ნიკა გვარამია ირაკლი ღარიბაშვილს - არ ამხელ ივანიშვილს, არ მოყვები მისი დანაშაულების შესახებ და მარტო შენი ისტორიებით გაერთობა ერი, ბოლომდე მასხარად გაგხდის - ვის უფრთხილდები და რას ელოდები? ბოლობოლო, შური მაინც იძიე

არ ამხელ ბიძინა ივანიშვილს, არ მოყვები მისი დანაშაულების შესახებ და მარტო შენი ისტორიებით გაერთობა ერი, ბოლომდე მასხარად გაგხდის და ფეხებს სახეზე შეგაწმენდს,- ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც დღეს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა.

გვარამიამ ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და შურისძიებისკენ მოუწოდა.

„არ ამხელ ბიძინა ივანიშვილს და არ მოყვები მისი დანაშაულების შესახებ და მარტო შენი ისტორიებით გაერთობა ერი, ბოლომდე მასხარად გაგხდის და ფეხებს სახეზე შეგაწმინდავს.

ბოლოს ისეთები მისცემენ შენზე ჩვენებას, სიმწრისგან გულღვიძლი დაგეწვება.

ისეთებს მოყვებიან შენზე ყველაზე ახლობელი ადამიანები, რომ სირცხვილისგან დაიწვები.

ვის უფრთხილდები და რას ელოდები? შენს შვილებს გაუფრთხილდი და ის მაინც დაანახვე, რომ წინააღმდეგობას სწევ.

ბოლობოლო, შური მაინც იძიე.

უბედურებაში გამწარებული მაინც იყავი და არა მორჩილი და მოძალადის თვალებში შემციცინე.

თუ არ აჯანყდები, ატკინე მაინც.

თუ ვერ დაამარცხებ, დაასუსტე მაინც.

სიმართლე თქვი! თუ მხილების და სამართლიანობის სახელით არა, მტრის გასამწარებლად და დასასუსტებლად მაინც.

მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა“, - ნათქვამია გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას.

პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა