ადვოკატი, მარიამ გოგორელიანი არ გამორიცხავს, რომ სუს-ის ყოფილმა უფროსმა, ბრალდებულმა გრიგოლ ლილუაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცეს, ვინაიდან ადვოკატის თქმით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და თავს უდანაშაულოდ ცნობს. ამის შესახებ ადვოკატმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულების გამოკვლევას დაასრულებს, შემდეგი პროცესზე კი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. მისივე თქმით, საქმეზე დაცვას მრავალი მოწმე ჰყავს დასაკითხი.
„რაც შეეხება (გრიგოლ ლილუაშვილის) ალაპარაკებას, თუ თქვენ გულისხმობთ სასამართლო სხდომაზე დაკითხვას, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. სასამართლოს სხდომაზე მისცემს თუ არა გრიგოლ ლილუაშვილი ჩვენებას - შესაძლოა, ჩვენება მისცეს კიდეც, ვინაიდან ის თავს უდანაშაულოს ცნობს, არ ჩაუდენია დანაშაული. შესაძლოა, ისაუბროს კიდევაც თავის დაკითხვაზე აღნიშნულთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.
რაც შეეხება შეკითხვას, მიიღო თუ არა გრიგოლ ლილუაშვილმაც ისეთი წერილი, როგორიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო, ადვოკატის განმარტებით, ლილუაშვილს არანაირი წერილი არ მიუღია და „ქართულ ოცნებასთანაც“ არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ ჰქონიათ.
„არ გვქონია არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები. მე ვახორციელებ მისი ინტერესების დაცვას სისხლის სამართლის საქმეში და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მასთან არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნულზე ვერანაირი კომენტარს ვერ გავაკეთებ და ვერც პარალელს ვერ გავავლებ ირაკლი ღარიბაშვილთან. გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, თავის პოზიციებს აჟღერებს სასამართლო პროცესის განმავლობაში. ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი არცერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს, არც რომეო მიქაუტაძის და არც სხვა ეპიზოდშიც, რაზეც მას ბრალი აქვს წარდგენილი", - განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.
რაც შეეხება გამოძიების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა თანხა ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს, ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს თანხა ლილუაშვილთან არ მიდიოდა.
„ნამდვილად არ მიდიოდა. ბატონ რომეოს სავარაუდოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა. ალბათ მასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს კიდეც მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით", - აცხადებს მარიამ გოგორელიანი.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.