი ცხრა წელი” და ა.შ.), რომ ამაზე პროპაგანდისტულად რაღაცის აგება ადვილია, მაგრამ, როდესაც ისინი “ლელოს” აკავშირებენ მასთან, მოიხსენიებენ “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტად, ეს ხომ სრული აბსურდია და ეს ყველას კარგად ესმის. შემადგენლობითაც რომ ვიმსჯელოთ, “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტად უფრო “ქართული ოცნების” მოხსენიება შეიძლება, ვიდრე “ლელოსი”, თუ გავითვალისწინებთ იმ პერსონების რაოდენობასა და ხარისხს, რომლებიც “ნაცმოძრაობიდან” “ოცნებაში” არიან პორტირებული. მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია პოლიტიკური დაკვეთა. სამწუხაროდ, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოც, ძირითადად პოლიტიკურად კონტროლირებადია და პოლიტიკურ დაკვეთებზე მუშაობს”, - ამტკიცებს ექსპერტი.
“აქაც, რა თქმა უნდა, არის ვაჭრობის ელემენტი, რადგან ეს თემა ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღარ არის - თუ კარგ ფასს გადაუხდიან, ამასაც გაყიდიან, პრობლემა არ არის, თან საკონსტიტუციო სასამართლოსაც სახეს შეუნარჩუნებენ და დამოუკიდებლობის მანტიით შემოსავენ. რეალურად პროცესი ისე მიდის, რომ პარტიების გაუქმებას ქაღალდზე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. თუ მათ მოახერხეს ლიდერების დაპატიმრება და პარტიების რესურსების გამოშრობა, თანაც პრობლემები ექმნება კრიტიკულ მედიასაც, მაშინ პარტია იარსებებს თუ არა იურიდიულად, ამას აზრი ეკარგება. თუ ორგანიზაციას მუშაობის სახსრები არ ექნება და ლიდერები ციხეში ისხდებიან, ის ხელისუფლებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. დაარქმევენ მათ “არასისტემურ ოპოზიციას” და ამით ყველაფერი დასრულდება”, - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ამ ვითარებაში ოპოზიციაში მიდის მსჯელობა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - ერთ-ერთი თემაა ბოიკოტი თუ მონაწილეობა. ამასთანავე ერთმანეთს ადანაშაულებენ, არჩევნებისთვის ჩუმად ემზადებიანო”, - პასუხობს:
“ეს შემოგდებული თემაა, რომელიც აწყობს ხელისუფლებას. ფაქტობრივად, დღეს ხელისუფლების მდგრადობის მთავარი გარანტი ოპოზიციაა თავისი არაადეკვატურობით. ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოებაში პროტესტი და უკმაყოფილების ტალღა ძალიან დიდია, რაც ბოლო პერიოდშიც კარგად გამოჩნდა, მაგრამ ეს პროტესტი დათითოკაცებულია და სხვადასხვა სოციალურ თუ პროფესიულ ჯგუფშია გამოკეტილი. ამ მუხტს გაერთიანება სჭირდება, გაერთიანებას კი სჭირდება ლიდერი, რომელიც შეძლებს ამ ყველაფრის კონსოლიდაციას. პოლიტიკოსები კი, ნაცვლად იმისა, ამ ამოცანის შესრულებაზე ზრუნავდნენ, დაკავებული არიან აბსურდული თემებით...”
ომის ფასი - რატომ ვერ თანხმდება ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ “დამანგრეველ სანქციებზე”?
“ევროკავშირის მიერ რუსული დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ მიღებული მიზნობრივი სანქციები აჩვენებს ბრიუსელის მზაობას, მკაცრად უპასუხოს კიევზე განხორციელებულ სასიკვდილო იერიშებს, თუმცა ეს ნაბიჯი ევროპაში არსებულ ღრმა ეკონომიკურ დილემას ვერ მალავს. იმ ფონზე, როდესაც საბერძნეთი, ავსტრია და ბულგარეთი საკუთარი ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე 21-ე სანქციების პაკეტს ბლოკავენ, ხოლო დონალდ ტრამპის პოზიცია გლობალურ შეზღუდვებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, დასავლეთი რთული არჩევანის წინაშე დგას: როგორ დაასუსტოს კრემლი ისე, რომ ევროპულმა ეკონომიკამ ზიანი არ თვითონ ბრიუსელს არ მიაყენოს. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიევზე განხორციელებული სასიკვდილო დარტყმის საპასუხოდ, პირველად დააწესა. მხოლოდ 2 ივლისს, რუსულ იერიშებს კიევში 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ომის ფასი და ბიზნესინტერესები - რატომ ვერ თანხმდება ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ “დამანგრეველ სანქციებზე”?
“ეს გადაწყვეტილება, დააწესოს შეზღუდვები კიდევ ერთ ფიზიკურ და ხუთ იურიდიულ პირზე, ევროკავშირის საბჭომ 17 ივლისს მიიღო. სასანქციო სიაში მოხვედრილი იურიდიული პირები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილს წარმოადგენენ, მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც დრონების წარმოებით არიან დაკავებულნი. სანქცირებული ხუთივე იურიდიული პირი ჯგუფ “ABშ Eლეცტრო”-ს შემადგენლობაში შედის, რომელიც სამხედრო დრონების ოპერირებისთვის საჭირო ელექტრონულ და რადიოელექტრონულ კომპონენტებს აწარმოებს და ავითარებს. ეს კომპანიები მონაწილეობენ ისეთი სისტემების შექმნაში, რომლებიც ზრდის რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მათ შორის “შაჰედ”-ისა და “გერან”-ის ტიპის მოდელების მდგრადობას რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების მიმართ, რითაც მათ საბრძოლო შესაძლებლობებს აძლიერებს. გარდა ამისა, ზოგიერთი აღნიშნული კომპანია აწარმოებს ავტომატიზებულ მართვის სისტემებს რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის, რომელიც კრემლისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. სასანქციო სიაში მოხვდა ერთი ფიზიკური პირიც, ირინა ხარისოვა, რომელიც “ABშ Eლეცტრო”-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და ჯგუფში შემავალი რამდენიმე კომპანიის გენერალური დირექტორია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სანქციებში მოყოლილ პირებს აქტივები გაეყინებათ, ასევე აეკრძალებათ ნებისმიერი ფინანსური თუ ეკონომიკური რესურსის პირდაპირ ან ირიბად მიღება. გარდა ამისა, სიაში შეყვანილ ფიზიკურ პირს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება. რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესების ინიციატივით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, 1-2 ივლისის ღამეს კიევზე მიტანილი მორიგი მასშტაბური იერიშის შემდეგ გამოვიდა. კალასმა მაშინ განაცხადა, რომ დარტყმების საპასუხოდ, სასანქციო სიის გაფართოებას და იმ კომპანიების დასჯას მოითხოვდა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირებული თავდასხმების საპასუხოდ დამატებითი სანქციების დამტკიცება 13 ივლისს იგეგმებოდა, თუმცა მაშინ ამ ზომების მიღება გადადო”, - განაგრძობს გამოცემა.
“საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, 21-ე პაკეტს მხარს არ უჭერს. მიზეზი ის არის, რომ მესამე ქვეყნებში რუსული გაზის ექსპორტის აკრძალვამ შესაძლოა ევროპული კომპანიების პოზიციები შეასუსტოს. მანამდე, 15 ივლისს, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომაზე რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. საბერძნეთის მთავრობამ მედიასაშუალებებთან განაცხადა, რომ სანქციების ნებისმიერი ახალი პაკეტი საგულდაგულოდ დაბალანსებული უნდა იყოს. ათენის პოზიციით, შეზღუდვებმა არა მხოლოდ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს ზეწოლა მოსკოვზე, არამედ მინიმუმამდე დაიყვანოს “არასასურველი შედეგები ევროპული ბიზნესისთვის, მომხმარებლებისთვისა და კონკურენტუნარიანობისთვის”. ბერძენი მაღალჩინოსნების შეფასებით, სანქციების 21-ე პაკეტმა შესაძლოა ევროპას ეკონომიკის მთელი სექტორების დაკარგვა დაუჯდეს. ამასთანავე, ათენი ბრიუსელს აფრთხილებს, რომ ევროკავშირმა შესაძლოა ბაზრის წილი იმ ქვეყნების კომპანიებს დაუთმოს, რომლებიც ევროკავშირის მიღმა არიან”, - დასძენს გამოცემა.
“სანქციებმა რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი უნდა გამოფიტოს და არა სხვებისთვის შექმნას სტრატეგიული მოგება ევროპის ხარჯზე”, - განაცხადა წყარომ. საბერძნეთის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სასანქციო პაკეტს ბულგარეთი და ავსტრიაც ბლოკავენ. შედეგად, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა 15 ივლისს 21-ე პაკეტის დამტკიცება ვერ შეძლო. დისკუსიები კვლავ გრძელდება, ხოლო ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სულ მცირე, 23 ივლისამდე გადადეს. სანქციების ირგვლივ დებატები იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევროპის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომით სარგებლის მიღებაში დაადანაშაულა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუს მილიარდერებს სასწრაფოდ გააქვთ ფული ქვეყნიდან, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ე.წ. “დამანგრეველი სანქციები”, დონალდ ტრამპის პოზიციის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშაა”, - წერს სტატიის ავტორი.
„ეს არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს იყო მკვლელობა“ - ავარია გორში
“გორის ცენტრში 13 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჯიპის ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ანა ბერიანიძეს და მის 3 წლის გოგონას - მართა ვალიშვილს დაეჯახა. დაშავებული ქალი იქვე დაიღუპა, მისი მცირეწლოვანი შვილი კი კლინიკაში. ავტომობილის მძღოლი პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარუდგინეს - “ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”. 35 წლის რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც დედა-შვილი იმსხვერპლა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა გამოწერილი, მათ შორის რამდენიმე სიჩქარის გადაჭარბების გამო. დედა-შვილს დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა ზებრა-გადასასვლელზე დაეჯახა. გარდაცვლილი ანა ბერიანიძის ბიძაშვილი და გორის საკრებულოს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი ირმა ამბარდნიშვილი ამბობს, რომ ავტომობილში, რომელსაც რევაზ ელიზბარაშვილი მართავდა, ამჟამად დაკავებული ბიზნესმენის შვილების გარდა, მისი დეიდაშვილებიც ისხდნენ, მძღოლის მსგავსად ისინიც ნასვამები და მათ დედა-შვილი განსაცდელში მიატოვე”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით „ეს არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს იყო მკვლელობა“
“ანა რვა წლისა დაობლდა და, ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია... იმ დღეს მეუღლესთან ერთად წავიდა ქალაქში, ახალი ბინა იყიდეს და ნივთებს ალაგებდნენ. იქიდან რომ ბრუნდებოდნენ, ქმარი სალონში შევიდა, ანა კი ბავშვისთვის რაღაცის საყიდლად მართასთან ერთად მაღაზიისკენ წავიდა. იმ საღამოს გორის სკვერში კონცერტი იყო და ნახევარი ქალაქი არასწორად გადაკეტეს. იმ ადგილზე, სადაც ტრაგედია მოხდა, ხუთი მხრიდან შედიოდნენ მანქანები, კონცერტი ამაღლებულ ადგილზე იყო, ხალხი მანქანებით გადაადგილდებოდა. გზა არ იყო სრულად გადაკეტილი და მძღოლების უმრავლესობა ვერ იგებდა, საით უნდა წასულიყო, წრეს არტყამდნენ, რომ როგორმე გასულიყვნენ, იქვე პოლიციაც ტრიალებდა... კომუნისტების დროსაც მოვესწარი და ქალაქი იკეტებოდა 1-ელ მაისს, 9 მაისსა და 7 ნოემბერს. ამ დროს მთელი ქალაქი კონსტრუქციებით იყო ჩახერგილი, მოსახლეობა და მძღოლები - გაფრთხილებული, რომ ამა და ამ საათიდან ამა და ამ ქუჩებზე გადაადგილება იყო აკრძალული. ახლა ისე მიხვალ მაგ ადგილზე, ისე დაგაჯარიმებენ, ისე მოგივა უბედურება, რომ ვერც გაიგებ... მაგრამ მთავარი დაუსჯელობის სინდრომია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირმა ამბარდნიშვილი.
