ღამით ხელისუფლების მანქანების ესკორტით 35-ტონიანი საწვამზიდების ენგურის ხიდამდე მიცილება და დაუყოვნებლივ გატარება კიდევ ერთხელ ააშკარავებს ფაქტს, რაც აშკარა იყო-რუსეთს საქართველოს ხელისუფლება მაშველ რგოლად იყენებს - , - ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდებას „სპეცოპერაციას“ უწოდებს, რომელიც „ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით”.
რაც შეეხება საწვავის მიწოდების მონაწილეს კომპანია “რეპსოლს”, გოცირიძე ფიქრობს, რომ ვერ გადაურჩება სანქციებს.
ასევე, ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ ხელისუფლების „ანტისახელმწიფოებრივმა ქმედების” ფონზე სერიოზული ეჭვები ჩნდება, ხომ არ შედიოდა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში სხვა სახის საქონელიც.
„მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში შესატანი ბენზინი სოჭში შევიდა და საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, ვითარება ამ ქალაქში კვლავ მძიმეა. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ტურისტები ვერ ბრუნდებიან სახლებში. ამის მიზეზი არა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების უსაწვავოდ დარჩენაა, არამედ დიდი ავტობუსების გაჩერებაც. ამას დაემატა უკრაინის მიერ საჰაერო თავდასხმების გამო სოჩის აეროპორტის შეფერხებით მუშაობაც, რაც კიდევ უფრო ზრდის უკმაყოფილებას ტურისტებში. ადგილობრივი მოსახლეობაც პარალიზებულია.
“ოცნების” ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას მძიმე ვითარების განმუხტვაში ეხმარება, ორ ფრონტზე ბრძოლის სირთულეს უიოლებს და აფხაზეთში ჩარჩენილი რუსი ტურისტების გაყვანაში ეხმარება. აქედან ჩატანილ საწვავს აფხაზეთის ხელისუფლება ძალოვნებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სხვა სტრუქტურების მომარაგებისთვისაც იყენებს.
წუხელ ღამით ხელისუფლების მანქანების ესკორტით 35 ტონიანი საწვამზიდების ენგურის ხიდამდე მიცილება და მათი დაუყოვნებლივ გატარება კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ ფაქტს რაც ისედაც აშკარა იყო-რუსეთს საქართველოს ხელისუფლება მაშველ რგოლად იყენებს. გარდა ამისა, ეს სპეცოპერაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევითაც.
რაც შეეხება საწვავის მიწოდების ამ ჯაჭვში მთავარ მონაწილეს, კომპანია “რეპსოლს”, რომელიც ფლობს ავტოგასამართი სადგურების ქსელ “კონექტს”, ის ვერ გადაურჩება სანქციებს. მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც ელოდება. როგორც მთავრობის მიერ დანიშნული შუამავალი ქართული შპს-ს მეპატრონემ განაცხადა, აფხაზეთიდან ხდება რუსული რუბლების ჩანთებით გადმოტანა, აქაურ ჯიხურებში ლარებში გადაცვლა და ნაღდი ფულის სახით რამდენიმე მილიონი ლარის გადაცემა “რეპსოლისათვის”. ეს შავი ფულის აშკარა გათეთრებაა. არც აფხაზეთიდან შემოტანილი ფულის წარმომავლობაა ცნობილი და არც 30 ათას ლარზე მეტი თანხის დეკლარირების ვალდებულებაა შესრულებული. გარდა ამისა, შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა, თუ რა რაოდენობის ფული შემოვიდა და რა ღირებულების საწვავი იქნა შეძენილი. აქ უკვე შემოსავლების დამალვის ფაქტებთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე.
ხელისუფლების ამ ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებამ სერიოზული ეჭვები გააჩინა: ხომ არ შედიოდა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში სხვა სახის საქონელიც?
თავის დროზე ყველაფერი გაირკვევა-თავად ამ პროცესში მონაწილე ადამიანებისგან შევიტყობთ ამას. განა ერთმანეთის მხილებით არ არიან დაკავებულები “ ოცნების” მაღალჩინოსნები? კიდევ ბევრჯერ მოუწევთ”, - წერს რომან გოცირიძე.