სანამ ისინი ტერმინს „უკანონო პატიმრობას“ აიფარებენ ფარად, მანამდე საპროცესო შეთანხმება წარმოუდგენელი იქნება - მათ საპყრობილეში ყოფნა მოჰბეზრდათ, ამიტომ ახლა, მორალის და სტანდარტის უგულებელყოფით შეუძლიათ უკან დახევის სცენარზეც იმუშაონ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული მომღერლის, პაატა ბურჭულაძის საჯარო წერილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ბრალის აღიარებით და მონანიებით იქნება შესაძლებელი, „შესაბამისად, თითოეულ მათგანს აღიარება და მონანიება მოუწევს“.
„[პაატა ბურჭულაძის] ეს საჯარო წერილი ამბობს, რომ იმედი გადაეწურათ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, არაკანონიერი და არალეგიტიმური ზეწოლის, რომლის საფუძველზეც მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ საპატიმროდან ყველანაირი წესებისა და ნორმების გარეშე გათავისუფლდებოდნენ. ახლა ისინი სამართლებრივ ნორმას - საპროცესო შეთანხმებას მიმართავენ. პაატა ბურჭულაძის მოწოდება იმას გულისხმობს, რომ მის გვერდით მდგომი ადამიანების მხრიდან საპროცესო შეთანხმების მიღება მოხდეს, თუმცა საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ბრალის აღიარებით და მონანიებით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, თითოეულ მათგანს ბრალის აღიარება და დანაშაულის მონანიება მოუწევს, რომელიც მათ საქართველოს წინაშე ჩაიდინეს.
ფაქტია, რომ წერილში მისი სურვილი იკვეთება, რომ ჯერ მისი თანამებრძოლები, დანაშაულის მონაწილეები გათავისუფლდნენ საპროცესო შეთანხმების შესაბამისად და მხოლოდ ამის შემდეგ, ალბათ, სურვილი ექნება, რომ თავადაც იყოს საპროცესო შეთანხმების შედეგად გათავისუფლებული. ალბათ, ეს წინაპირობაა იმისთვის, რომ პაატა ბურჭულაძეც დათანხმდება საპროცესო შეთანხმებას. მას წერილში უცნაურად უწერია, უკანონო პატიმრობას ახსენებს. სანამ ისინი ტერმინს „უკანონო პატიმრობას“ აიფარებენ ფარად, მანამდე საპროცესო შეთანხმება წარმოუდგენელი იქნება.
ეჭვი მეპარება, რომ გულწრფელი სინანული იყოს, მათ მხოლოდ რაციონალური მოტივები ამოძრავებთ. მათ საპყრობილეში ყოფნა და სასჯელის მოხდა მოჰბეზრდათ. ახლა ხედავენ, რომ შეიძლება, გამოსავალი საპროცესო შეთანხმებაში იყოს, ამიტომ ახლა მორალის და სტანდარტის უგულებელყოფით შეუძლიათ, უკან დახევის სცენარზეც იმუშაონ,“ - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრებულმა მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ დაკავებულებს მოუწოდა, პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმება მიიღონ და „უკანონო პატიმრობიდან“ გათავისუფლდნენ.
როგორც ბურჭულაძე წერს, საპატიმროებიდან გათავისუფლების შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული და ამაში არაფერია არც დამამცირებელი და არც ღირსების შემლახავი.