უმეცრების ფართი-ფურთია ის, რაც მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით მიმდინარეობს - როგორც ჩანს, მდინარაძის მიმართ ივანიშვილის ნდობა ძალიან შემცირებულია. ვფიქრობ, ფინალი ძალიან მძიმე იქნება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მამუკა მდინარაძის თანამდებობის შეცვლას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის მიზანი მამუკა მდინარაძის გადარჩენაა და ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკური თვალსაწიერიდან მთლიანად არ გაქრეს.
ამასთან, როგორც წიკლაური აღნიშნავს, მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებული საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობაში საღი აზრის კრიზისია.
„ძალიან დასანანი ამბავია, ზოგადად, ის, რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ. ეს არის საღი აზრის ეროზია, საქართველოს მთავრობაში სერიოზულობის გაქრობა, რაღაც პროვინციული ბუფონადის ან ვოდევილის შთაბეჭდილებას ტოვებს ის მოქმედებები, რასაც ვუყურებთ. ყველასათვის ცხადია, რომ არც ძალოვან სტრუქტურებს სჭირდებოდა რაიმე სახის კოორდინაცია და არც ეს ახალი გადასვლაა განპირობებული რეგიონებზე ზრუნვით. ცხადია, ყველაფერი არის გენერალ მამუკა მდინარაძის გადასარჩენად, მას აღარ აქვს ადგილი აღმასრულებელ სტრუქტურაში. როგორც ჩანს, მის მიმართ ნდობა ძალიან შემცირებულია ივანიშვილის მხრიდან და უკვე მერამდენედ, მეორად ფუნქციებს უთავსებენ. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია და იმაზე მეტყველებს, თუ როგორი აზრის კრიზისია საქართველოს მთავრობაში. ილია ჭავჭავაძეს აქვს ერთი წერილი - „უმეცრების ფართი-ფურთი“. ზუსტად ეს უმეცრების ფართი-ფურთი არის ის, რაც მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
მამუკა მდინარაძე არის პრემიერ-მინისტრის ე.წ. გუნდის წევრი. როგორც ჩანს, ახლა დემონსტრაციული გარიყვა და მთლიანად იზოლაცია პრემიერის ღირსებასაც შეურაცხყოფს და ამიტომ არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ ხან ერთ უსაგნო პოზიციას მოუძებნიან, ხან მეორეს. ახლაც, ეს რეგიონებზე ზრუნვით კი არ არის განპირობებული, არამედ იმით, რომ სადღაც იყოს, სადღაც ჩანდეს და მთლიანად არ იყოს გამქრალი პოლიტიკური თვალსაწიერიდან. ვფიქრობ, ფინალი მაინც ძალიან მძიმე იქნება. თავაწეული მიიღებს იმ ფინალსაც ბატონი მდინარაძე თუ ოდნავ დახრის თავს, ჩვენგან ამას ვერავინ გააკონტროლებს, მაგრამ ძალიან სამწუხარო ამბავია. მახსოვს ზუსტად ამ რეგიონულ მინისტრობასთან დაკავშირებით, როცა სუს-ის ყოფილი უფროსი ლილუაშვილი ჯერ დაინიშნა ამ თანამდებობაზე და მერე შემდეგ სრულად სხვა ადგილას გამწესდა. ნამდვილად არ ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს ასეთ ბედს, თუმცა პოლიტიკურად რაღაც ტაკიმასხარაობას ემსგავსება ის ამბები, რაშიც ის მონაწილეობს,“ - განაცხადა წიკლაურმა.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის ძალოვანი ბლოკის მინისტრებზე ძალმოსილება ახლა სრულად განულებულია.
„რა თქმა უნდა, მინისტრებს, ვინც რეალურად ფლობენ ძალოვან სტრუქტურებს, არაფერში სჭირდებოდათ მამუკა მდინარაძე. ეს კოორდინაციის თემა ყურით მოთრეული თემაა. იქ ითქვა, რომ საჭირო არ არის ეს ადამიანი, ამიტომაც აქედანაც მოხსნეს და სხვაგან გადაიყვანეს. მე ვფიქრობ, უბრალოდ სახეს ინარჩუნებს კობახიძე და რეალურად, ძალოვანი ბლოკის მინისტრებზე მისი ძალმოსილება, რომელიც ისედაც ძალიან მცირე იყო, ახლა სრულად არის განულებული. ყველასთვის ცხადია, რომ როგორც კობახიძის მინისტრობა, ისე ნებისმიერი სხვა მინისტრის ბედი განისაზღვრება სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ. საქართველოში სწორედ ამიტომ არის არაფორმალური ავტოკრატია, რომ მას აქვს თავისი სახელი, პერსონიფიცირებულია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა წიკლაურმა.
რაც შეეხება თინათინ რუხაძის კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუხაძე რეალურად, „მოხსნეს“ და მიზეზი, რომ მან თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა, მოგონილია.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, თინათინ რუხაძის კულტურის მინისტრად ყოფნის პირობებში, ციხე კულტურის მოღვაწეებით გაივსო, რაც მის პოლიტიკურ და ე.წ. კულტუროლოგიურ მოღვაწეობას ძალიან სამარცხვინო დაღს ასვამს.
„ეს არის ნამდვილად მოხსნა. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მოგონილი მიზეზი. 2 კვირის წინ, მე ქალბატონი რუხაძის ინტერვიუ ვნახე, სადაც ის ლაპარაკობდა გრძელვადიან გეგმებზე, ქვეყნის გარეთ ქართლი კულტურის გატანის აუცილებლობაზე. ის არ ჰგავდა ადამიანს, რომელიც 2 კვირაში უნდა წავიდეს და რომელსაც მძიმე ავადობა სტანჯავს. ცხადია, ეს არის მოხსნა. ეს მისთვისაც ალბათ, ერთი დღით ადრე იქნებოდა [ცნობილი].
რაც შეეხება კითხვას, თუ რისთვის მოხსნეს - სავსებით შესაძლებელია, რომ ეს იყოს დაკავშირებული ფინანსურ პრობლემებთან, ან შესაძლებელია თვალში არ მოუვიდა ივანიშვილს მისი საქმიანობა. ნათქვამია, რომ „ბოლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს“. როცა ეს ამბავი გავრცელდა, თვით „ქართული ოცნების“ კომენტატორებმაც კი თქვეს, ჩვენ კი არ ვგულისხმობთ ქალბატონ რუხაძეს, მაგრამ ვინც რამეს მოიპარავს, ის პასუხს აგებსო. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ასეც იყოს და ეს არც დაიმალება საბოლოო ჯამში. იყო გარკვეული ულტიმატუმი და ამ ულტიმატუმს დაემორჩილა კულტურის მინისტრი.
ის იყო კულტურის მინისტრი და მისი კულტურის მინისტრობის დროს, ციხეში ჩასვეს ერთ-ერთ საუკეთესო პოეტი - ზვიად რატიანი, მსოფლიოში უდავოდ ყველაზე დიდი ქართველი ბანი - პაატა ბურჭულაძე. მისი კულტურის მინისტრად ყოფნის პირობებში ციხე მწერლებით, კულტურის მოღვაწეებით გაივსო, რაც მის პოლიტიკურ და ე.წ. კულტუროლოგიურ მოღვაწეობას ძალიან სამარცხვინო დაღს ასვამს,“ - განაცხადა წიკლაურმა.
გარდა ამისა, ის MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“ მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ქუჩის გამოყენება „ქართული ოცნების“ სტილია.
მისივე თქმით, ხელისუფლება რაც უფრო იზოლირებული იქნება როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისგან, „მით უფრო მეტად მოუვა თავში წვეტიანი აზრები, რომ საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკური ძალით გაუსწოროს ანგარიში“.
„ვფიქრობ, კონკრეტულ ორგანიზაციას, რომელსაც ბატონი ქართველიშვილი ხელმძღვანელობს, ძალიან ცუდი ბედი უწერია თავიდანვე, იმიტომ, რომ სრულიად აშკარა წინააღმდეგობა გამოჩნდა ქართული საზოგადოების მხრიდან და არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მხრიდან. ის გარემოება, რომ რაღაც უნდა მოგვწონდეს, რაღაც არ უნდა მოგვწონდეს და ამას ბატონი გივი ქართველიშვილი შეაფასებს და მერე ასევე გადაწყვეტს, რამდენად სასტიკად გაგისწორდეს, ფიზიკურად ცემა იქნება საკმარისი, თუ ძვლების დამტვრევა, არის წარმოუდგენელი ამბავი. ეს უკავშირდება, როგორც წესი, სწორედ იმ ტიპის სახელმწიფოს, როგორადაც ახლა საქართველო ყალიბდება. ამის ორგანიზებული სახის მიცემის მხილველები ვართ, თორემ ადამიანებზე თავდასხმებისათვის „ქუჩის შპანის“ გამოყენება ახალი არაა. ჩვენ გვახსოვს, როგორი ორგანიზება მოახდინა სახელმწიფომ, ღარიბაშვილმა 5 ივლისს, რომელსაც ჟურნალისტის სიცოცხლე შეეწირა. 2012 წლიდან დღემდე, ქუჩის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად „ქართული ოცნების“ სტილია. მგონია, რომ ეს მცდელობები კვლაც იქნება იმისდა კვლად, თუ როგორ სუსტდება ხელისუფლება, როგორ კარგავს ის დიალოგის უნარს ქართულ საზოგადოებასთან და რაც უფრო იზოლირებული იქნება როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისგან, მით უფრო მეტად მოუვა თავში წვეტიანი აზრები, რომ საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკური ძალით გაუსწოროს ანგარიში. ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება და სიმართლე გითხრათ, ამ სამარცხვინო ფაქტზე ქართული საზოგადოების, მათ შორის, პროსახელისუფლებო ადამიანების გამოხმაურება იმედს მაძლევს. კუნთებით ნურავინ დაეჯიბრება ქართველ ხალხს, იმიტომ, რომ არა მგონია, ეს იყოს საიმედო რამ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში წარმატება მოიპოვო,“ - აღნიშნა წიკლაურმა.