ნინო ჩხობაძე - შოვის განაშენიანების გეგმა უნდა გაუქმდეს, გარემოსდაცვითი შეფასება უნდა დაიწყოს - არ შეიძლება კალაპოტში ვაშენოთ, იგივე იყო ვერეს ხეობაში, მთელი უბედურება იმაშია, რომ ვაგრძელებთ და ვერ გავიგეთ

ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, შოვის განაშენიანების გეგმა უნდა გაუქმდეს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, სპეციალისტების დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ტერიტორიაზე დამატებითი განაშენიანება დაუშვებელია, თუმცა, მისი თქმით, ეკონომიკის განვითარების არგუმენტით ამ რეკომენდაციების უგულებელყოფა ხდება.

„შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, თუ რატომ აკრძალეს სპეციალისტებმა შოვში განაშენიანების გაკეთება. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შემდგომი განაშენიანება. ამბობენ იმას, რომ განვითარება გვჭირდება და რატომ კრძალავთო. ეს გეგმა [შოვის განაშენიანების გეგმა] ნამდვილად უნდა გაუქმდეს. გეგმაში ერთი წინადადებით წერია, რომ ეს მდინარე არის ღვარცოფული და ზონები არის შესასწავლი“, - დასძინა მან.

ჩხობაძემ ისაუბრა შოვის ტრაგედიის წინაპირობებზე და აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი პრობლემური ტერიტორიები ბევრია და მდინარეების ხეობებში მშენებლობები დაუშვებელია.

„თვითონ ხეობა არის ძალიან რთული. თავისთავად მას წყალმოვარდნები ჰქონდა მანამდეც, ესეც კი დაფიქსირებული იყო დოკუმენტში. წყალდიდობები იყო, მაგრამ ასეთი რამ არ ყოფილა. სანამ ტრაგედია მოხდებოდა, 2 კვირის განმავლობაში ინტენსიური წვიმები უსწრებდა. ეს იყო საფრთხის საფუძველი და ყურადღება უნდა მიგვექცია. რა თქმა უნდა, რთულია თქვა, რომ ზუსტად ეს ხეობა ადიდდება. დღესაც კი საქართველოში ბევრი ხეობა არის ღვარცოფული, ამიტომ არის ჩვენი ყველა ადგილი პრობლემატური.

ხომ არ შეიძლება კალაპოტში ვაშენოთ რაღაცები. იგივე იყო ვერეს ხეობაში - კალაპოტში არ შეიძლებოდა გზის მშენებლობა. მთელი უბედურება იმაშია, რომ ვაგრძელებთ, ვერ გავიგეთ“,- განაცხადა ჩომახიძემ.

ჩხობაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ბევრი ღვარცოფული ხეობაა, რის გამოც მსგავსი რისკები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც არსებობს.

„ვიცით, რომ 47 მუნიციპალიტეტში ჩვენ გვაქვს საფრთხე. შვიდი საფრთხიდან ერთ-ერთი შეიძლება განვითარდეს. იქ ხალხი ცხოვრობს. ეს დოკუმენტაცია ბოლომდე გამოქვეყნებული არ არის. როგორც ვხდები, ერთი მიზნის გამო არ არის გამოქვეყნებული [შოვის განაშენიანების გეგმა] - დოკუმენტი, რომ გამოქვეყნდეს, იქ მშენებლობები სხვა სტანდარტით უნდა განხორციელდეს ან საერთოდ არ განხორციელდეს. ვიღაცას ჰგონია, რომ ეკონომიკურ განვითარებას ვუშლით ხელს“,- განაცხადა ჩხობაძემ.

მისი შეფასებით, კლიმატის ცვლილების ფონზე ბუნებრივი რისკები იზრდება, ამიტომ აუცილებელია, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება განაშენიანების გეგმების მომზადების პროცესთან პარალელურად განხორციელდეს.

„ღონისძიებების ნუსხა უნდა ჩამოიწეროს, რომლებიც თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა განისაზღვროს. საფრთხეები მომატებულია იმის გამო, რომ კლიმატის ცვლილება მიმდინარეობს.

თუ გვინდა, რომ საფრთხეები იყოს შემცირებული, სტრატეგიული გარემოს დაცვითი შეფასება დაიწყოს პარალელურად, გეგმის [შოვის განაშენიანების გეგმა] მომზადების პროცესში. ასე კეთდება მსგავსი დოკუმენტები“,- განაცხადა ჩხობაძემ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც