გია ხუხაშვილი - ივანიშვილის გეგმაა, წლის ბოლომდე ჩამოაყალიბოს მმართველობითი სისტემა სუვერენული დემოკრატიის ალგორითმით - ოპოზიცია კი „ლუზერობას“ ასხივებს

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას საერთოდ არ ესმის, რა არის პოლიტიკა ან ეზარება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, თუ ოპოზიციიდან ვინმეს რეალურად სურს ლიდერობა, ჩაიცვას „რკინის ქალამნები და ხალხის ნდობა, ავტორიტეტი მოიპოვოს“.

„ვსაუბრობ ახალ ლიდერებზე, რომლებიც რკინის ქალამნებს ჩაიცვამდნენ და არ იტყოდნენ: „ბენზინი არ მაქვსო“ . პოლიტიკაში რესურსი მნიშვნელოვანია, მაგრამ 90-იანი წლებიდან მოვდივართ, მშივრები და 24 საათი ქუჩაში ვიყავით, რაზე ვლაპარაკობთ, ფულია მთავარი პოლიტიკაში? რა თქმა უნდა, ბიძინას [ივანიშვილი] მეტი ფული აქვს, მაშინ გავანებოთ პოლიტიკას თავი. კეთილი ინებეთ, რკინის ქალამნები ჩაიცვით, არ გაქვთ ბენზინი? ფეხით და ავტობუსით წადი, აიყოლიე ხალხი. ლუზერობას ასხივებენ. ილუზიაა, რომ ახლა ეს პარტიები ერთად დასხდებიან და რამე შეიცვლება. არ შეიცვლება, რადგან ძალა ხალხშია. პირველ რიგში, ეს პარტიები იმაზე კი არ უნდა ზრუნავდნენ ერთად დასხდებიან თუ არა, ხალხის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ. მერწმუნეთ, ვინც ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებს, ყველა პარტია მასთან მივა და მის ირგვლივ მოხდება კონსოლიდაცია.. ამიტომ, ვინმეს უნდა რეალური ლიდერობა?ეს არის ფორმულა-ჩაიცვი „რკინის ქალამნები“ და ხალხის ნდობა მოიპოვე, ხალხში მოიპოვე ავტორიტეტი. იმ მენტალიტეტის პოლიტიკოსები, როგორიც დღეს გვყავს, რომ დისიდენტი უნდა იყოს და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ციხეში წავიდეს, აბსოლუტურად უპერსპექტივოა. ციხეში წასვლა ნიშნავს გარკვეული პერიოდით პოლიტიკიდან გათიშვას. ვირტუალურ პოლიტიკოსებად იქცნენ, კვირაში ერთხელ ტელევიზორში დასხდებიან, „სიბრძნეებს“ დააფრქვევენ და პოლიტიკური ლიდერები არიან. ვისი ლიდერები არიან? გაზომონ ხალხში, სად არიან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მან ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რაც დღეს საქართველოში საკანონმდებლო ინიციატივების თუ სხვადასხვა მიმართულებით ხდება, ეს არის რუსული „ეფესბეს“ მეთოდი.

გია ხუხაშვილის განმარტებით, ამის ერთ-ერთი მაგალითია „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად“ MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ ახალი მოძრაობის დაფუძნება.

„იქიდან კოპირებული ქმედებები, კანონებია, თუნდაც ეს „ზონდერ ჯგუფები“, რომელსაც ახლა ქმნიან და ვითომ რელიგიის დაცვა რომ უნდათ. ნოდარ დუმბაძე დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ის ამ ხელისუფლების პირველი მტერი იქნებოდა. ალბათ, ისიც „შემოელახებოდათ“ ამ ჯიგრებს. ესეც ხომ რუსული მოდელია- ჯერ ჩეჩნეთში დაიწყო, მერე მოსკოვში გაგრძელდა ე.წ. ურა პატრიოტული მოძრაობები“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გარდა ამ საკითხისა, მან საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნაზეც ისაუბრა.

„თუ ქრონოლოგიურად ყველაფერს ავაწყობთ, დავინახავთ ასეთ კანონზომიერებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთი პერიოდი საბელი დაუგრძელა ბავშვებს. ჩვენ ვიცით სისტემა როგორ მუშაობს, სექტასავით არის სტრუქტურირებული, არის ერთი ღმერთი და დანარჩენი ყველა არის მრევლი. არანაირი ინსტიტუტები, ინსტიტუციური წესრიგი, თანამდებობები რეალურად არ არსებობს. ეს არის ერთი ადამიანის პოლიტიკური ნება, რომელსაც ყველა მიყვება. ქართულ პოლიტიკაში ერთგვარი დენდროლოგიური პარკი შექმნა. ხეები ხომ უყვარს, ადამიანები მცენარეებად აქცია, მორწყავს, მოუვლის, სახლთან ახლოს დარგავს, მერე თვალში არ მოუვა, ამოთხრის და იქით გადარგავს. ფიზიკურადაც ამით არის დაკავებული. თავის ბაღშიც იმავე პროცედურებს ატარებს, რასაც ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს პოსტსაბჭოური მსოფლმხედველობა აქვს.

„დღეს თუ დავაკვირდებით მინისტრთა კაბინეტს, პოლიტიკა ფაქტობრივად, პოლიტიკისგან დაცალა. იმისთვის, რომ მისი ნაბიჯები ეფექტური ყოფილიყო, უპირველესი სამიზნე მდინარაძე იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კობახიძის ჩარეცხვის დრო ჯერ არ დამდგარა, მან საკმაოდ ოსტატურად იმოქმედა, თითქოს კი არ აშორებდა, აწინაურებდა. რაღაც ილუზიები დაუტოვა, თუმცა სინამდვილეში, ჩამოაშორა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ახლა „ირაკლი კობახიძის სტერილიზაციის პროცესი მიმდინარეობს“.

„ეს არის კობახიძის სტერილიზაცია. ბიძინას გეგმა როგორია - კობახიძე უნდა გაუშვას პიკზე. როცა გადაწყვეტილებას მიიღებს, კობახიძეს უნდა აკიდოს ამ პერიოდში დაგროვილი მთელი ცოდვები და ამ ცოდვებთან ერთად ჩარეცხოს, ეს არის მისი გეგმა. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკა და პოლიტიკოსები საერთოდ არ სჭირდება, პოლიტიკა საერთოდ გაჰყავს ჩვენი ცხოვრებისგან ნელ-ნელა. მისი გეგმა არის, რომ წლის ბოლომდე უნდა ჩამოაყალიბოს ე.წ. მმართველობითი სისტემა სუვერენული დემოკრატიის ალგორითმით. ეს ნიშნავს, რომ არის ერთი დომინანტი პარტია და არის მისი სატელიტი, ფასადური ოპოზიცია, ამით ხდება მრავალპარტიულობის იმიტირება, როგორც რუსეთშია. აქაც ხომ არ არსებობს პოლიტიკა და არსებობს ერთი ხელისუფალი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს დასაზღვევი აქვს საკუთარი კეთილდღეობა და უსაფრთხოება, რის გამოც ოჯახის მომავალზე ფიქრობს.

„კი ამტკიცებს ყველა და მათ შორის, ცოტნე ივანიშვილი რომ პოლიტიკა არ აინტერესებს, მაგრამ ვხედავთ ვოიაჟებს, "მესიჯბოქსებიდან" ამოღებულ ტესტებს მისი მხრიდან, რაც სრულიად აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ის პოლიტიკურ გზაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ კურთხეულია. მაღალ თანამდებობაზე არ წავა, დეპუტატი შეიძლება გახდეს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარეზე ბევრად მაღალი წონის იქნება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც