პირველ შეკვეთაში, თითო ბავშვზე სასკოლო ფორმების მაქსიმალური ოდენობა არის ბიჭის შემთხვევაში, ორი პიჯაკი და 4 შარვალი გათვალისწინებული, ხოლო გოგონას შემთხვევაში, ორი პიჯაკი, ორი შარვალი და ორი ქვედაკაბა. სისტემა ამას მკაცრად აღრიცხავს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტრო მუშაობს ფორმების ერთეულების დამატებითი ოდენობების შემოსატანად, რათა მშობლებმა სურვილის შემთხვევაში მათი შეძენა შეძლონ.
“ფორმების ფასში არის როგორც დამზადება - შეკერვის, ასევე ტრანსპორტირების და ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ფასი ასახული და მოგებაზე არ არის ორიენტირებული. მინიმალურ ფასში არის მოცემული ძალიან მაღალი ხარისხის ტანსაცმელი. ჩვენ ვთქვით, რომ არ არის სავალდებულო, რომ ჩვენგან შეიძინოთ ეს ფორმები. მათ შეუძლიათ, რომ გამოიწერონ ეს ფორმები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმა რასაც გამოიწერენ, იყოს იდენტური იმ კრიტერიუმების, იმ დიზაინის და იმ ნაჭრის, რომელიც დადგენილია შესაბამისი ნორმატიული აქტით. ასევე, მათ შეუძლიათ, რომ შეაკერვინონ ეს ფორმები. ადამიანები არიან თავისუფალი თავის არჩევანში, ამას გამოიწერენ, შეაკერვინებენ, თუ ჩვენ მიერ ჩამოტანილ პროდუქციას შეიძენენ. აქ არჩევანია მოსწავლეთა მშობლებზე. 15 სექტემბერს პირველკლასელები დაიწყებენ სწავლას უკვე ახალი სასკოლო ფორმებით, ხოლო პირველი სემესტრის დასრულებამდე, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილები იქნებიან სასკოლო ფორმებით.
შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით დამატებითი სარეალიზაციო პუნქტების მოძიებას, მათ იჯარით აღებას, იმისთვის, რომ შემდეგ პერიოდშიც, გარდა ონლაინ პლატფორმისა, შესაძლებელი იყოს რეგიონში, სულ მცირე, ერთი საცალო პუნქტი არსებობდეს, სადაც მომხმარებელს შეეძლება ფორმის როგორც საცალოდ შეძენა, ასევე დამატებითი ერთეულის შეძენა. პირველ შეკვეთაში, თითო ბავშვზე მაქსიმალური ოდენობა არის ბიჭის შემთხვევაში, ორი პიჯაკი და 4 შარვალი გათვალისწინებული, ხოლო გოგონას შემთხვევაში, ორი პიჯაკი, ორი შარვალი და ორი ქვედაკაბა. სისტემა ამას მკაცრად აღრიცხავს. ამიტომ მეტის შეძენის შესაძლებლობა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, იმიტომ, რომ ბავშვის სახელზე აღირიცხება თუ რამდენი და რომელი კომპონენტი იქნა შეძენილი. ეს ეხება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს. თუ მე ჩემს შვილს შევუძენ 2 პიჯაკს და 4 შარვალს, ამის შემდეგ რომ მქონდეს სურვილი, ჩემი შვილისთვის დამატებითი ერთეული შევიძინო, ეს შეუძლებელი იქნება. იმიტომ, რომ სისტემა ამის შესაძლებლობას არ იძლევა. თუმცა ვმუშაობთ იმისთვის, რომ გარკვეულ პერიოდში დამატებითი რაოდენობები შემოვიტანოთ და თუ ვინმეს დამატებითი ერთეულის შეძენა დასჭირდება, ამის საშუალებაც იყოს. წლის ბოლომდე, 31 დეკემბრის ჩათვლით, პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები სრულად იქნებიან უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმებით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, იმ კატეგორიის მოსწავლეებს, რომელთაც ფორმები უფასოთ გადაეცემათ, მათი მიღება მხოლოდ საცალო რეალიზაციის პუნქტში შეეძლებათ, თუმცა არც ონლაინ დამატებითი ერთეულის შეძენის შესაძლებლობა ეზღუდებათ.
„ერთი დათქმაა, რომ უფასო მიღება მოხდება, მხოლოდ საცალო რეალიზაციის პუნქტში. ამის შემდეგ თუ ექნებათ დამატებითი ერთეულის შეძენის სურვილი, შეუძლიათ ონლაინ პლატფორმაზე შეიძინონ, მაგრამ უნდა გადაიხადონ შესაბამისი თანხა“, - განაცხადა მიქანაძემ.