“ერთ-ერთი ინსპექტორი, გვარს ვერ დავასახელებ, სამი თვის წინ გამოეკიდა დიდი სისწრაფით მიმავალ ელიზბარაშვილს, რომელიც არ დაემორჩილა და არ გააჩერა, მერე საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეტა. მძღოლი მანქანიდან უგონოდ მთვრალი გადმოვიდა. მანქანის უკანა მინა ჩამოწეულა, სუს-ის თანამშრომლები მსხდარან და პოლიციელისთვის უთქვამთ, ვის უბედავ შემოწმებას, აი, ესენი ვართ, გაეთრიე აქედანო. ელიზბარაშვილს უთქვამს, ხვალვე დაგაწერინებენ პატაკს და სამსახურიდან გაგიშვებენო. პოლიციელი შოკში ჩავარდნილა. აი, ასეთ მდგომარეობაში ჰყავთ ჩინოვნიკებს ჩაყრილი პოლიციელებიც. არ იციან, ვის დაუჯერონ, ვინ დასაჯონ, ან ვინ არ დასაჯონ. მწვანე აქვთ ანთებული “ქართული ოცნების” აქტივისტებს, დამფინანსებლებს, კოორდინატორებს, უბნის კომისიის წევრებს და ა.შ. პატიოსან ადამიანს რამე შეცდომა რომ მოუვიდეს, იმას ხომ არ დაინდობენ?!” - განაგრძობს რესპონდენტი.
“კაცს 225 ჯარიმა რომ ჰქონდა გამოწერილი და “ლუკოილიდან~ ნატახტრის შესასვლელამდე 16 წუთში სამი ჯარიმა რომ მიუვიდა, რანაირად ჩავიდა ადგილზე? პირველი ხომ არ იყო ელიზბარაშვილის თარეში ქალაქში? ჯერ მარტო 25 000 ლარამდე ჯარიმა ჰქონია გადახდილი დარღვევებისთვის. გასულ წელს რესტორანში პოლიციელს იარაღის ტარი ურტყა თავში. მფარველები ჰყავს, მაგალითად, ყოფილი მერი ლადო ხინჩიგაშვილი, თავად “ქართული ოცნების” აქტივისტია. სუს-სა და პოლიციაშიც ჰყავს დეიდაშვილები თუ ბიძაშვილები, ამიტომაც არ ჩამოართვეს მართვის მოწმობა ასეთ ქრონიკულ დამრღვევს. არადა, მასაც 9 და 12 წლის შვილები ჰყავდა მანქანაში. თვითმხილველები ამბობენ, ისინი მანქანიდან გადმოხტნენ და გაიქცნენო. მძღოლიც გაიქცა. ახლა ამბობენ, თითქოს ადგილზე აიყვანეს, არადა, პატრული გამოეკიდა და სახლში აიყვანეს. ამ ადამიანმა საკუთარი შვილები არ დაინდო, ისეთი სტრესი მიიღო უმცროსმა შვილმა, თურმე ვერ ლაპარაკობს. მისი ცოლის მშობლები ჩემი მეგობრები არიან, დაღუპული ჰყავდა ოჯახი, ნარკომანმა სახლ-კარი გააყიდვინა, თამაშობდა, სრული გარეწარია. ამბობენ, რომ ალკოტესტში ალკოჰოლი ამოუვიდა, სხვებმა თქვეს, რომ სასმელთან ერთად მოწეულიც ჰქონდა”, - ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი.
“ჩემი ანა 12 წელი უცხოეთში, საბერძნეთში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად (დეიდაჩემი საბერძნეთის მოქალაქეა, იქ ცხოვრობს და მასთან იყო). საოცრად მოწესრიგებული იყო, დაუდევრად არ გადავიდოდა გზაზე. ვიდეოში ჩანს, როგორ გაიხედ-გამოიხედა, გზაზე არაფერი იყო, ხალხი ჩვეულებრივ გადადიოდა. ერთი ნაბიჯიღა აკლდა, ბორდიურზე რომ ასულიყო, როცა მანქანამ დაარტყა და დედა-შვილი 30 მეტრში გადააგდო... ასეთ მონაკვეთში როგორ შეიძლება 120-ით იარო? იქ მთავარ გზას ხუთი ქუჩა უერთდება და ამ გზაგასაყარზეა ზებრა-გადასასვლელი, შუქნიშანი არ არის და მანქანა რომ შემოუხვევს, არ ჩანს, გზაზე თუ ვინმე გადადის. დღეს მითხრეს, რომ მანქანაში ოთხი ბავშვი იჯდა - ორი თავისი და ორი დისშვილი. ჯიპის უკან წითელი მანქანა ჩანს კადრში, - ეს ცოლი მისდევდა მათ, ვინაიდან მთვრალები იყვნენ. ავარიის მერე ეს ბავშვები იმ წითელ მანქანაში სხდებიან. ხან ამბობენ, საჭესთან ელიზბარაშვილის 12 წლის შვილი იჯდაო, ხან დისშვილი და ეს იბრალებსო. როგორ შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევის მუხლით გაასამართლო ადამიანების სიცოცხლის მომსპობი? ეს არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს იყო განზრახ მკვლელობა”, - მიიჩნევს ირმა ამბარდნიშვილი.
“მთვრალი რომ ჯდები საჭესთან, მკვლელი ხარ, რად უნდა ამას ლაპარაკი?! სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა გამოუტანონ. ორი ადამიანი შეიწირა და დანარჩენებიც დაგვხოცა. მართას მამაც მკვდარია, ოჯახი დაიქცა. ანა იქვე გარდაიცვალა, იმიტომ რომ მანქანამ დაარტყა და მერე ზედ გადაუარა. მთლად დაჩეჩქვილია, ხელ-ფეხი აღარ აქვს, ყველაფერი დაკეპილი აქვს... მღვდელმა წესის აგების დროს გვითხრა, კაბა ჩააცვითო, ვუთხარით, რომ ვერ ჩავაცმევთ, დანაწევრებულია გოგო. მართას ტვინი ჰქონდა გასხმული, გადარჩენის ერთი პროცენტიც არ არისო, თქვეს, ბავშვი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გორში კონცერტი ახალი დამთავრებული იყო და მთელი ქალაქი იქ ყოფილა. თვითმხილველებიც შოკში იყვნენ. ერთს ტანსაცმელი გაუხდია და ისე დარბოდაო, მეორესაც რომ ვერაფერი მოუფიქრებია, მომაკვდავი ბავშვი აუყვანია ხელში და ტვინი რომ გადმოდიოდა, თურმე თავზე აჭერდა ხელს... შოკურ მდგომარეობაში ყოფილა და ის ბიჭიც საავადმყოფოში გადაიყვანეს...” - აღწერს გორის საკრებულოს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი.
“არ ვიცი, რა ეშველება ანას უფროს გოგონას - 17 წლის ლიზის, რაღაც უცნაურად იქცევა და ღმერთმა ქნას, თავს არაფერი აუტეხოს. ლიზი ოთხ ენაზე ლაპარაკობს, მათ შორის იაპონურად, უცხოეთში უნდა გაეგრძელებინა სწავლა. ანას მეუღლე უპატიოსნესი მშრომელი ბიჭია. დაიქცა მოსიყვარულე და ტკბილი ოჯახი. მკვლელს რანაირი მფარველებიც არ უნდა ჰყავდეს, არ არსებობს, ვერ გამოძვრება. არ შეიძლება ნასვამი მძღოლები საჭესთან, პოტენციური მკვლელები არიან... მარტო მან კი არა, ვინც მის მანქანაში იჯდა, მათაც პასუხი უნდა აგონ. ავტომატს გადაიკიდებ თუ ნასვამი ან “დაბოლილი” ივლი, რა განსხვავებაა? ეს მკვლელების ქვეყანაა. ქალაქი უპატრონოა... კატასტროფული მაჩვენებელი გვაქვს ქვეყანაში, ავარია ავარიაზე, ამდენი მსხვერპლი. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დამთავრდეს ეს კოშმარი?! უამრავი უცხო ადამიანი მოდის სამძიმარზე, ისეთებიც, ვისი ოჯახის წევრიც ანალოგიურ ავარიას ემსხვერპლა. ნახევარ მილიონზე მეტი სამძიმრის წერილი მოვიდა. ოჯახები ნადგურდება, ერი იღუპება და დროა, ამ პრობლემის გარშემო გაერთიანდეს საზოგადოება, იქნებ რაღაცას მივაღწიოთ”, - დაასკვნის ირმა ამბარდნიშვილი.