ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი - აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი რიგები იყო. სადა აქვს რუსეთს აფხაზეთის მომარაგების თავი, - ამის შესახებ ეკონომისტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ რამდენიმე ნავთობკომპანიას მიეღო მონაწილეობა ნავთობის შეტანაში, რადგან მარტივი არაა ორ დღეში 1 მილიონი ლარის ოდენობის ნავთობის შეტანა. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია დავსვათ კითხვები და მათზე პასუხები ნავთობპროდუქტების ასოციაციამაც გაგვცეს.
“აფხაზეთში საწვავი დიდმა ქართულმა( ქართულმა იურიდიულმა პირმა) ნავთობიმპორტიორმა კომპანიამ შეიტანა. ფიქტიურად შუამავლად რომელიღაც უცნობი შპს გამოიყენეს. ეს უკანასკნელი მალავს, თუ ვისგან იყიდა აქ საწვავი.
ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი რიგები იყო. სადა აქვს რუსეთს აფხაზეთის მომარაგების თავი.
არც ისაა გამორიცხული, რომ სულაც რამდენიმე ნავთობკომპანიამ მიიღო მონაწილეობა ამ ოპერაციაში. ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება.
დავსვათ რამდენიმე კითხვა:
ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ნავთობპროდუქტების ასოციაციამაც, რომელმაც გუშინ გამორიცხა ქართული ნავთობკომპანიების მონაწილეობა ამ ოპერაციაში. პასუხი უნდა იყოს მოკლე: რომელმა კომპანიამ “მიჰყიდა” საწვავი ამ შპს-ს.
საკითხი დღესავით ნათელია: აფხაზეთში საწვავის შეტანა მოხდა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით. სხვანაირად საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელი იქნებოდა. მასში მონაწილეობდა ხელისუფლების დავალების შემსრულებელი მსხვილი ადგილობრივი ნავთობკომპანია. ეს უკანასკნელი ვერ აიცილებს სანქციებს, რადგან შემოვლითი გზით საწვავი სანქცირებულ “როსნეფტს” ან მასთან დაკავშურებულ სტრუქტურებს მიაწოდა. აფხაზეთში ეს სფერო მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშაა”, - წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა. როგორც კომპანიის მფლობელმა, გიორგი არველაძემ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 300 ტონა საწვავი, ენგურის ხიდის გავლით შეიტანა.
„ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი „კანისტრებით“ დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად“, - განაცხადა გიორგი არველაძემ „რადიო თავისუფლებასთან“.
ასევე, 12 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საწვავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონის დაცვით მოხვდა.